Wednesday, April 28, 2021

"ეს ადგილები ეხლაც ნაზია"


წლევანდელი გაზაფხული ძალიან გავს წინას. ისევ იზოლაცია, გაურკვევლობა, საკუთარი მოთმენის უნარით გაოცება, სურვილების და მონატრების გადადება. ვცდილობ, უიმედობის განცდამ არ ჩამითრიოს, დღეები რბოლას დაემსგავსოს და სიკვდილსა და ავადმყოფობაზე ფიქრისთვის ფიზიკურად აღარ დამრჩეს დრო. მე და სანდრა ხშირად ვუყურებთ ქარსა და წვიმას. თითქოს სიმბოლურად ვასახიერებთ დღევანდელ ყოფას: პატარა, დაცულ სივრცეში ერთმანეთს ჩაჭიდებული ვუყურებთ, როგორ ბობოქრობს ირგვლივ ქაოსი. ქარის წამობერვაზე ჩამეხუტება ხოლმე და უხარია, ერთმანეთი რომ გვყავს. ყველა სიმღერაში მე მრთავს, სიტყვებს თავისებურად გადააკეთებს ისე, რომ "თიკო" ჩასვას. 

ბოლო წლებში ძალიან შემიყვარდა ღრუბლიანი დღის შუქი. მგონია, ყველაფერს ნამდვილი ფერებით აჩენს. ვმშვიდდები, როცა ასეთ დღეებში ვსეირნობთ და მგონია, რომ რასაც იმ დღეს მოვუსმენ, ვნახავ და წავიკითხავ, სამკურნალო ეფექტი აქვს.

ლისის ტბაზე ერთი უპატრონო ძაღლია. ხშირად შემიმჩნევია, როგორ დადის საქმიანად, რაღაცას ეძებს, ყურადღებით იყურება აქეთ-იქეთ. ტანთან შედარებით უპროპორციოდ პატარა თავი აქვს. ეს არ იცის. არ იცნობს მშობელს, არც ჯიში აქვს, არც სახლი. ასე ირბენს, იპოვის საჭმლის ნარჩენებს, მერე კი მოკვდება. მისი ცხოვრებაც და სიკვდილიც უხმოდ ჩაიკარგება და დაინთქმება. წვიმიანი ღამის შემდეგ აივანზე გაშეშებულ ფუტკრებს ვპოულობ. სანდრას ვაჩვენებ და ვეუბნები, რომ ღამით ჩვენს აივანს შემოაფარეს თავი, ახლა კი მზეზე გათბებიან, ფრთებს გაისწორებენ და ისევ გაფრინდებიან. ამ დეტალებივით ყოველი დღე სავსეა ფიქრით, რომ დაკარგვა და დასასრული გარდაუვალია. 

Thursday, January 14, 2021

იანვრის თასი

ჩვენი სასეირნო ადგილები უბნის პარკი და ლისის ტბაა. ამ უცნაური პერიოდის მიუხედავად, ყოველი დღე განსხვავებულია, თავისი სული აქვს.

დღეს უჩვეულოდ თბილოდა, მოალერსე ნაშუადღევი იყო. მინდოდა, მოგონებად შემენახა. დასაკვირვებლად საინტერესოა ადამიანების სწრაფვა, ყოველდღიურობას მაქსიმალურად გამოვგლიჯოთ სიხარულის მომტანი დროის მონაკვეთები. თითქოს მხედრები ვართ, ცხენი ჭირვეულობს, მაგრამ მაინც ვახერხებთ მის მართვას და ვაიძულებთ, წინ იაროს, ვიწრო ხიდები გადაიაროს, საფრთხე უკან მოიტოვოს. თუ წყლის დასალევად გაჩერდება, იმითაც ვისარგებლოთ, შევირგოთ და მონაპოვრად მივიჩნიოთ. მერე, ამერიკული რომანის გმირებივით, მოსვენებულზე დავსხდეთ და გაზვიადებულად მოვყვეთ, ცხენი კი დაიღალა და სადღაც კლდეებს შორის დამაღამდა, მაგრამ, სამაგიეროდ, დილით მზის ამოსვლა ვნახე, რომელსაც სხვა დროს ვერ ვნახავდიო.

ასეთი დღე მოგვეცა, მადლობით მივიღეთ და შევინახეთ. 



Wednesday, September 2, 2020

საღამო სოფლად


 

გზას ვერ პოულობენ მწკრივი წეროები,

გზას ვერ პოულობენ ნელი ნიავები,

ოდნავ ირხევიან ისლის ღეროები,

მთების შეღამებით მონაიავები.

ყელი მელანდება გადასაკონელი...

რაღაც მომაგონდა, რაღაც დამავალე.

გზებზე მიმავალი ბღავის საქონელი

და გზას ენაზება შუქი დამავალი.

მღვრიე ხაბოებში სძინავთ სანაოებს,

შენ ხომ არავისთვის არ ხარ შორებელი.

ისევ სიხარული, მაგრამ ამაოა:

მოდის მეოცნებე გაუსწორებელი.

(გალაკტიონი. 1915)

ზაფხულის დღეების დინამიკას ჩვენი გოგო მართავდა. განრიგი და მარშრუტები მის ირგვლივ ტრიალებდა. მასთან ერთად ჩვენც სიხარულით მივეახლეთ ნაცნობ და საყვარელ ადგილებს. 

საღამოებს განსაკუთრებით ველოდი, რომ სოფელში გამესეირნა. მთელი დღის ნარბენი ფეხები მტკიოდა, სამაგიეროდ, ამერიკული გამოთქმით, თავი მქონდა ღრუბლებში. მივიჩქაროდი ნიავთან, მოშრიალე ხეებთან, ჩამუქებულ მთებთან და დაღამებასთან შესახვედრად. ზუსტად ისე ღამდებოდა, როგორც გალას ამ ლექსში. ვფიქრობდი, რა კარგია, რომ კიდევ ერთი ზაფხული მოვიდა, რომ ცოცხალი და მთელი სხეული გვაქვს, რომ ისევ გვინდა, შევიგრძნოთ სილამაზე, გვიხაროდეს და გვჯეროდეს მომავლის უკეთესობის.