Sunday, August 3, 2014

My Fave Youtubers

Youtube-ზე რამდენიმე საყვარელი არხი მაქვს. მინდა, ზოგიერთი გაგაცნოთ:

GloZell






თვითნასწავლი კომიკოსი, რომელიც საკუთარი ვიდეოებით გახდა პოპულარული და ამის გამო ხშირად იწვევენ სატელევიზიო პროექტებში. როგორც აფროამერიკელებს სჩვევიათ, სულ ნაირ-ნაირი პარიკები ახურავს. ახალ ვიდეოებში ხშირად ჩნდება მწვანე პომადით. გვარიც ხელს უწყობს - Green. ფუმფულაა და ამაზე ხშირად ხუმრობს. მისი მისალმება ასეთია: HELLO, THIS IS GLOZELL! IS YOU OK? IS YOU? GOOD, 'CAUSE I WANTED TO KNOW! ჰყავს ქმარი - ეს ქეი და დედა - გლორია. კიდევ ას რაღაცა წლის ნათლია ჰყავდა, რომელიც მათთან ცხოვრობდა, მუდმივად რაღაცები ეჩვენებოდა და ერთხელ პოლიციაც კი დააყენათ თავზე. თავის ვიდეოებში ყოველდღიურ ამბებს ჰყვება საკუთარი ინტერპრეტაციით. აკეთებს სელებრითების პაროდიებს და ამასხარავებს პოპმუსიკის ნიმუშების უაზრო ტექსტებს. ხშირად თავს გადახდენილ ისტორიებს იხსენებს, ხან ოჯახის წევრების ამბებს ჰყვება. ერთხელ თქვა, მეუბნებიან, ოჰ, რა სასაცილო ხარო. მე კი არ ვარ სასაცილო, უბრალოდ, ასეთი ოჯახის წევრები მყავსო. თხრობის მანერა აქვს საოცრად მიმზიდველი და იმდენად უშუალოა, რომ მისგან მოყოლილი უხერხული რაღაცების (სხეულის სუნები, ფიზიოლოგია და ჰიგიენა) აღნიშვნაც კი არ მეხამუშება, პირიქით, ძალიან სასაცილოდ მეჩვენება. კამერის წინ შეუძლია გაიკეთოს ეპილაცია სახის გარკვეულ უბნებზე და ტკივილისგან დაიმანჭოს. იგონებს საოცარ კონკურსებს და თვითონვე აკეთებს დემონსტრირებას. ერთხელ მთელი ჯამი დარიჩინი შესანსლა. ერთხელ კიდევ აბაზანა რძით გაავსო, ხლოპიები ჩაყარა, მერე თვითონ ჩავიდა და პირით ცდილობდა ხლოპიების შეჭმას. ასეთ დროს მისი ეს ქეი იქვე მშვიდად ზის და აკეთებს კომენტარებს. როგორც ვატყობ, დედამისიც არანაკლებ სასაცილო ქალი იქნება. ერთ ვიდეოში საუბრობს, როგორ ურეკავს დედამისი დღეში ოთხმოცდაათჯერ, თანაც ისე, უმიზნოდ, უბრალოდ, მოსაკითხად. როგორც ჩანს, ავტომოპასუხის ფუნქციებში კარგად გაერკვია და ამიტომ, მუდმივად უტოვებს შეტყობინებებს: გლოზელ, სად ხარ, რატომ არ ხარ სახლში? რას შვები? დამირეკე! ჰო, მე ვარ, დედა. ისე გირეკავ. როგორ ხარ?

აი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ვიდეო ძაღლის შესახებ. 



Maha



ენების მასწავლებელი, პალესტინელი ქრისტიანი, დიდი, მოყვარული ოჯახიდან. გაჟღენთილია თავის ხალხის და კულტურის სიყვარულით. ეს სიყვარული, მისი ენერგიის წყალობით, გადამდები ხდება. მუქი კანი, ცოცხალი თვალები, თეთრი კბილები და გრძელი, შავი თმა აქვს. საუბრის დროს ძალიან გემრიელად ხმარობს ბრასლეტებით დახუნძლულ ხელებს. ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში, ჰყავს იტალიელი ქმარი. წარმოშობის წყალობით უკვე პოლიგლოტია: იცის არაბული და ივრითი. თავის არხზე არაბულის გაკვეთილებს ატარებს ცალკე ინგლისურად და ცალკე იტალიურად. ამის გარდა, იცის გერმანული და მგონი ფრანგულიც. მისი გაკვეთილები მოკლე და თემატურია, მეთოდი - არატრადიციული და ძალიან მიმზიდველი. გაკვეთილებს იმდენად გემრიელად ხსნის, რომ ძალაუნებურად შემომესწავლა რამდენიმე არაბული სიტყვა და გამოთქმა. ("მახბაზ" ყოფილა საცხობი, "ხაბაზა" - ცხობა, რატომღაც :) და "ხუბზ" - პური.) აქვს ცალკე არხი არაბული კერძების რეცეპტებისათვის. თვითონ ზის ხან დედასთან ერთად, პალესტინაში, ხან კიდევ თავის იტალიურ სამზარეულოში და აკეთებს ტრადიციულ არაბულ კერძებს. შეუძლებელია, არ მოიხიბლოთ მისით და არ გახდეთ არაბული კულტურის მოტრფიალე, როცა უყურებთ მის პალესტინურ ვიდეოებს აღდგომის დღეებში, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, ყველაფერი სახლურის ლოლიავს, ისპანახის ღვეზელების გამოცხობის პროცესს...



