Wednesday, April 28, 2021

"ეს ადგილები ეხლაც ნაზია"


წლევანდელი გაზაფხული ძალიან გავს წინას. ისევ იზოლაცია, გაურკვევლობა, საკუთარი მოთმენის უნარით გაოცება, სურვილების და მონატრების გადადება. ვცდილობ, უიმედობის განცდამ არ ჩამითრიოს, დღეები რბოლას დაემსგავსოს და სიკვდილსა და ავადმყოფობაზე ფიქრისთვის ფიზიკურად აღარ დამრჩეს დრო. მე და სანდრა ხშირად ვუყურებთ ქარსა და წვიმას. თითქოს სიმბოლურად ვასახიერებთ დღევანდელ ყოფას: პატარა, დაცულ სივრცეში ერთმანეთს ჩაჭიდებული ვუყურებთ, როგორ ბობოქრობს ირგვლივ ქაოსი. ქარის წამობერვაზე ჩამეხუტება ხოლმე და უხარია, ერთმანეთი რომ გვყავს. ყველა სიმღერაში მე მრთავს, სიტყვებს თავისებურად გადააკეთებს ისე, რომ "თიკო" ჩასვას. 

ბოლო წლებში ძალიან შემიყვარდა ღრუბლიანი დღის შუქი. მგონია, ყველაფერს ნამდვილი ფერებით აჩენს. ვმშვიდდები, როცა ასეთ დღეებში ვსეირნობთ და მგონია, რომ რასაც იმ დღეს მოვუსმენ, ვნახავ და წავიკითხავ, სამკურნალო ეფექტი აქვს.

ლისის ტბაზე ერთი უპატრონო ძაღლია. ხშირად შემიმჩნევია, როგორ დადის საქმიანად, რაღაცას ეძებს, ყურადღებით იყურება აქეთ-იქეთ. ტანთან შედარებით უპროპორციოდ პატარა თავი აქვს. ეს არ იცის. არ იცნობს მშობელს, არც ჯიში აქვს, არც სახლი. ასე ირბენს, იპოვის საჭმლის ნარჩენებს, მერე კი მოკვდება. მისი ცხოვრებაც და სიკვდილიც უხმოდ ჩაიკარგება და დაინთქმება. წვიმიანი ღამის შემდეგ აივანზე გაშეშებულ ფუტკრებს ვპოულობ. სანდრას ვაჩვენებ და ვეუბნები, რომ ღამით ჩვენს აივანს შემოაფარეს თავი, ახლა კი მზეზე გათბებიან, ფრთებს გაისწორებენ და ისევ გაფრინდებიან. ამ დეტალებივით ყოველი დღე სავსეა ფიქრით, რომ დაკარგვა და დასასრული გარდაუვალია. 

ჩემი დღეები ფიზიკურ აქტივობას, წარმოთქმულ სიტყვებსა და გონებაში მოტრიალე ფიქრებს შორის კონტრასტია. წარსულის უცნაური პატარა ეპიზოდების გახსენება, რა არ მოხდა იმიტომ, რომ საკმარისად ჭკვიანი არ ვიყავი, რაც ჩვეული იყო და მიხაროდა, ვინ წავიდა, ვეღარ დაველაპარაკები და ვერაფერს მეტყვის, განსაკუთრებით სულ ახლახან გამქრალი ადამიანები. როგორც ბუენდიების სახლში ცოცხლები და აჩრდილები ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ფეხებში ებლანდებოდნენ, ზუსტად ისე ირევა ჩემს გონებაში დღის საზრუნავი და ჩემი დარდების დიდი ქარიშხალი. ალბათ ბოლო პერიოდის მოვლენების გამოა, სულ უფროსი ხალხის ნათქვამი მახსენდება, ზაფხულობით რომ ჩამოსხდებოდნენ და იტყოდნენ: ეჰ, არაფერი არ ყოფილა ცხოვრებაო. თითქოს, იმისთვის იზრდები და ივსები იმედებით, რომ სულ რამდენიმე წლის შემდეგ გზის ორივე მხარეს თავდახრილი ტოტები და ყვავილები დაინახო და დაღონდე. 

