"ხშირად ვოცნებობ და შევსცქერი ცას,ვეძებ უხილავს, ვუცდი ვიღაცას."
არ ვიცი, ზოგიერთი ფრაგმენტი სხვაზე მეტად რატომ რჩება მეხსიერებას. თუნდაც ის, ძალიან დიდი ხნის წინანდელი. ზაფხულის ღამე იყო, ბავშვები ეზოში ვირეოდით, იქვე მაგიდასთან კაცები ისხდნენ. მაგიდაზე ლუდის ბოთლები ეწყო. ფორმით ლიმონათისას გავდა, მაგრამ ეტიკეტი ჰქონდა სხვა ფორმის, ბოთლის ყელთან მიმაგრებული. ამით ვარჩევდი ლიმონათის ბოთლისგან. ვუყურებდი ამ ბოთლებს და მაინც მიხაროდა, რადგან ლიმონათს მაგონებდა. ლუდის სუნიც მომდიოდა, სუსტად. კაცები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ერთი მათგანი, ჩემთვის უცნობი, ამბობდა, გემის კაპიტანი ვარო. რა უცნაურია ასეთი მიახლოება ფანტასტიკასთან, როცა იმდენად პატარა ხარ, მაგიდას და მასზე დაწყობილ ბოთლებს ქვემოდან უყურებ, ლუდის გასინჯვა ძალიან შორეული პერსპექტივაა, გემი კი მარტო წიგნებში და ეკრანზე გაქვს ნანახი. ალბათ ამის გამო მახსოვს ასეთი დეტალები.
ამასწინათ ეკლესიის ეზოში ქალმა მითხრა, როცა დაღამდება, გუმბათს ვუყურებ და ჩრდილებში ჩემი შვილის სახეს ვხედავო. სწორია: ტაძრის ეზო, როგორც ჩვენგან წასულ ადამიანებთან პაემნის ადგილი. რა კარგი იქნებოდა, (გარდა სულის მოსახსენებელი მსახურებისა) მართლა შეგვეძლოს მათთან პაემანი და მათი სახე ცხადად დავინახოთ, თუნდაც ტაძრის შენობის ფასადზე; ცოტა ხნით შევხვდეთ ხოლმე სალაპარაკოდ, საფლავზე, სიზმარში ან სადმე სხვაგან.