Sunday, January 22, 2023

მზე და ნაძვი


რამდენიმე დღე ჩვენს საყვარელ კურორტზე გავატარეთ. საუზმის შემდეგ სოფლის გზებს მოვეფინებოდით, თოვლში ვსეირნობდით. უმეტესად სიჩუმე იდგა. იყო კრიალა ჰაერი, მზე და ყინვა. ანა კალანდაძის ის ლექსი მახსენდებოდა: "ჩუ... ვინ ჩურჩულებს? მზე და ნაძვია. ეს ჩემი სულის წვეული ორი."

მზემ და ნაძვებმა კარგად მიგვიღეს. ხუთი საათის შემდეგ მზე მთების უკან იმალებოდა, აცივდებოდა, რაც ნიშნავდა, რომ სასტუმროში უნდა დავბრუნებულიყავით.  ვინც ზამთარში სოფელში რჩებოდა, სახლთან ლამაზად ეწყო დაპობილი შეშა. სხვათა სახლები მდუმარედ, მოკრძალებულად იდგნენ და თმენით ელოდნენ პატრონებს. მიყვარდა მათ მიერ დატოვებული ნივთების თვალიერება. სახლის გარეთა კედელთან გადასაგდებად გაუმეტებელი ავეჯი და სახლის ტექნიკა ეწყოთ, სამუშაო იარაღებთან ერთად. წითელი კენკრის ხეები, ძველი და მერე შემომატებული ფერადი პლასტმასის საქანელები და სამეურნეო დანიშნულების ფიცრულა ნაგებობები თოვლს დაეფარა. სიჩუმის მიუხედავად ეზოში მაინც სიცოცხლე იგრძნობოდა. გეგონებოდა, ჰა, ჰა და მწვანე ბალახი გამოჩნდებოდა, ეზო ახმაურდებოდა, სახლიდან ადამიანები გამოვიდოდნენ. მახსენდებოდა რეზო გაბრიაძის სპექტაკლში ნანახი ომისდროინდელი პერიოდის ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. რამხელა შინაარსს ატარებს მავთულებდახლართული ელექტრონის ბოძი, 40-იანების დიზაინის საწოლები და სკამები, ტანსაცმლის საკიდები, ნაქარგები საწოლის თეთრეულზე! ჩემს მეგობრებს ხშირად ვუზიარებ ამ განცდას, ბაბუას ფოტოალბომებში ნანახი უცნობი ადამიანების ჩაცმულობის დეტალებს, ჩავლილი დროიდან გადმოსულ სიცოცხლეს.

როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, აქაც ერთად გვხვდებოდა ძველი და ახალი: ახლადაშენებული სასტუმროები, ბეტონის გზა, მუნიციპალური დაწესებულებები, მიტოვებული საბჭოთა პერიოდის სანატორიუმების და პიონერთა ბანაკების ტერიტორიები, რკინიგზა, სადგურის შენობა, რომელიც ასე გვიყვარს და რომელიც ნელ-ნელა ემსგავსება დიდგვაროვან ხანდაზმულ ქალს, სამხრეთამერიკული რომანების გმირს. 

მეც ეს ვარ, ახალ დროში მცხოვრები და ძველს ჩაჭიდებული. თან დამაქვს, თითქოს მეც ის ქალი ვარ, სასახლეში ვცხოვრობ და სიამაყის გამო გარეთ არ გავდივარ. ფანჯრიდან ბაღი, კარიბჭე და ქანდაკებები ჩანს, - ყველაფერი ძველი, მორღვეული და მაინც სიცოცხლით სავსე. 

ეს დღეები სულ მამას წერილი მახსენდება, დედამისს წერდა სოხუმიდან სტუდენტობის წლებში: არ ინერვიულო, კარგად ვარ, ლექციები შუადღის შემდეგ მეწყება და სახლიდან რომ გავდივარ, უკვე კარგად მომთბარიაო. სიცივე და ზამთარი გადალახეს, იცოცხლეს.

წლევანდელი ზამთრის მოსაგონებლად ლაშამ ვიდეო ჩვენი გადაღებული ფოტოებით გააკეთა და ჩვენი საყვარელი მუსიკით გააფორმა (David Kitay, Ghost World soundtrack). სანდრამ ყურადღებით უყურა და ბოლოს თქვა, მოწყენილი ფილმიაო.

Tuesday, January 3, 2023

ზამთრის დღეები, მუსიკას ადევნებული ფიქრი

ახალ წელს ძველი რომანსების მღერით ვიწყებ. ხმის რეჟისორი - ლაშა, ფოტოების უმეტესობაც მისია. 



Saturday, November 19, 2022

რა არის ჩემს გულში


სანდრა შაბათ დღეს განსაკუთრებით ელის. იცის, მაგრამ წინა დღით მაინც კითხულობს, ხვალ სად მივდივართო. შაბათობით ხელოვნების სტუდიაში შემეცნებითი გაკვეთილები აქვს. ამოუწურავ ფერად სამყაროსთან ზიარება სიხარულით და შთაგონებით ავსებს. კითხვაზე, რა უნდა გამოვიდეს, არტისტიო, მპასუხობს.

დღეს სტუდიაში სტუმრები დახვდნენ.
 


როგორც შემდეგ გვიამბეს, ბავშვებმა მიიღეს დავალება, დაეხატათ, რა იყო მათ გულში.

