Friday, March 21, 2014

როგორ მოვუაროთ იადონს



ცხოვრების პატარა სიამოვნებები

  • მოღუშულ ამინდში მიდიხარ სამსახურში, ისე რა გამოპრანჭული; ანუ, გაცვია დაბლებზე, შარვალი და რამე მოხერხებული ზედა. მაკიაჟზე და სამკაულებზე გეტყობა, რომ დილით არაფრის თავი არ გქონდა. ყავას სვამ და მაინც გეძინება. დღის ბოლო ახლოვდება და გიხარია, რომ იმ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები არ გქონდა, სახლში მიხვალ და დაღლილობას "ჩამოირეცხავ".
  • აღებ აივნის კარს. ზამთარს შეჩვეული ელოდები ცივი ჰაერის შემოჭრას და წინასწარ იბუზები. ამ დროს ოთახი თბილი ჰაერით ივსება და სიამოვნებისგან გაჟრჟოლებს.
  • ჯერ არ დაგისრულებია წიგნის კითხვა, ან შუა ფილმზე ხარ და უკვე ზუსტად იცი, რომ შეგიყვარდა.
  • მოგზაურობიდან ბრუნდები. საღამოს უკვე ჩანთები ამოლაგებული გაქვს, ტანსაცმელი გარეცხილი და გაფენილი, დასარიგებელი საჩუქრები გადაწყობილი, სახლი დასუფთავებული, შხაპი მიღებული, ვახშამი მირთმეული. ფეხები გიბჟუის დაღლილობისგან, მაგრამ გიხარია: ლაქს ისვამ და ჩაის წრუპავ. შენს მეორეს ფოტოები შეყავს კომპში და ბოლომდე ჩატვირთვას ელოდები.
  • მეგობართან ხარ სტუმრად თბილისის ძველ, ჭადრებიან უბანში. აივანზე გადიხარ ისე, უმიზნოდ. ოთახიდან შენი მეგობარი გელაპარაკება. ეზოში ხედავ  მოსეირნე მოხუცს და აივნის თაროებზე შენი მეგობრის დედის მიერ მზრუნველად დალაგებულ  კარტოფილს და ბოსტნეულს; დედა ახლა შინ არ არის. გახსენდება მისი მორთმეულები, ამ სახლის საღამოები და თვალებით იმ ბოსტნეულს ეფერები.
  • სააღდგომოდ მიდიხარ დასავლეთში. თბილისში გეგონა, რომ ხეები ჯერ არ იყო შეფოთლილი. უკვე ტრასაზე ხედავ, რომ აქეთ გაზაფხულია. 
  • შენი მეორე გაჩვენებს თავის ბავშვობის ჩანაწერს. რვეულში ბიჭური კალიგრაფიით, გულმოდგინედ უწერია: "როგორ მოვუაროთ იადონს".
  • ზიხარ და უყურებ, როგორ ასხამს დედა ნამცხვარს შოკოლადის მინანქარს. ელოდები, როდის მორჩება, რომ თასი გალოკო.
  • ამთავრებ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. ბოლო "ტკივილი" უნდა აიტანო: ხვალიდან შვებულებაში გადიხარ და სადღაც მიემგზავრები. მუშაობისას ჩერდები, თვალი გიშტერდება და წარმოიდგენ იმ მოგზაურობას. მერე უცებ გონს მოეგები და აგრძელებ.
  • სტუმრად გყავს საყვარელი მეგობარი. შენთან შეციებული და დაღლილი მოდის. კარგად ავახშმებ, ცხელ შხაპს მიაღებინებ, შენს პიჟამოს და ხალათს აცმევ, თავის ოთახში შეიყვან ახლადდაგებულ ლოგინთან, ჩაის მიუტან, იქვე მიუჯდები და ჰყვებით ახალ და ძველ, ათასჯერ მოყოლილ ამბებს.
  • კვირა დილას წირვიდან ბრუნდები. ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებს. ფიქრობ ცხელ ყავაზე და საღამოს დაგეგმილ წასვლაზე.
  • ქარიან ამინდში გაჩერებაზე ხედავ ნაცნობს, მანქანაში ჩაისვამ თბილად, თავის ჩანთებიანად და ადგილზე მიიყვან.
  • მეგობრები უსასრულოდ იცინით ერთმანეთის სისულელეებზე.
  • გგონია, თხოვნაზე უარს მიიღებ და ამ დროს სიხარულით გთანხმდებიან.
  • სადღაც, რადიოში ჩართულია ძველი სიმღერა, რომელიც არ გახსოვდა და ძალიან გიყვარს.
  • ნაშუადღევს ყანიდან ამოდის ბებია. კალთის ჯიბე სავსე აქვს შუშა კიტრებით. წიგნს გვერდზე დებ. უცებ სუფრას გაგიშლის, დაგსვამს და შენ ამბებს წვრილად გამოგკითხავს.
