როცა ქალბატონ დონარას შესახებ დავწერე, სოფიმ და ქეთიმ მთხოვეს, სხვა გამორჩეული ადამიანებიც გაგვაცანიო. ლაშამ მითხრა, მოდი, ბებულიზე დაწერეო. იოლი არ იქნება უახლოეს ადამიანზე დაწერა, თუმცა ეს ყოველთვის მინდოდა. ბავშვობაში კინორეჟისორობაზე ვოცნებობდი და დღიურებში ვწერდი, რომ ბებოზე ფილმს გადავიღებდი.
თამარა ბებო ჩემს ცნობიერებაში თითქმის დაბადებიდან გაჩნდა. როცა ქუთაისში ვცხოვრობდით, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, ორ პატარასთან მარტო დარჩენილ დედაჩემს ეხმარებოდა. სულ დატვირთული ჩამოდიოდა, თავის მოწეულ პროდუქტებს მაღაზიაში ნაყიდ ტკბილეულსაც აუცილებლად დაამატებდა. როცა წამოვიზარდეთ, ჩვენ ჩავდიოდით მასთან. ჩემი სოფელი ძალიან ახლოსაა ქუთაისთან. ზაფხულობით ხშირად ვიყავით ბებოსთან. დედა ხანდახან სამსახურშიც იქედან დადიოდა. ღამეები იყო ხოლმე საოცარი. ასწლოვანი ძელქვის ქვეშ მაგიდასთან ვჯდებოდი, ბავშვურ-რომანტიკულ-ფილოსოფიური ფიქრებით დატვირთული. კიდევ დაღამება მიყვარდა განსაკუთრებით. მეზობლების ეზოებიდან ისმოდა, როგორ აბინავებდნენ შინ დაბრუნებულ საქონელს, როგორ დგამდნენ ძირს ალუმინის ვედროებს, აჭრიალებდნენ ჭიშკარს. მერე ფეხზე იხდიდნენ და სახლში შედიოდნენ. იქედან ხმამაღლა ჩართული ტელევიზორების ხმები გამოდიოდა. ასეთ ბანგიან შეღამების დროს მე და ჩემი ძმა ეზოში ვტრიალებდით ხოლმე, ხელები განზე გვქონდა გაშლილი და ზემოთ ვიყურებოდით. იქამდე ვტრიალებდით, სანამ თავბრუ არ დაგვეხვეოდა და ბალახზე არ დავეცემოდით. ამ დროს ცას ვუყურებდით, რომელიც ჩვენს თავზე სწრაფად ტრიალებდა.
როცა თბილისში წამოვედით, ბებული სევდიანად ამბობდა, ვერ ვიტან, როცა ავტობუსი ჩამოივლის; ვიცი, რომ თქვენ არ ჩამოხვალთო. ახლა ჩვენთან ზამთრობით რჩება, სამივე შვილთან, რიგრიგობით. სააღდგომოდ ისევ სახლში მიდის, რომელიც ქვეყანას ურჩევნია. უბედნიერესია, როცა მასთან ჩავდივართ, თუ თან მეგობრები გვახლავს, მაშინ სულ ბრწყინავს. ახალგაზრდებთან ყოფნა ძალიან უყვარს. ხელად გაამზადებს სადილს, სუფრაზე ღვინოს შემოდგამს და დაჯდება. სუფრა სიმღერის გარეშე ვერ წარმოუდგენია: წამოიწყებს და სტუმრებს აიყოლიებს. შარშან ლაშას ნამღერი მოვასმენინე აიფოდით. საკუთარ სიმღერას ასრულებდა. სახე გაუნათდა. მთელი დღე ამბობდა, როგორ ვისიამოვნეო. სანამ ჩვენთან ჩამოვა, სულ მენატრება და მახსენდება, როგორ მიგზავნიდა მაისში, ჩემს დაბადების დღეზე, თავის ეზოში გაზრდილ ვარდებს.