Wednesday, December 29, 2021

Tinano - აქსესუარის თანამედროვე ხელოვნება

ამასწინათ ვანის მუზეუმი მოვინახულე. მის შემდეგ სულ იმას ვფიქრობ, რომ ღმერთმა ადამიანს შექმნის უნარი მისცა, რითაც ყველაზე დიდი თავისუფლება მიანიჭა. ამ ნაჩუქარი უნარის წყალობით, ჩვეულებრივ დაბადებულს, ბიოლოგიურ ადამიანს შეუძლია ისეთი რამ შექმნას, რაც მასზე დიდხანს იარსებებს და სხვა დროში მცხოვრებ ადამიანებს სიხარულს მოუტანს. თუ ნივთს პრაქტიკული დანიშნულება აქვს - ცხოვრებას გაუადვილებს. ამიტომაა ჩემთვის ძალიან ემოციური ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდის ნიმუშების გაცნობა: საქართველოს მაშინდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სამყაროს მასშტაბურად აღიქვამდნენ, გემოვნება, თემების არჩევანი და ფანტაზია ცოდნის შესაბამისი ჰქონდათ.

ძველ ხელოვანებს ნამდვილად გაუხარდებოდათ, თუ გაიგებდნენ, რომ საუკუნეების შემდეგ, დაჩქარებულ და ქაოტურ დროში ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი, რომელიც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.

ჩემი ბლოგის სტუმარი თინანო კალანდაძეა. ის დასავლეთ საქართველოში დაიბადა, სადაც მიწა რბილია, ზღვა კი ახლოსაა, რომელიც ამ მხარეს დიდ ისტორიასთან, ბერძნულ და რომაულ კულტურებთან აკავშირებს. ეს კავშირი ბევრ რამეში ვლინდება, პირველ რიგში კი ადამიანების უნარში, ხელოვნება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციონ.  როცა თინანოს შემოქმედების ნიმუშები გავიცანი, სწორედ ეს დავინახე: შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ ნივთად გარდაქმნის ნიჭი. თინანო ბუნებრივი ტყავისგან ქმნის სხვადასხვა დიზაინის ჩანთებს: მხარზე გადასაკიდ ჩანთებს, ზურგჩანთებს, მობილურის აქსესუარებს, საფულეებს, ლეპტოპის ქეისებს.

ცნობილი ფილმის, ეშმაკს აცვია პრადას“ პერსონაჟი ამბობს: „აქსესუარი იკონოგრაფიის ნიმუშია, რომელიც ინდივიდის თვითმყოფადობის გამოსახატად გამოიყენება.“ ჩემთვის ჩანთა ისევე, როგორც ფეხსაცმელი, ჩაცმულობის წამყვანი ნაწილია. ამიტომ, თინანო სასიხარულო და იმედისმომცემი აღმოჩენაა. მისი კონტურები ფაქიზია, ფერები კი ისეთია, სიცოცხლეს ხელახლა შეგაყვარებს.

ცნობილ მიზეზთა გამო, ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერე. წინასადღესასწაულოდ ძალიან დაკავებულია, ბევრი შეკვეთა აქვს, მაგრამ ჩემს კითხვებზე საპასუხოდ დრო მაინც გამოძებნა. თინანოს თავის საქმიანობაზე, შემდეგ კი საკუთარ სტილზე ვესაუბრე.

მოგვიყევით თქვენს ბავშვობის წლებზე, სტუდენტობაზე. როგორ მიხვედით პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებამდე?

ბავშობის წლები  გურიას უკავშირდება, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე. პროფესიის არჩევაზე დედის ფაქტორმა იმოქმედა. დედა მხატვარია, გამორჩეული ხედვა აქვს, რაც ჩაცმულობაშიც გამოიხატება. მისგან მიღებულმა შთაგონებამ ბავშვობაშივე გადამაწყვეტინა სამხატვრო აკადამიაში სწავლა. ასეც მოხდა.

რამდენი ხანია, რაც ბრენდი „თინანო“ არსებობს?

ჩემი ბრენდი 2016 წელს შეიქმნა.