  • დეიდაშვილ-ბიძაშვილებთან ერთად ხარ კურორტზე. დიდები სერიოზულად საუბრობენ, თქვენ მაიმუნობთ და როცა ღამდება, ჰყვებით ამბებს შავ ხელზე, საფლავების მძარცველზე და მოყოლის დროს თვითონ გეშინიათ.
  • შენი მეორეს ხათრით უყურებ ფილმს, რომელიც ძალიან მაგარი აღმოჩნდება და მერე თვითონ თხოვ, კიდევ ვნახოთო.
  • 70%-იან სეილზე წააწყდები რამე ლამაზ ტანსაცმელს, რომელიც ზუსტად შენი ზომაა. ისინჯავ და გასახდელიდან ურეკავ ვინმეს, რომ მიახარო.
  • დედა საიდანღაც ბრუნდება. ძალიან შია, მადიანად ჭამს და თან გულიანად გიყვება რაღაც ამბავს.
  • აღმოაჩენ ფოტოს, ან ვიდეოს ბავშვობიდან, რომელიც არ იცოდი, თუ გქონდა. გიყვებიან რაიმე ამბავს შენზე, ან გახსენებენ შენს ნათქვამს, რომელიც არ გახსოვდა.
  • ემზადები ახალი დღისთვის. გეგმები მეტ-ნაკლებად იცი. კარგ ხასიათზე ხარ და თან კარგი სიმღერა აგეკვიატება.
  • დღის ბოლოს შენი მეორე გიყვება, რომ სამსახურში კარგი დღე ჰქონდა, პროექტი მოუწონეს და ცხოვრება ორივეს მშვენიერი გეჩვენებათ.
  • გახსენდება ცნობილი ადამიანის რჩევა და დაცლილი სუნამოს თავმოხდილ ბოთლს კომოდის უჯრაში, ტანსაცმელთან ან თეთრეულთან ერთად დებ. უჯრის ყოველ გაღებაზე გეგებება საყვარელი სურნელი.
  • შენს მეორესთან ერთად აღტაცებული გამოდიხარ თეატრიდან. მოდიხართ ხელკავით და არ ლაპარაკობთ, თვალწინ სპექტაკლის ეპიზოდები გიდგათ. სხვა მაყურებლებიც გამოდიან,  ელეგანტურ შავ ტანსაცმელში. ზოგი ტაქსის აჩერებს, ზოგი კიბეებთან დგას და ლაპარაკობს.
  • იგებ, რომ სადაც ძალიან არ გინდოდა წასვლა, აღარ ხარ წასასვლელი.
  • ზაფხულის ცხელ, მოწყენილ შუადღეს კითხულობ სტრიქონებს: "მომინდა თქვენი სპეტაკი ბინა, აქ სოფელია, წვიმა, რუტინა. შემოდგომაა, წვიმამ მოლია ხეთა მსუბუქი მელანქოლია."
  • სიუჟეტში ან ფილმში ხედავ უცხო ქვეყნის იმ ქუჩას, რომელთანაც მოგონება გაკავშირებს.
  • გეძინება და ნატრობ, რამდენიმე გვერდის წაკითხვა მაინც შეძლო. 
  • აღმოაჩენ, რომ ახალი საქმე, რისი დაწყებისაც გეშინოდა, კარგად გამოგდის.
  • გგონია, რომ რაღაც ჭკვიანური თქვი. უცებ, ყველას ეცინება, შენი ჩათვლით.
  • გამოდიხარ სავარჯიშო დარბაზიდან. გრძნობ ყველა კუნთს. გგონია, მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი და მოხდენილი ხარ. დარწმუნებული ხარ, რომ აღარ მიეკარები ტკბილეულს.
  • ალუჩის და მარწყვის სეზონია. უკვე პიჯაკშიც გცხელა და ზაფხულის განწყობა გაქვს. მიდიხარ სალონში და ფიქრობ, ახალ ღია ფეხსაცმელს როგორი პედიკური მოუხდება.
  • აკეთებ სახლის საქმეებს, არც ისე ხალისიანად. გინდა, მალე მორჩე და სამოტივაციოდ ხშირად გახედავ ჯერ წაუკითხავ პრიალა ჟურნალს.
  • მოდიხარ მეგობრებთან შეხვედრიდან. იმდენი იქაქანე, თავი გტკივა და გგონია, ცხოვრება იოლია და ყველაფერს შეძლებ.
  • კაფეში მსუყედ მიირთმევ, მერე ბევრს დადიხარ ფეხით და სულაც არ  გაქვს დანაშაულის გრძნობა: უკვე თითქმის გშია.
  • შაბათის დილაა. დიდხანს გეძინა. პროსპექტი გამოცოცხლებულია: სუპერმარკეტები, საბავშვო ეტლები, ხილის დახლები. მეზობლის პატარა ბიჭი ბებიას კალთაში უზის და საპნის ბუშტებს უშვებს. თვალები ცაზე უფრო ცისფერი აქვს. ზემოთ აფრენილ ბუშტებს უყურებს და იცინის.

