Monday, June 26, 2017

არადუ

pinterest; pascal campion.




- ახლა ზუსტად ის დროა, ცხელი შუადღით რომ ვიძინებდი, გამოღვიძებულს კი დედას დაყენებული მაწონი უნდა მეჭამა. სოფლის რძით აკეთებდა. მიხაროდა, როცა ვხედავდი, როგორ იდგა მაწვნის ქილები სამზარეულოს მაგიდაზე, ტილოთი შეფუთული. იმ ზაფხულების მოგონების გასაცოცხლებლად საბავშვო წიგნების გადაკითხვაც დავიწყე.

- დოკუმენტურ ფილმში ახსენეს აფხაზეთის სოფელი არადუ. როცა სოხუმში ამ სახელწოდების ლიმონათით ვიჭყიპებოდით, უბრალოდ აფხაზური ჟღერადობის სიტყვად ვთვლიდი და არც მიკითხავს, რა იყო. ალბათ, მდინარე მეგონა. ორივეს დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, აფზახეთისაც და ბავშვობისაც.

- სალვა ან-ნუაიმის "თაფლის სამხილმა" კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩვენი საზოგადოების არაბულ სამყაროსთან მსგავსებაზე. დავრწმუნდი, რომ აკრძალვას საპირისპირო შედეგის გარდა არაფერი მოუტანია, მითუმეტეს, რომ ქალი ყველა დროსა და საზოგადოებაში საკმარისზე ჭკვიანია იმისთვის, რომ მის დასათრგუნად მოგონილი ყველა შეზღუდვა თავისსავე სასიკეთოდ შეატრიალოს. ბევრი წინა თაობის მშობლისგან მსმენია, რომ ქალიშვილის აღზრდა გარკვეულ ეტაპამდე უნდა მიეყვანათ, შემდეგ კი, მათივე სიტყვებით, "მას ვიღაც წაიყვანდა." ზოგ არაბულ ქვეყანაში თურმე მრუშობისთვის სვამდნენ ციხეში. მე ასე მოაზროვნე მშობლებით გავავსებდი ციხეებს. ახლა ფემინიზმზე ატეხილ გაცხარებულ კამათს ხშირად ვუყრუებ, მაგრამ ერთ რამეს ვერ ვეგუები: განათლების უფლების შეზღუდვას. ქალის ვერც მშობელი და ვერც მისი მომავალი ოჯახი მის მაგივრად ვერ გადაწყვეტს, განაგრძოს თუ არა განათლების მიღება და მუშაობა. ამ ლოზუნგით გავავსებდი მთელ ქუჩებს, ზოგს სტენსილით, ზოგს ნაბეჭდი ბილბორდით.


- რა კარგი რამეა ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი "ჩაჩოჩების" ფენომენი. ამერიკელი რომ ვიყო, დავწერდი, ამან მხოლოდ გამაძლიერა-თქო. არ ვიცი, გამაძლიერა თუ არა, უბრალოდ, ძალიან ხშირად, ადამიანები უტიფრად მიხტებოდნენ წინ. ნაცარი ალბათ მომარაგებული ჰქონდათ მუჭით, თვალებში შესაყრელად, თუმცა, არც დასჭირვებიათ, ისე smoothly აღწევდნენ მიზანს. მე მოწმე ვიყავი, მდუმარე მოწმე. გარკვეულ სიკეთეს, რაც იმ დროს მნიშვნელოვანი იყო, ითვისებდნენ, იტაცებდნენ, არა იმიტომ, რომ ეკუთვნოდათ, იმიტომ, რომ შეეძლოთ. სიყრმიდანვე ვეზიარე და სიღრმისეულად ვიწვნიე ეს მოვლენა საკუთარ თავზე. პირველად სკოლაში იყო, ერთხელ არა, მეტად. სტუდენტობაში უფრო სილასავით მწარედ და დიდი მასშტაბებით. მგონი ყველგან, ბოლო სამსახურის გარდა. აუცილებელია, გაიზომოს ჩაჩოჩების თითოეული აქტის მოკლევადიანი ეფექტის ფარდობა ჩამჩოჩებლის კმაყოფილებასთან და შედარდეს მისი იმიჯის კოეფიციენტთან.

