“აბრეშუმი ისევე ამშვენებს სხეულს, როგორც ბრილიანტი - ხელს.”
ოსკარ დე ლა რენტა
ერთგან ბიზნესის შესახებ წავიკითხე:
მამა შვილს ურჩევდა, ისეთი საქმე უნდა წამოიწყო, რაზეც მოთხოვნა ყოველთვის იქნება.
ეს ან საკვებია, ან ტანსაცმელიო. ადამიანებს საკუთარი თავი საკმარისად გვიყვარს
საიმისოდ, რომ ან ერთი მივიღოთ ცუდი, ან - მეორე.
ჩემი ამბავი იმაზეა, როგორ უნდა შევირგოთ კეთილგანწყობილი და სოლიდარული
ახალგაზრდა ქალის მიერ ჩვენი სილამაზის და
თავდაჯერებულობისთვის შექმნილი სიკეთე, თანაც ისეთი ქსოვილისგან, რომელიც
კაცობრიობამ საუკუნეების წინ აღმოაჩინა და შეიყვარა. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აბრეშუმის
მარშრუტის ნაწილი იყო. ჰოდა, ახლაც ვართ.
სოფი შარშან ზამთრის მიწურულს
გავიცანი, როცა გაზაფხულის მოსვლას მხოლოდ იმიტომ ველოდი, რომ რამე მაინც იქნებოდა
ახალი, თორემ ისე მოძალებული პანდემიური ჩაკეტილობა კარგის მოლოდინს არ მიჩენდა.
მისმა შექმნილმა აბრეშუმის სინაზემ პირდაპირ შემომანათა ეკრანიდან. გვერდს
სათაურად ჰქონდა: OWN est.2020 იქვე
ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული. ასე, უბრალოდ, დავრეკე და გავიცანი. პირველი
რამდენიმე საუბრისას პროდუქციაზე, ქსოვილზე მელაპარაკა, შემდეგ უკვე პირადი
ამბებიც მოვყევით, ერთმანეთს გავუზიარეთ ქალობის, დედობის სირთულეები, ვისაუბრეთ
დამთრგუნველი გარემოს გავლენასა და ბევრ სხვა რამეზე.
ყოველი ახალი შეკვეთილი ნივთის
მოლოდინი უკვე მაბედნიერებს. სანამ დამზადდება, დღეებს სიხარულით ვითვლი.
შუალედებში სოფი მიკავშირდება, მთავაზობს ნიუანსებს უკეთესი შედეგის მისაღებად.
ნივთი ისევე ელეგანტურადაა შეფუთული, როგორიც თავადაა: გახსნი და ხელში იღებ მსუბუქ,
ციმციმა აბრეშუმის პერანგს, სასიამოვნო მოლოდინით წარმოიდგენ დღეებს, როცა გეცმება
და თავს განსაკუთრებულად იგრძნობ, კანი თავისუფლად ისუნთქებს, იქნები მოხდენილი და
თან შეუზღუდავად, კომფორტულად ჩაცმული. ამ დროს სოფი გწერს, ვღელავ, მითხარი,
როგორ მოგერგო და მოგეწონაო. ცოტა ხნის წინ ქურთუკი თვითონ მომიტანა. დღის
ბოლოს დაღლილმა ნახევარი ქალაქი გაიარა, რომ შემხვედროდა. ვხედავდი, როგორ უხაროდა
ჩემი რეაქციის ნახვა.
საკუთარი საქმისადმი ასეთი
დამოკიდებულება სრულ ჰარმონიაშია მის გარეგნობასთან. ამაზე არაფერს ვიტყვი, ისედაც
ცხადია. სოფის ერთდროულად რამდენიმე პროფესია აქვს. მისი განათლება ავიაციიდან და
მედიცინიდან იწყება და პიარით და მარკეტინგით მთავრდება. ასეთივე მდიდარია მისი
სამუშაო ისტორია. თუმცა, ეს მთავარი ამბის მხოლოდ შესავალია. ამ დროის
განმავლობაში სოფი ეძებდა, რა ფორმით ეთქვა მისი მთავარი სათქმელი, როგორ მიეტანა
სხვა ქალებამდე ის, რისიც ბავშვობიდან სჯეროდა: საკუთარი თავის ელეგანტურობით და
სისადავით გამოხატვა.
როცა ქალის გარდერობში მაღალი
ხარისხის ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელია, მას არ სჭირდება რთული თარგები,
დეტალებით გადატვირთული მოდელები, „სწრაფი მოდის“ ტენდენციების აყოლა,
შთაბეჭდილების მოსახდენად ჩაცმა. მის კანს აბრეშუმის სირბილე ეხება, სითბოსთვის კი
შალის პალტო აქვს. სოფის მოდა „მდგრადია“, მიჰყვება კომფორტის და უზადობის
საუკეთესოდ შერწყმის პრინციპს და როგორც ელეგანტურობის ელჩი, ქალებს საკუთარი
თავის ერთგულებისთვის შთააგონებს. OWN-ის ქალი სწორედ ასეთია: სჯერა საკუთარი თავის,
მშვიდადაა, რადგან იცის, რომ მიმზიდველია, მზადაა დატვირთული დღეებისთვის და მონდომებით
აკეთებს საყვარელ საქმეს. ყველა დროში აქტუალური, ელეგანტური გარდერობის წყალობით
მას თითქოს საკუთარი უსაფრთხოების კალაპოტი აქვს, რომელიც ნაზად აძლევს ბიძგს, როგორც მოცურავეს - აუზის ცისფერი
ფილებით მოფენილი კედელი.
ინტერვიუს გასაშიფრად OWN-ის აბრეშუმის პერანგი ჩავიცვი და
აკვამარინის ბეჭედი გავიკეთე, არც თეთრი ღვინო დამვიწყებია. სხვაგვარად სოფიზე ვერ
დავწერდი.