რა იყო თქვენი მთავარი ჩანაფიქრი საკუთარი საქმის გახსნისას?

ბრენდის შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა: ეს თავისთავად მოხდა, რადგან ჩემი საქმე ჩემთვის დასვენებაცაა, გართობაც, სწავლაც და გამოცდილებაც.

როცა შეკვეთაზე ვმუშაობ, პირველ რიგში ვფიქრობ, ისეთი ნივთი შევქმნა, რომელიც მე მომეწონება და სიამოვნებით გამოვიყენებ. ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი ხარისხია. არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანებია სიმარტივე და ფერთა სასიამოვნო კომბინაცია.

თქვენი აზრით, ყველა ბიზნესი უნდა გაიზარდოს, რომ ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოგება, თუ მცირე მასშტაბითაც შესაძლებელია შედეგის მიღება?

ახლა კომფორტის ზონაში ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. თუ ჩემი საქმის დიდ ბიზნესად ქცევას გადავწყვეტ, ამ სიმყუდროვის დარღვევა მომიწევს.

ვინ მიგაჩნიათ თქვენს მასწავლებლად და რა რჩევა მოგცათ, რომელიც კარიერაში ყველაზე მეტად გამოგადგათ?

ყველაზე პირველი, ვინც მახსენდება, ჩემი პირველი კურსის ლექტორი ნინო ქვრივიშვილია, რომელმაც  კომპოზიცია და ფერების შეგრძნება მასწავლა.

Tuesday, August 31, 2021

Ivan Franko


Ivan Franko

ცოტა ხნის წინ ბიძაჩემი - მურადი დავკარგეთ, კოვიდთან დამარცხდა. სოხუმის ომის დროს უბანში შტაბის უფროსად დანიშნეს. ის და მეზობელი კაცები დიდხანს დარაჯობდნენ სანაპიროს, სანამ იძულებული არ გახდნენ, იქაურობა დაეტოვებინათ. ვერ მოვასწარი, მეთქვა, რომ ის მაინც გამარჯვებულია ყველაფრის მიუხედავად, რაც გამოიარა. გამარჯვებულია იმ სიკეთის გამო, რასაც მრავალი წელი გვიკეთებდა, სოხუმის წლებში და დევნილობაში. დეიდამ ვერ დაიტირა, საავადმყოფოში იწვა და ლაპარაკიც კი არ შეეძლო ჟანგბადის აპარატის გამო. მათი შვილი, ჩემი უფროსი და - მაიკო, რომელმაც სამი წლის წინ დაგვტოვა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, ასეთი რა ავადმყოფობა უნდა ყოფილიყო, აფხაზეთის ომგამოვლილ მის მშობლებს რომ გატეხდა. გუშინ ვფიქრობდი: ნეტა, ბოლოს რა უთხრეს ერთმანეთს, სანამ ჯერ კიდევ სასწრაფოს მიჰყავდა და სხვადასხვა პალატაში გაანაწილებდნენ? 

ამასწინათ დედას სამზარეულოში ყავას ვადუღებდი, როცა ის დღე გამახსენდა, სოხუმის პორტში გემი "ივან ფრანკო" რომ ჩამოდგა. ირაკლიმ სახლში შემოირბინა, "ივან ფრანკო" შემოვიდა, გავიქცეთ და ვნახოთო. ის დღე ისე ცხადად გამახსენდა და ისეთი მდუღარე ცრემლები წამსკდა, სიღრმეში შევიმალე, რომ ოჯახის წევრები არ შემეშინებინა. გრანდიოზული გემი იყო, სულ თეთრად ქათქათებდა. არც ივან ფრანკო ვიცოდი, ვინ იყო და არც "ამარკორდი" მქონდა ნანახი, რომ გემის სანახავად წასული ქალაქელები გამხსენებოდა. ჩემთვის მაშინ იმ გემის ნახვა დიდ და უცნობ სივრცეებთან ზიარება იყო, იმის წარმოდგენა, გემზე რა ხდებოდა, რამდენი სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩამოჰყავდა, როგორ იყო მოწყობილი, რამდენ სხვადასხვა ქვეყანაში დაცურავდა. ეს ყველაფერი ჩემთან ძალიან ახლოს იყო და თავზე დამყურებდა. ქვემოთ წყალი ტყლაშუნებდა და გემის კონტურებს ირეკლავდა, ირგვლივ ადამიანები მოძრაობდნენ, ვახშმობამდე სასტუმროში მისვლა და გამოცვლა უნდა მოესწროთ, ჰაერში მარილის და საწვავის სუნი იდგა, ბავშვები ახლო მომავლისგან მხოლოდ კარგს ველოდით, უცნობს, უცხოდ ამაღელვებელს და აუცილებლად კარგს.