MissJenFabulous




ამერიკელი ვიზაჟისტი. მე და ჯენს მეიქაფის და მანიკურის სიყვარული გვაერთიანებს. :) ძალიან სასიამოვნო, fresh გარეგნობა, უგრძესი თითები და საყვარელი თხრობის მანერა აქვს. პოპულარული ვიდეოების ავტორებს კომპანიები მუდმივად უგზავნიან ახალ კოლექციებს. ესენიც სხდებიან კამერების წინ და პირადი გამოცდილებით გვთავაზობენ ლაქების და კოსმეტიკური საშუალებების რევიუებს. ახლახან გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ჰყავს მასთან შედარებით წყნარი, მაგრამ იუმორიანი ბოიფრენდი. ახალ ბინაში პლასტმასის გამჭვირვალე თაროები შეუკვეთა ლაქების დასაწყობად. ერთ ვიდეოში იატაკზე აპირქვავებს დიდ მუყაოს ყუთს, რომელიც მთლიანად ლაქებითაა სავსე. აბა, თუ მიხვდებით, რა კომენტარი დავუწერე ამ ვიდეოზე? :)  




Theo Knoop Kapper



ჰოლანდიელი სტილისტი. თავისი საქმის გიჟი. უზუსტესი, ძალიან თამამი და ექსტრავაგანტული ვარცხნილობების შემქმნელი. ეფერება ყველაფერს: კლიენტის მისწრაფებას, სურვილს, რის გამოც მასთან იმიჯის შესაცვლელად მიდიან, ვარცხნილობის თითოეულ ხაზს და ხვეულს, საღებავის ფერს. მისი ვიდეოების ცქერა ერთი სიამოვნებაა. განსაკუთრებით მიყვარს "მანამდე" და "შემდეგ" კადრები. 


ALoveTart



დღეს მეიქაფის ტუტორიალებს თითქმის ყველა აკეთებს, ვისაც არ ეზარება. ეს ამერიკელი ქალი იმიტომ მომწონს, რომ დალაგებული ადამიანია. მშვიდად და დასაბუთებულად გვიხსნის, თუ რატომ მოსწონს კონკრეტული მოვლის საშუალება. არის დედა და პროფესიონალი. თან ძალიან სასიამოვნო გარეგნობა და თხრობის მანერა აქვს. ფონზე ყველაფერი მასავით დავარცხნილ-დალაგებულია.


შევეცადე, სხვადასხვა ტიპაჟი მეჩვენებინა. მგონი, კარგი ხალხი გავიცანით. :) 

7 comments:

  1. hahaha :))) Glozellze bevri vicine, magari tipia :)))) sxvebi jer ar minaxavs

    ReplyDelete
  2. mec gavxdi mahas fani :)

    ReplyDelete
  3. :) :) კაი ტიპები არიან.

    ReplyDelete
  4. მაჰა შენ გამაცანი და უზომოდ შემიყვარდა. გოზელმა დაგლიჯა თავისი ძაღლის ისტოორით:) ეხლა ვიზაჟისტ გოგონას უზივარ, ძალიან მომწონს ასევე:)

    ReplyDelete
  5. ეს რა კარგი პოსტია – არცერთი არ ვიცოდი, ჰოდა გავეცნობი ნელ–ნელა. შენი წარდგინებით უკვე დამაინტერესეს. მაჰა და ბოლო ქალი როგორი მიმზიდველები არიან – ნათელი მზერითა და სიმშვიდით:) მოგინდება მოსმენა, მათით დავიწყებ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ოო, კარგი არჩევანია :) ბოლო ქალმა ახლა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მის შესახებ კითხვებს პასუხობს. მაჰას კი ისეთი ენერგია აქვს, მთლად ჩიქორთულის გაკვეთილებს რომ ატარებდეს, მისი ხათრით იმასაც ისწავლი :)))))

      Delete