Saturday, December 23, 2017

პაწაწინა იადონი და ვარდის კონა



აქამდე სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა. მერე, ერთ დღეს გადაწყვიტა, ჩვენთან მოსულიყო და უსასრულო ბედიერება მოენიჭებინა. ეს 11 დეკემბერს მოხდა. 

როცა ვუმღერი, ხმა მიწყდება. ჩემს ცნობიერებას ისევ ახსოვს ის დრო, ყველა სიმღერას რომ მას ვუნახავდი და წარმოვიდგენდი, როგორ მომისმენდა. ალბათ, გამივლის.

ის დრო უჩვეულოდ მეჩვენება, როცა მუცელში მყავდა. უჩვეულოდ და ტკბილად. როგორც შესანახად მობარებულ დიდ განძს, ისე ვატარებდი და რომ ეთქვათ, მეტხანსაც მეყოლებოდა. უჩვეულო ისაა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი ისე ცხადად, როგორც ახლა და სხვაგვარად მიყვარდა.

ჩვენი საწოლი ოთახის ფანჯრიდან ქალაქის სკვერი ჩანს, სადღესასწაულო ნათურებით მორთული. ღამეები სანდრასავით მშვიდი და მყუდროა. ოთახში თბილა, დეკემბრის ღამეს საშობაო ნათურები ანათებენ. ჩემი გოგო მშვიდად სუნთქავს ჩემს გვერდით.

დღეს ალექსანდრას მამა რეზო გაბრიაძის მოთხრობებს უკითხავდა ძველ ქუთაისზე და შობის სასწაულებზე. თითქოს იმაზე დიდი სასწაული არსებობდეს, ვიდრე თვითონაა.

ნოემბერი. მოლოდინში.




Thursday, August 3, 2017

რა მასწავლეს ინესმა და ჟუსტინმა



ინეს დე ლა ფრესანჟის წიგნი "Parisian Chic" ლაშამ მაჩუქა. მისმა რჩევებმა პერსონალური სტილის შესახებ ჩემზე იმხელა გავლენა იქონია, განსაკუთრებით როცა ახალი წაკითხული მქონდა, რომ მეგობრებს ტვინი წავუღე მისი ციტირებით. მგონი, იმიტომ უფრო მომეწონა, რომ ბევრი საკუთარი ვიპოვე მის ნაწერში, თუმცა სიახლეებიც აღმოვაჩინე. 

ინესის შემდეგ დიდი განმანათლებელი - ჟუსტინ ლეკონტი გავიცანი. მისგან ბევრი რამ გავიგე ფერების თეორიის, მოდის ისტორიის შესახებ, პრაქტიკულ რჩევებთან ერთად. ყოველ ახალ ვიდეოს ხარბად ვუსმენ, რადგან ისეთ ღირებულ ინფორმაციას მაწვდის, თითქოს ევროპის უძველეს ქალაქში, დიზაინის უმაღლეს სკოლაში ვსწავლობდე. 




Monday, June 26, 2017

არადუ

pinterest; pascal campion.




- ახლა ზუსტად ის დროა, ცხელი შუადღით რომ ვიძინებდი, გამოღვიძებულს კი დედას დაყენებული მაწონი უნდა მეჭამა. სოფლის რძით აკეთებდა. მიხაროდა, როცა ვხედავდი, როგორ იდგა მაწვნის ქილები სამზარეულოს მაგიდაზე, ტილოთი შეფუთული. იმ ზაფხულების მოგონების გასაცოცხლებლად საბავშვო წიგნების გადაკითხვაც დავიწყე.

- დოკუმენტურ ფილმში ახსენეს აფხაზეთის სოფელი არადუ. როცა სოხუმში ამ სახელწოდების ლიმონათით ვიჭყიპებოდით, უბრალოდ აფხაზური ჟღერადობის სიტყვად ვთვლიდი და არც მიკითხავს, რა იყო. ალბათ, მდინარე მეგონა. ორივეს დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, აფზახეთისაც და ბავშვობისაც.