ხშირად ვსეირნობდით ხოლმე შედარებით მცირე ხომალდით, ახალ ათონამდე და უკან. ბევრი ახალი სიტყვა მესმოდა, ყველაფერი მაჯადოებდა, როგორც ახალი სათავგადასავლო წიგნი და მსუბუქ ბურუსში მხვევდა. ერთი ასეთი სიტყვა "სკატი" იყო. ამბობდნენ, დაელექტროებული კუდი აქვს, შეიძლება "ვალნარეზს" მოარტყას და მოცურავეებსაც მოხვდესო. სადაც ჩვენ "ვცურავდით", ნაპირთან ახლოს, რკინის ფირნიშზე აქა-იქ ჟანგმოდებული ნეპტუნი იყო გამოსახული, თავისი სამკაპით. ცოტათი მეშინოდა და იმედი მქონდა, რომ ზღვის სიღრმეში შორს ცხოვრობდა და მის რისხვას ავცდებოდით. სანაპიროზე რესტორან "დიოსკურიას" იმ დროისთვის ნოვატორული მოძრავი აბრა ჰქონდა: ლურჯი დელფინი ბრუნავდა. მზად ვიყავი, მთელი დღე მეცქირა მისთვის. 

Tuesday, May 4, 2021

ჰელენე

 

 ერთ საღამოს ირენმა მითხრა, ეს ფილმი ნახეო. აი, ასე, უბრალოდ. 

ფინელ მხატვარზე, ჰელენე შერფბეკზე 2020 წელს გადაღებული ფილმი რამდენჯერმე ვნახე, ვიკითხე მასზე გამოქვეყნებული სტატიები, ვათვალიერე მისი ნახატები, ჩრდილოეთის მშვიდი და სადა სილამაზის სიყვარულმა საბოლოოდ დამიკარგა მოსვენება და სამუდამოდ დავიდე ბინა მის სამყაროსთან ახლოს.

ფილმი მხატვრის ცხოვრების ერთ მონაკვეთს ასახავს, როცა მისი შემოქმედება ფართოდ აღიარეს. გაკვრით ნაჩვენებია იმ პერიოდის სოციალური და პოლიტიკური ფონი: სამოქალაქო დაპირისპირება და ქალთა უფლებები. ჩემთვის უსასრულოდ საინტერესოა ჰელენე - ქალი, მის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესი, მისი, როგორც შემოქმედის ევოლუცია, მისი უნარი, დაძლიოს ფიზიკური და სულიერი ტკივილი, შეეგუოს არასასურველ რეალობას, გულისტკენას. ქალი ინტერიერში, რომელიც ფიქრობს და ქმნის. ამაზე მდიდარი, ამოუწურავი და საინტერესო იშვიათად თუ იქნება რამე.

იდეასთან ერთად აღსანიშნია ფილმის ესთეტიკური და ვიზუალური მხარე: ინტერიერის ფერები, ნივთები, ჩრდილოეთის ბუნება ყველა სეზონზე, სახლში შემოსული შუქი, დღეების ნელი რიტმი, ქალაქის პეიზაჟები, სოფლის სახლი და ეზო... დღევანდელ დღეს ნამდვილ იავნანასავით ჟღერს ასეთ გარემოში მშვიდად და უშფოთველად ცხოვრება, განათლების მიღება, ანალიზი, ახლის შექმნა და საკუთარი შესაძლებლობების გამოკვლევა.

