Monday, December 9, 2019

ნისლში და ქარში

photo by: Daniel J. Schwarz
სამსახურში ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხის კენწეროები და ცის პატარა ნაწილი ჩანს. ღრუბლიან დღეებში ცაზე ხანდახან უცხო ფრინველები გადაიფრენენ ხოლმე გუნდებად. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც მაოცებს. თავიანთი ცხოვრება აქვთ, სხვა რეალობაში არიან, თან ჩვენი თვალსაწიერის ფარგლებში. აქ საცხობები და წვენების ფარდულებია, გათბობის მილები, გამომშრალი კანი, ინკასაციის მანქანები. ისინი ფრენენ, ცა და სივრცეები აქვთ.

ხელოვნებაში სულ ასეთ ადგილებს ვეძებ, ცნობიერებიდან გამოტანილს, სიზმრებში შერეულ მოგონებებს. დღეს თამუნას ძველი წერილები გადავიკითხე. მადლიერი ვარ ამდენი წლის მეგობრობის და იმ ამბების, რაზეც მაშინ მწერდა, იმ რეალობის, რომელშიც იყო და იმ განცდების, რასაც მისი გარემო იწვევდა. ლაშა ადრეც და ახლაც ხშირად მიყვება თავისი ბავშვობის ფანტაზიებზე, წიგნების და ფილმების შთაბეჭდილებებზე და იმაზე, თუ რად გარდაისახა ისინი მის ცნობიერებაში. ეს დიდი საიდუმლოს განდობად მიმაჩნია და მზად ვარ, უსასრულოდ ვისმინო.

ახლა ზამთრისპირის ბურუსში ვდგავარ. თოვლიანი კადრები მახსენდება "ნატვრის ხიდან", თეთრი სიჩუმის და სიტყვები, როგორც კარლო კაჭარავას ნახატებზეა, გამოსახულებასთან ერთად: "ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნი მიჰყვება ფიქრებს ნისლში და ქარში." ინგლისურ ბაღებში მინდა ვიარო  და ვნახო, როგორ ჩააყუჩებს და მიაძინებს ყველა საწუხარს, ძველსა და ახალს. მერე "სარკეში" გავჩერდები, ტარკოვსკის მამის ლექსებს მოვისმენ, ამ სოფელში ნიავის ხმას... ალბათ სხვა ადამიანების შექმნილ ხატებთან ზიარებაა, რაც უმძიმეს ადამიანურ განცდებსაც კი ყველაზე ასატანს ხდის.


Friday, October 25, 2019

ნელი შუქი


"ხშირად ვოცნებობ და შევსცქერი ცას,
ვეძებ უხილავს, ვუცდი ვიღაცას."

არ ვიცი, ზოგიერთი ფრაგმენტი სხვაზე მეტად რატომ რჩება მეხსიერებას. თუნდაც ის, ძალიან დიდი ხნის წინანდელი. ზაფხულის ღამე იყო, ბავშვები ეზოში ვირეოდით, იქვე მაგიდასთან კაცები ისხდნენ. მაგიდაზე ლუდის ბოთლები ეწყო. ფორმით ლიმონათისას გავდა, მაგრამ ეტიკეტი ჰქონდა სხვა ფორმის, ბოთლის ყელთან მიმაგრებული. ამით ვარჩევდი ლიმონათის ბოთლისგან. ვუყურებდი ამ ბოთლებს და მაინც მიხაროდა, რადგან ლიმონათს მაგონებდა. ლუდის სუნიც მომდიოდა, სუსტად. კაცები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ერთი მათგანი, ჩემთვის უცნობი, ამბობდა, გემის კაპიტანი ვარო. რა უცნაურია ასეთი მიახლოება ფანტასტიკასთან, როცა იმდენად პატარა ხარ, მაგიდას და მასზე დაწყობილ ბოთლებს ქვემოდან უყურებ, ლუდის გასინჯვა ძალიან შორეული პერსპექტივაა, გემი კი მარტო წიგნებში და ეკრანზე გაქვს ნანახი. ალბათ ამის გამო მახსოვს ასეთი დეტალები.