- სალვა ან-ნუაიმის "თაფლის სამხილმა" კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩვენი საზოგადოების არაბულ სამყაროსთან მსგავსებაზე. დავრწმუნდი, რომ აკრძალვას საპირისპირო შედეგის გარდა არაფერი მოუტანია, მითუმეტეს, რომ ქალი ყველა დროსა და საზოგადოებაში საკმარისზე ჭკვიანია იმისთვის, რომ მის დასათრგუნად მოგონილი ყველა შეზღუდვა თავისსავე სასიკეთოდ შეატრიალოს. ბევრი წინა თაობის მშობლისგან მსმენია, რომ ქალიშვილის აღზრდა გარკვეულ ეტაპამდე უნდა მიეყვანათ, შემდეგ კი, მათივე სიტყვებით, "მას ვიღაც წაიყვანდა." ზოგ არაბულ ქვეყანაში თურმე მრუშობისთვის სვამდნენ ციხეში. მე ასე მოაზროვნე მშობლებით გავავსებდი ციხეებს. ახლა ფემინიზმზე ატეხილ გაცხარებულ კამათს ხშირად ვუყრუებ, მაგრამ ერთ რამეს ვერ ვეგუები: განათლების უფლების შეზღუდვას. ქალის ვერც მშობელი და ვერც მისი მომავალი ოჯახი მის მაგივრად ვერ გადაწყვეტს, განაგრძოს თუ არა განათლების მიღება და მუშაობა. ამ ლოზუნგით გავავსებდი მთელ ქუჩებს, ზოგს სტენსილით, ზოგს ნაბეჭდი ბილბორდით.

Thursday, May 25, 2017

ატარე ემოცია - PORTER L'EMOTION

აღარ მახსოვს, როდის შემიყვარდა ფრანგული ბრენდის - Nature Bijoux-ის სამკაულები. შემიყვარდა არა, უფრო სენი შემეყარა. ჩემთვის, როგორც მეოცნებე ადამიანისთვის, აუცილებელიც კია, რომ ტანსაცმელი და აქსესუარი რამე ამბავს მიყვებოდეს, რამეს მაგონებდეს, რაღაც ჩემთვის სანატრელს ჰგავდეს და სიახლისთვის შთამაგონებდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია ის ფასეული. მგონია, რომ ბრენდის სლოგანი - „ატარე ემოცია“ (porter l'émotion) ჩემნაირი, შორეულ სივრცეებზე შეყვარებული ადამიანებისთვის შეიქმნა. ვის არ მოუნდება, ატაროს ემოცია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მზით გაჟღენთილ და წყნარი ოკეანის წყლით ნაკვებ ბუნებრივ მასალებშია ღრმად ჩაბეჭდილი?
 
 

www.nature.fr

Thursday, April 27, 2017

Biergarten Geöffnet

ამასწინათ გამახსენდა, როგორ მიყვარდა ფილმი American Beauty. ტექსტები თითქმის ზეპირად ვიცოდი. Beatles-ის Because ბოლოს ტიტრების დროს ისმის, ქავერ ვერსია. მთავარ ეფექტს მაინც ენი ლენოქსის Don't Let It Bring You Down ქმნის. მგონია, რომ ძალიან ფოტოგრაფიულია, თითქოს ფილმის ოპერატორი წინასწარ იყო შეთანხმებული ნილ იანგთან. "გზის პირას მოხუცი კაცი წევს, სატვირთო მანქანები ხმაურით უვლიან გვერდს, ლურჯი მთვარე სიმძიმისგან იძირება, მაღალი შენობები ზეცას ფხაჭნიან. ცივი ქარი გამთენიისას ხეივანს ძარცვავს, დილის გაზეთი სადღაც მიფრინავს, მკვდარი კაცი გზის პირას წევს, თვალებში დღის სინათლე დარჩენია." როგორც ბოლო კადრშია ყველა პერსონაჟი თავის ტრაგედიასთან მარტო გამოკეტილი, ისე ჩამოუვლის ეს სიმღერაც იდეალურად გაშენებულ და გამწვანებულ უბანს, დილის კრიალა ჰაერში არეკლილი საკუთარი ტრაგედიებით.

ამ დღეებში მე და ლაშა უსასრულოდ ვიცინით დომნა ბებიას ამ სიტყვებზე: "კარგი, მიხედე ახლა თავს, არ გაცივდე, ბიჭო, ფანჯარასთან არ დაჯდე, ბორია, გოუცვალე ვინმეს ადგილი. ავად ვარ თქვა, უთხარი, ჩიტი ვარ თქვა, ობოლი და ნატიფარი თქვა." ეს სიტყვები სულ ვარიაციებად გვაქვს გაშლილი და სიტუაციებზე მორგებული. 