ეს სანდრას ნამუშევარია. გულში ვარდისფრად ჩახატა ღიმილი, ყვავილი, წამწამები (განსაკუთრებით მოსწონს, როცა წამწამებზე ტუში მისვია და ყოველთვის აღნიშნავს. როგორც ჩანს, მისთვის ჩემი სიმბოლოა.) მერე კი ამ ყველაფერს იისფერი საბურველი შემოახვია.





Saturday, September 24, 2022

შაბათი, 24 სექტემბერი

 გრილი, ღრუბლიანი დღე იყო, აქა-იქ ცრიდა. მყუდრო შემოდგომას გვპირდებოდა, ბევრ სეირნობას და სიცილს.








სახლში დავბრუნდით და ხაჭოს ნამცხვარი გამოვაცხვეთ, სანდრას თქმით "პეჩუნია".

Thursday, August 25, 2022

ლეღვის ჯემი

ზაფხულობით ბებია ლეღვის ჯემს ადუღებდა ხოლმე. ეზოში ცეცხლზე შემოდგამდა, მაგიური რიტუალივით გაავსებდა ეზოს გამაბრუებელი სუნით. უკმევდა სიცოცხლეს, შვილიშვილებს, ოჯახის სისავსეს. დიდი მოხუფული ქილით ჩამოჰქონდა ზამთარში. ჯემი სქელი იყო (თვითონ "სკელს" ამბობდა) და ეს კიდევ ერთ ჯადოსნურ თვისებად მიმაჩნდა. ახლა ამ ჯემის მხოლოდ გახსენება შემიძლია, საკუთარი თავის სიღრმიდან გამოხმობა. კვამლის სუნი დაჰკრავდა და დღემდე მგონია, რომ რაც ყველაზე ძვირფასი და გემრიელია, ყველაფერს კვამლის სუნი უნდა ჰქონდეს.

როცა ეს ვიდეო გადავიღე (სანდრასთან ერთად ვაჟაზე მორიგი სეირნობისას), მეგონა, ამ სცენასაც სიღრმიდან ვუყურებდი, ზუსტად იმ დროიდან, ცხოვრებაზე რომ საერთოდ არაფერი ვიცოდი და მარტო შეგრძნებებით, დაკვირვებით და დანახვის სურვილით ვცხოვრობდი. ზაფხულის ღამის დადგომისას ასეთი ყვითელი შუქი და ნიავი მომწონდა.

წლევანდელი ზაფხულის სიტკბო ასე მოვხუფე: 



როცა დასავლეთისკენ მივდიოდით, ცაზე ბევრი უცნაური ფორმის ღრუბელი შევნიშნე. არავისთვის მითქვამს, ვერც მოვასწრებდი, იმდენად სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს. უმეტესად მითიური ცხოველების ფორმა ჰქონდათ. ან მე მენატრებოდა დასავლეთი და ყველაფერი ლამაზი მეჩვენებოდა, ან ისინი მეუბნებოდნენ, რომ დასვენება და თავგადასავალი იწყებოდა. უკანა გზაზეც დავნახე რამდენიმე, მაგრამ იმდენი აღარ.





Musica, do re mi re do si la sol
Melodia, nel cuore e nell'anima.

80-იანების ამ ჰიტს ჩემი დეიდაშვილი მაიკო მღეროდა. ჩვენი ერთად დასვენების ჰიმნივით იყო. Nel cuore e nell'anima - "გულსა და სულში".

ზაფხული გადის.

Saturday, February 26, 2022

Ще́дрик

ამ საშინელ დღეებში ხშირად მახსენდება ჩემი საყვარელი უკრაინული საშობაო საგალობელი, რომელსაც ადრეც ვერ ვუსმენდი უცრემლოდ.

"პატარა მერცხალი მამულში ჭიკჭიკით შეფრინდა: "გამოდი, ბატონო, გამოიხედე! ნახე, შენს ცხვრებს ბატკნები ეყოლათ. საქონელი კარგად გყავს, თუ გაყიდი, ბევრს აიღებ. თუ არადა, დიდ მოსავალს მოიწევ, შავთვალწარბა ცოლი გყავს.""

ეს საგალობელი დალოცვა და სიკეთის, ხვავის და ბარაქის დაპირებაა, ბედნიერი ცხოვრების, შრომის შედეგით სიხარულის, ოჯახური სიტკბოების, მშვიდობიანად, უსაფრთხოდ  ცხოვრების და პატიოსანი შრომის, რასაც დღეს უკრაინელ ხალხს არ აცლიან.

ახლა ვინ ეტყვის, ვინ დაპირდება, ვინ მისცემს უსაფრთხოების გარანტიას? ვინ ეტყვის, შენი ნაშრომი სახლკარი ისევ ლამაზად იქნება წამომართული, შენს ყანაში თავთავებს ნიავი ააბიბინებს და ყოველ საღამოს ჩაის შენს სახლში, შენს ლამაზ ცოლშვილთან ერთად დალევო? ვინ მიუტანს ფერად ბუშტებს საველე ჰოსპიტალში დაბადებულ ჩვილებს? 

პატარა მერცხალო, მშვიდობის გაზაფხული მოუყვანე უკრაინელ ხალხს!


ჩვენი 2008 წელი