- ინსტაგრამზე ერთ ჯორჯიის შტატელ ახალგაზრდა ფოტოგრაფს ვარ ადევნებული. ურბანულ პეიზაჟებს იღებს. ხშირად ისეთ დროს არჩევს, როცა ქუჩაში არავინაა. მგონია, ეს ცარიელი ადგილები ძალიან ლირიკულია. თან სამხრეთი როა, ხეც და რკინაც მზეს აქვს შეჭმული. განათებული ბენზინის სადგურები ღამით, ინდუსტრიული უბნის კონტურები, მაღაზიის ფირნიშები, ტრასები, გადასასვლელები... ასეთი დიდი სივრცეები ზაფხულში იმხელა შინაარსის შემცველია. The Last Picture Show მახსენდება, ახალგაზრდები, მათი იმედები, ახალი მანქანები, ვარცხნილობები და ქალაქის ცარიელი მოედანი.



- ეს ჩემი ლაიპციგელი მეგობარია. გულითადი მეგობარი, რომელიც ბევრს ფიქრობს და დარდობს ჩემზე. ისე მიხარია, რომ მყავს. მისთვის ბევრი პოსტი მიმიძღვნია. ამ პოსტსაც მას ვუძღვნი, harsh ნაწილების გარდა. 

13 comments:

  1. რამდენი რამ ჩაგიტევია ამ პატარა პოსტში <3

    ReplyDelete
  2. თინა რა ძნელია და რა ზუსტად შეგიფასებია "ჩაჩოჩების" ფენომენი :( ძალიან ბევრს ადამიანს ექნება მჯერა ამ სიტყვის იქეთ თავისი მწარე ისტორიები, იცი ბავშვობაში, მერეც და ალბათ ხანდახან ახლაც, ძალიან ადვილია ჩემი დაჩაგვრა :( "ჩაჩოჩება"... მთელი ცხოვრებაა მინდა ერთ დღეს შევიცვალო ეს ოხერი ხასიათი მაგრამ არ გამომივა ვიცი... ბევრჯერ ვცადე მაგრამ ხომ იცი "ააფრინე ალალიო, რაც არ არის არ არისო"
    მე ის თაობა ვარ აფხაზეთის მშვენება და სიტურფე მითებად რომ აქვს გონებაში, იქნებ ოდესღაც... ერთხელაც... ერთ მშვენიერ საღამოსაც... მზე აფხაზეთის ნაწილ შავი ზღვაში ჩავიდეს და ჩვენ ამ სილამაზით მისსავე ნაპირებზე თავისუფლების გრძნობით აღვსილი დავტკბეთ <3
    "აღმოსავლური ლიტერატურის" სერიის წიგნებს შეძენას ვიწყებ და წინასწარ ვიცი როგორ დამთრგუნავს... რამდენ რამეზე უნდა უფიქროს გონებამ და იდარდოს გულმა...
    რა კარგია ვიღაც სადღაც რომ გყავს, რომ გჯერა შენზე დარდობს და ფიქრობს, არც სისხლი რომ აქვს შენი, არც გვარი, არც საერთო ნაცნობ–ნათესავები... ისე უბრალოდაა შენი...მაკლია ეს... :(
    ბევრი შეცდომა დამიშვია და ალბათ კიდევ უამრავს დავუშვებ, მაგრამ ყველაზე ძნელი მართლაც ის ყოფილა საკუთარ თავს რომ ვერ პატიობ...
    უფრო მეტი კარგი მოგონებები, ემოციები და განცდები მისურვებია ჩვენი თავებისათვის.