ამ ქარიან აპრილს ერთი მისტიკური ამბავი აუცილებლად უნდა. გონებაში სულ რამდენიმე ასეთი სურათი მაქვს და ხან სიზმარი მგონია და ხან მჯერა, რომ ნამდვილად იყო, ძალიან დიდი ხნის წინ. ოჯახის წევრებს ვახლდი სადღაც ქალაქგარეთ, ვიღაცას ვეძებდით. ტარკოვსკის კადრებივით დღე იყო, ნაცრისფერი და წვიმის გუბეებიანი. იმ ქუჩაზე პრესის ჯიხურის გარდა ვერაფერი დავინახეთ და გზის საკითხად ახლოს მივედით. შუქი არ იყო, ჯიხურში ბავშვი იჯდა, სანთელი ენთო და მეცადინეობდა. ერთმანეთს დიდი ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდით. მისი დანახვა ძალიან გამიკვირდა, ათასი კითხვა გამიჩნდა, რატომ იჯდა იქ და ჰქონდა თუ არა სამეცადინოდ სხვა ადგილი. ამაზე ახლა ისე ვფიქრობ, თითქოს კამერა ადგილს შორდება, ზემოთ ადის და ყველაფერი, რაც მიწაზეა, - თეთრი ძროხები, ხეები და ქალები, - მოძრავ და თხელ ნისლში ქრებიან და ისევ ჩნდებიან.

ეს მწვანე ტახტი ჩემმა პრუტუნა დაქალმა ლორინამ სხვა სტუდენტისგან იყიდა. დიდ დროს არც ატარებდა ოთახში, ადგილიც არ ჰქონდა, მაგრამ კომფორტისთვის იყიდა. მეც ასე ვიქცეოდი. ჩვენი საერთო კედელი კარგად ატარებდა მის ოთახში ხმამაღლა ჩართულ მუსიკას. Soundgarden-ს უსმენდა ხშირად. კარზე წარწერა გავუკარი: I don't care if you don't like my music. ხელზე რომ მიკეთია, ის ბრასლეტი ინდოელმა გოგომ, დივიამ მაჩუქა. მაისური სხვა რამეებთან ერთად ამანათით მივიღე ნიუიორკიდან.



ყოველთვის, ყოველ წელს მგონია, რომ გაზაფხული ყველაზე მოკლე სეზონია და ძალიან მალე გადის.

Tuesday, March 28, 2017

"ქალი დავინახე, სინათლეს რომ ნაყავდა როდინში"

ჯენის იენი (Janis Ian) ლაშას აღმოჩენილი მომღერალია, ვუდსტოკის და ბოჰო სტილის დროინდელი. რამდენიმე დღე მის ერთ სიმღერას ვუსმენდი - 'ჯესის' (Jesse). ყველაზე მეტად ამ სიტყვებმა ამაღელვა: "კიბეზე შუქს ვტოვებ. არ მეშინია, რადგან შენ გელოდები. სახლში დაბრუნდი." მგონია, რომ ხშირად უნდა გაგვახსენდეს ეს შუქი, თუ ვერ დავინახავთ, უნდა გვახსოვდეს მაინც. ხანდახან ვიღაცას ჩვენს აბურდულ მოლოდინებზე და გულგატეხილობაზე მეტად ვუყვარვართ. სპარსულ პოეზიაში ხშირად მხვდება სინათლე გაპიროვნებული სახით. სოჰრაბ სეფეჰრიმ დამახვედრა თავისი "სველი შუქურა". "ხილვის სარკმელი გამოღებულიყო და ის, როგორც ნიავი, შიგნით იჭრებოდა." (თარგმანი გიორგი ლობჟანიძის)

პოეტი ჩივის, შუქურა ნაპირის გვერდით გამავალ გზას დაადგაო. ამ სიტყვებმა ერთი იდილიური სურათი გამახსენა, სოხუმის ომამდელი; სიცხე რომ შემაწუხებელი არ იყო და ვერანდაზე ჩართული იაპონური მაგნიტოფონიდან მთელ ქუჩაზე ისმოდა  Phil Collins-ის Another Day in Paradise. მერე იქაური კაცები დიდხანს დარაჯობდნენ მიტოვებულ სანაპიროს. შუქურა ისევ ანათებდა და ხედავდნენ, როგორ წვიმდა ღამით, შავად, შავ ზღვაში. 

ნეტში სოჰრაბ სეფეჰრის რამდენიმე ნახატი ვიპოვე და აქ ვინახავ.




Monday, February 27, 2017

Fuchsia



ფუქსია ზამთართან დამშვიდობების ფერია. ამ დღეებში ფანჯრიდან გავხედავდი ქარიან და ნაცრისფერ პეიზაჟს და მერე ისევ ამ პიონებს ვუბრუნდებოდი.

MAC -ის Flat Out Fabulous წინა სეზონზე მივიღე საჩუქრად. ეს ფერი პირდაპირ ყვირის გაზაფხულს და ძალიან უხდება ლურჯ პულოვერებს, მუქ თმას და ფერმკრთალ სახის კანს. Retro Matte სერიიდანაა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერია ჩემთვის. იდეალური პიგმენტაცია, მდგრადობა - დაუჯერებელი. მიხარია, რომ ამ ფერს კიდევ რამდენიმე თვეს ვატარებ, ზაფხულის ცხელი დღეების დადგომამდე.