ამასწინათ ეკლესიის ეზოში ქალმა მითხრა, როცა დაღამდება, გუმბათს ვუყურებ და ჩრდილებში ჩემი შვილის სახეს ვხედავო. სწორია: ტაძრის ეზო, როგორც ჩვენგან წასულ ადამიანებთან პაემნის ადგილი. რა კარგი იქნებოდა, (გარდა სულის მოსახსენებელი მსახურებისა) მართლა შეგვეძლოს მათთან პაემანი და მათი სახე ცხადად დავინახოთ, თუნდაც ტაძრის შენობის ფასადზე; ცოტა ხნით შევხვდეთ ხოლმე სალაპარაკოდ, საფლავზე, სიზმარში ან სადმე სხვაგან. 

Sunday, October 20, 2019

Le rappel des oiseaux


მინდა, ასე უსასრულოდ ვიხეტიალოთ და სულ შემოდგომა იყოს. დავიკარგოთ ფერებში, სხივებში, სითბოში, სიცილში და მუსიკაში. 






Thursday, October 10, 2019

Autumnal Rant and Rave





ოქტომბერი მოვიდა და ბლოგიც გავაცოცხლე. მრცხვენოდა, მიტოვებული რომ მქონდა. ადრინდელზე ნაკლებად არ მიყვარს, გასაზიარებელიც ბევრი მაქვს, უბრალოდ, ყოველდღიურობის რიტმმა ჩამითრია.

ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესები გაოცებულს მტოვებს, გაოცებულს ჩვენი შეგუებით. სოციალურ უსამართლობას, ცუდ ეკოლოგიურ პირობებს, დაუდევრობას, რაც მუდმივად სიცოცხლის საფრთხეს ქმნის - ყველაფერს ვეგუებით. ალბათ, შედეგის იმედი არ გვაქვს და იმიტომ, არც სოლიდარობით ცვლილების მოხდენის. ეს პროცესი იმას გავს, გზაზე რომ მიდიხარ და ეს გზა თანდათან ვიწროვდება, ბნელდება, ზემოთ ასახედიც იფარება და არც წინ ჩანს არაფერი.

ნატალია ჰყვებოდა თავის საყვარელ სერიალზე, Friends. მე ბოლო დროს Sex and the City-ის მირანდას სიტყვები მახსენდება, ქერის რომ ეუბნება: Barney-ის ახალი კაბა მაცვია და თან პლასტმასის ჭურჭლიდან ვჭამო. ამ სერიალის შემდეგ იმდენი წელი გავიდა და საშველი მაინც არ არის: შესვენების შეზღუდული დრო, ხალხით გადატვირთული ლანჩის ადგილები, მუდმივი სტრესი, პლასტმასა, ხანგრძლივი სამუშაო საათები, ჩვენთვის უცნობი ქიმიური ნაერთებით დამზადებული ყოველდღიური მოხმარების საგნები, განსაკუთრებით ისინი, უშუალოდ ჩვენს კანს რომ ეხება... აქაც შეგუება და მარწუხები... უშინაარსო, ერთჯერადი ნივთების გარემოცვა. სადღაც ხომ იხუვლებს ერთად?!

ამასწინათ ვფიქრობდი, რომ ფეისბუქს და ინსტაგრამს კოლექტიურად merchandise უნდა გადაერქვას. მექანიკურად და ინერციით ყოველდღე ვხსნი, სინამდვილეში კი უამრავი კომპანიის სავაჭრო შეთავაზებას ვეცნობი უნებურად. ისინი თავიანთ მიზანს ასრულებენ, ინფორმაცია ჩვენამდე მოაქვთ, მე კი რეალურად ამ ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილი მჭირდება. ეს ვიცი და მაინც ვნებდები მათ თვალისმომჭრელ ფოტოებს, ვანაგვიანებ გონებას, მბეზრდება და მაინც იმავეს ვაკეთებ.