ქუთაისში დედას სამსახურს დიდი ეზო ჰქონდა. გვიან გაზაფხულზე ბალახი ბიბინებდა, ხეები ჰყვაოდა, მონადირე ძაღლი დარბოდა, ჰაერში სიცხე იდგა და ოდნავ ისმოდა ფუტკრების ზუზუნი. შენობაში ასასვლელი კიბეები ავარიული იყო. ბავშვს ძალიან მომწონდა ამ "საფრთხის" ხშირად გავლა. შიგნით გრილოდა. ლაბორატორიაში ათასგვარ უცხო ნივთს შორის ზედა თაროზე ბაყაყის ფორმის მიკროსკოპი იყო შემოდებული. სულ იმ ბაყაყს ვუყურებდი, ცხვირში  კი ქიმიური ნივთიერებების სუნი მცემდა, რომელიც ჭაობის სუნი მეგონა. უფროსები მიხსნიდნენ, რა იყო ტუბუსი, ინკუბატორი, ციბრუტი. ხან გარეთ გავიდოდი და მშრალი ბალახის სუნი მაბრუებდა, ხან შიგნით შემოვირბენდი და ბაყაყის ქვეშ გაწოლილ ბიოქიმიის მისტიკას მივეცემოდი. რაღაც ფარულ ტრაგიზმს ვგრძნობდი და  ვერ ვხსნიდი. აღდგომის წინ ყოველთვის ის ადგილები მიდგას თვალწინ, რომლებიც დიდი ხნის წინ ფიზიკურად დავტოვე.

Goyescas - სუიტა პიანინოსთვის, ესპანელმა კომპოზიტორმა, ენრიკე გრანადოსმა 1911 წელს გოიას ნახატების ინსპირაციით შექმნა. ეს მისი ერთი ნაწილია - "მახა და ბულბული", Andante Melancolico, ჩემი 2021 წლის გაზაფხულის მუსიკა.


გუშინ "ადამიანის ხმა" ვნახე, ალმოდოვარის ახალი ფილმი. როცა ტილდა სვინტონის გმირმა ოთახს ცეცხლი მოუკიდა, ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა, საკუთარი  სიცოცხლის ბოლო წუთების მოწმე იყო. მისი ტრაგედიის მიზეზს ტელეფონით უთხრა, აივანზე ვარ და შემომხედეო. აივნის წინ არაფერი ჰქონდა, დიდი, მუქი კედლის გარდა. უცებ ადგა, დღის შუქსა და ხმაურში გავიდა. მაღალ ქუსლებზე, მყარი ნაბიჯებით მიდიოდა, წინ, სინათლისკენ. ხელში გასაღებების აცმა, წყლის ბოთლი და ლეპტოპი არ ჰქონია, ძაღლს კი უთანხმდებოდა, აწი ასე და ასე მოიქეციო. 

"ეს ადგილები ეხლაც ნაზია, როგორც ოცნება ძველი არიის"... ეს უსათაურო ლექსიც გრანადოსის სუიტის პერიოდში დაიწერა. პედრო შეგვპირდა, რომ ტილდა ვიქნებით, რამაც გაგვაწვალა, დავწვავთ და სიცოცხლეს ავირჩევთ. მგონი, სჯობს, დავუჯეროთ. 

8 comments:

  1. სიამოვნებით მივცემდი ცეცხლს იმას, რაც ამ ბოლო დროს მაწვალებს და არ მანებებს თავს... გაგანია სამუშაო დღეს როგორ ახერხებ-ხოლმე ჩემს გადასროლას სხვაგან და სხვა დროს?! მომენატრა შენი წერილები. <3 წერე რა.

    ReplyDelete
  2. ასე, უბრალოდ, მარტივად... მიყვარხარ!

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც მიყვარხარ, ჩემო ვერიკუნა! <3 <3 <3

      Delete
  3. აუ, რა კარგია შენი პოსტები, თინა <3 ასე მგონია, კარგ მოთხრობას ვკითხულობ ხოლმე.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა! <3
      შენ ჩემთვის იმის მაგალითი ხარ, როგორ შეიძლება ქალი იყოს თან თავის საქმეში უჭკვიანესი და თან ჰქონდეს მეორე ასევე მდიდარი მხარე - ხელოვნების, შემოქმედების და სილამაზის.

      Delete
  4. მშვენიერია თინა!

    ReplyDelete