11 comments:

  1. Tinita, პირველივე წინადადებიდან მეგონა ჩემზე წერდი . ალბათ ყველა თავის წილ მეს აღმოაჩენს ამ ჩანახატში, სუპერ....
    keep writing ......

    ReplyDelete
    Replies
    1. :* thanks, Katie ...
      ახლა დავფიქრდი და მართლა მიგესადაგება ზოგიერთი პუნქტი :)

      Delete
  2. არასოდეს მომბეზრდება ამ წვრილმანი ბედნიერებების კითხვა, რამდენი პოსტიც არ უნდა დაიწეროს!

    სულ სიამოვნების ჟრუანტელებმა დამიარა – დილიდან თავმტკივანი ვზივარ სამსახურში, ახლა თანამშრომელმა ყავა მომიდუღა და ეს პოსტიც ზუსტად წამლად შემომხვდა : )

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰე-ჰე! რა კარგია! :) რაღაც უცნაური კვირა იყო, ბევრი საქმე და არეული ამინდი გარეთ...

      Delete
  3. თამუნაMay 4, 2014 at 6:27 PM

    თინიკო როგორ მასიამოვნე, შავი ხელი ხომ ჩვენი ბავშვობის კლასიკაა!..

    ReplyDelete
  4. mec vipove chemi tavi ramdenime ki ara da bevr punqtshi <3

    ReplyDelete
    Replies
    1. :* ფუნთუშას დედიკოვ!

      Delete
  5. რამდენი რამე არის ჩემი აქ... თითქმის ყველა წერტილი.... <3 ცუდ ხასიათზე რომ ვარ ხოლმე სულ აქ შემოვდივარ რომ ამოვისუნთქო... რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ აქ... "მზეო ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა...." <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ვაჰ, როდის მოგიწერია და მე კი გამომრჩენია.
      POR QUEEEEE???!!!

      Delete