ამავე გრადაციიდან Clinique-ის Mod Pop დავამატე კოლექციას. მდგრადია და კრემოვანი ტექსტურის, მატია, მაგრამ ტუჩებს არ აშრობს, რადგან ფორმულაში ტუჩის პრაიმერიცაა ინტეგრირებული.


პიონი და ფუქსია ლაქის გარეშე არ იქნებოდა. ამ ლაქმა - Orly Neon Heat - თვითონ დამიძახა თაროდან. მაღაზიიდან უცებ გამოვედი, - გარეთ ლაშა მელოდებოდა. ხელით გაზაფხულის მაუწყებელი ფერი დიდი განძივით მომქონდა.


რამდენიმე დღეში Aguas de Março-ს მოვუსმენ და ვიტყვი: Fuchsia spring is here!

Monday, January 16, 2017

Bridget Says Cheers




სადღესასწაულო და საშვებულებო დღეების დღიური ბრიჯიტ ჯონსის სტილში:

- ძილის საათები - რეკორდული;

- მონატრებული მეგობრების ნახვის მაჩვენებელი - დამაკმაყოფილებელი;

- დანაშაულის (მირთმეული ტკბილეულის) გამოსწორების მიზნით ჩატარებული სამუშაოები: კოჭას და ლიმონის კოქტეილი დილით, გვირილის ნაყენი საღამოთი, სახის ანტისეპტიკური და დეტოქს-ნიღბები, ხანგრძლივი დრო ჰაერზე.

- კითხვა - დაგეგმილზე ბევრად მცირე, ძველი ფილმების ნახვა - სეზონის განწყობის შესაბამისი.

- ხეტიალის მაჩვენებელი - ამინდის შესაბამისად მაღალი.

- ნეტარად ზარმაც დღეთა თანამდევი მუსიკა: I got a gal in Kalamazoo, მთელი Sun Valley Serenade-ის საუნდტრეკი, Life is so peculiar, Route 66 და სხვა ძველი კარგი ჯაზი.

- რეაქცია რუტინასთან დაბრუნებაზე - ზოგადი პასუხისმგებლობის ადეკვატური.

Cheers to the new day, new week and the New Year!







Friday, January 6, 2017

ქარი არხევდა იტალიანურ შობის ხეს ტრიპოლისში

Christmas Angel; +Iren m 
გზას დაადექით, იოსებ და მარიამ,
გაიარეთ გაყინული პამპასები, 
ნარშავის და ჭინჭრის მდელოები.

აქ არც სასტუმროა, არც სხვა თავშესაფარი.

მინდვრის ყვავილო, ჰაერის მიხაკო,
თუ არავინ შეგიფარებს, სად უნდა დაიბადო?

სად დაიბადები, პატარა ყვავილო? 
უკვე იზრდები, შემკრთალო მტრედო, უძილო ჭრიჭინავ.

იარეთ გზაზე, იოსებ და მარიამ,
მალულად ღმერთი მიგყავთ, რომელსაც არავინ იცნობს.

იარეთ გზაზე, მომლოცველებო,
დამითმეთ პატარა ქოხი ჩემი შვილისთვის.

ველზე მდგომო პატარა სახედარო, წითელო ხარო,
ჩემი შვილი მოდის, ცოტა ადგილი დაუთმეთ.

იარეთ გზაზე, იოსებ და მარიამ,
ბევრი მზე და მთვარე გაიარეთ,
ნუშის თვალები, ზეთისხილის სახე.

მხოლოდ ისლის ქოხია ჩემი თავშესაფარი;
ახლოს ორი სუნთქვა - ხარის და სახედრის.
მთვარე - კრიალა. 

("მომლოცველობა" მუსიკა: არიელ რამირესი, სიტყვები: ფელიქს ლუნა, არასრული თარგმანი ჩემი)

ჩვენთვის დაბადებულო, მომკუდარო და მკვდრეთით აღმდგარო, მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელო, დიდება შენდა! მადლობა ცხელი გულისთვის, ცხელი ცრემლებისთვის, ამ ჯადოსნური ღამისთვის. მადლობა ჩვენთან მყოფობისთვის და იმ სიყვარულისთვის, შენ რომ გვაჩვენებ და ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვსწავლობთ, შენს მცნებებს ვარღვევთ და ვოხრავთ, თუ როგორი ძნელია შენი შვილობა. 

მთვარე - კრიალა, 
ნარშავები - გაყინული,
ბაგა - თბილი,
ნათელი მხიარული.