Wednesday, April 28, 2021

"ეს ადგილები ეხლაც ნაზია"


წლევანდელი გაზაფხული ძალიან გავს წინას. ისევ იზოლაცია, გაურკვევლობა, საკუთარი მოთმენის უნარით გაოცება, სურვილების და მონატრების გადადება. ვცდილობ, უიმედობის განცდამ არ ჩამითრიოს, დღეები რბოლას დაემსგავსოს და სიკვდილსა და ავადმყოფობაზე ფიქრისთვის ფიზიკურად აღარ დამრჩეს დრო. მე და სანდრა ხშირად ვუყურებთ ქარსა და წვიმას. თითქოს სიმბოლურად ვასახიერებთ დღევანდელ ყოფას: პატარა, დაცულ სივრცეში ერთმანეთს ჩაჭიდებული ვუყურებთ, როგორ ბობოქრობს ირგვლივ ქაოსი. ქარის წამობერვაზე ჩამეხუტება ხოლმე და უხარია, ერთმანეთი რომ გვყავს. ყველა სიმღერაში მე მრთავს, სიტყვებს თავისებურად გადააკეთებს ისე, რომ "თიკო" ჩასვას. 

ბოლო წლებში ძალიან შემიყვარდა ღრუბლიანი დღის შუქი. მგონია, ყველაფერს ნამდვილი ფერებით აჩენს. ვმშვიდდები, როცა ასეთ დღეებში ვსეირნობთ და მგონია, რომ რასაც იმ დღეს მოვუსმენ, ვნახავ და წავიკითხავ, სამკურნალო ეფექტი აქვს.

ლისის ტბაზე ერთი უპატრონო ძაღლია. ხშირად შემიმჩნევია, როგორ დადის საქმიანად, რაღაცას ეძებს, ყურადღებით იყურება აქეთ-იქეთ. ტანთან შედარებით უპროპორციოდ პატარა თავი აქვს. ეს არ იცის. არ იცნობს მშობელს, არც ჯიში აქვს, არც სახლი. ასე ირბენს, იპოვის საჭმლის ნარჩენებს, მერე კი მოკვდება. მისი ცხოვრებაც და სიკვდილიც უხმოდ ჩაიკარგება და დაინთქმება. წვიმიანი ღამის შემდეგ აივანზე გაშეშებულ ფუტკრებს ვპოულობ. სანდრას ვაჩვენებ და ვეუბნები, რომ ღამით ჩვენს აივანს შემოაფარეს თავი, ახლა კი მზეზე გათბებიან, ფრთებს გაისწორებენ და ისევ გაფრინდებიან. ამ დეტალებივით ყოველი დღე სავსეა ფიქრით, რომ დაკარგვა და დასასრული გარდაუვალია. 

Thursday, January 14, 2021

იანვრის თასი

ჩვენი სასეირნო ადგილები უბნის პარკი და ლისის ტბაა. ამ უცნაური პერიოდის მიუხედავად, ყოველი დღე განსხვავებულია, თავისი სული აქვს.

დღეს უჩვეულოდ თბილოდა, მოალერსე ნაშუადღევი იყო. მინდოდა, მოგონებად შემენახა. დასაკვირვებლად საინტერესოა ადამიანების სწრაფვა, ყოველდღიურობას მაქსიმალურად გამოვგლიჯოთ სიხარულის მომტანი დროის მონაკვეთები. თითქოს მხედრები ვართ, ცხენი ჭირვეულობს, მაგრამ მაინც ვახერხებთ მის მართვას და ვაიძულებთ, წინ იაროს, ვიწრო ხიდები გადაიაროს, საფრთხე უკან მოიტოვოს. თუ წყლის დასალევად გაჩერდება, იმითაც ვისარგებლოთ, შევირგოთ და მონაპოვრად მივიჩნიოთ. მერე, ამერიკული რომანის გმირებივით, მოსვენებულზე დავსხდეთ და გაზვიადებულად მოვყვეთ, ცხენი კი დაიღალა და სადღაც კლდეებს შორის დამაღამდა, მაგრამ, სამაგიეროდ, დილით მზის ამოსვლა ვნახე, რომელსაც სხვა დროს ვერ ვნახავდიო.

ასეთი დღე მოგვეცა, მადლობით მივიღეთ და შევინახეთ.