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო, ჩემ თავზე ისე ხშირად მომხდარა, ნამდვილი ექსპერტი გავხდი. უტიფრობას დაახლოებით ისეთი სახე ჰქონდა, შენ რომ ვერიკო ხარ და რომ გითხრან, არა, შენ ვახტანგი ხარ, მე ვარ ვერიკოო.

      ამინ, ღმერთმა ქნას, ახდეს შენი სიტყვები. <3 <3

      პალესტინელი მწერლის ნაწარმოებები ბევრად უფრო მძიმეა, თემიდან გამომდინარე. აი, ზუსტად აფხაზეთი გამახსენდა, როცა ვკითხულობდი.

      ის ადამიანი შენს სიტყვებს წაიკითხავს და ზუსტად ვიცი, თვალზე ცრემლი მოადგება. ასეთია <3

      მართალი ხარ, უფრო მეტია საჭირო. ჩვენ ისეთი და იმდენი მძიმე მემკვიდრეობით დავიბადეთ, ალბათ ამისთვის დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. მარტო მომავალი თაობისთვის უნდა შევძლოთ ეს.

      <3 <3

      Delete
  3. ძალიან საინტერესო პოსტია.
    განათლებული ქალის ეშინიათ, რადგან მათნაირი ვეღარ იქნება. თავინთ ჭკუაზეც ხომ უნდა ატარონ ?!
    გაუნათლებლობიდან მოდის ბევრი პრობლემა და ბევრი არა ჯანსაღი აზრი

    ,, გულითადი მეგობარი " კარგი სიტვათა წყობაა , რადგან ნამდვილი და იშვიათია.

    ReplyDelete
    Replies
    1. ირი <3
      მართალია და ამას დრო თუ უშველის და ახალი თაობა, ვინც მასე ფიქრობს, ძნელად შეიცვლის აზრს.
      მართლა ასეა <3 ნამდვილი და იშვიათი.

      Delete
  4. ნატალიაJune 30, 2017 at 10:59 AM

    გულითადი მეგობარი,რომელიც ბევრს ფიქრობს და დარდობს ჩემზე - რა ბედნიერებაა ამ სიტყვებს რომ მოგიძღვნიან

    ReplyDelete
    Replies
    1. შენი ყველა პოსტი ფერადი და ჩემია.
      მიყვარხარ.

      Delete
  5. "უხილავ ვიქმენ, უხილავ ვიქმენ.
    მსუეს რომ ერთურთი კვლავ ვეძიოთ ჩვენ.
    ზეგარდმო ღმერთი
    შენა ხარ ერთი
    ნაყოფიერ მყავ, შთამბერე ძალი,
    რომ აღვადგინო კვალად ტაძარი,
    შევღაღადო ცას,
    მივმართო ლოცვას."
    21 წლის გალაკტიონი, ძალიან რომ მოსწონებია ბაბილინას ეს ლექსი, წერს: "იქ არის ერთი იდეა, იდეა ძებნის მიმზიდველობისა და ნეტარებისა. ის სიმბოლურია, რადგან აზრს ღმერთის ძიებისას, მისტიკური ელფერი აზის".
    ჩემო თინა, ახლაც მახსოვს, როგორ მთავარანგელოზებივით შემოხვედით შენ და ლაშა კახასთან ერთად მუზეუმში. ასევე ძალა და ცოცხალი მაგალითი იქნები ჩემთვის საუკეთესოს, ამაღლებულის და ულამაზესი პოზიტიური ძალის, რომელსაც ვერასდროს მიეკარება თვითონ "ჩაჩოჩ-ჩაჩრჩილული" მღილი რამე.
    მიყვარხარ!

    ReplyDelete
    Replies
    1. აქ რაღა უნდა დავწერო <3 <3 უძლური ვარ :)

      Delete
  6. რომელ დოკუმენტურ ფილმში ახსენეს სოფელი არადუ? (საქართველო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის რაიონი სოფელი არადუ)

    ReplyDelete