Saturday, December 3, 2016

"ვერწმუნოთ ცივი სეზონის დასაწყისს"

- ინსტაგრამზე ერთი საოცარი მელიას გვერდს ავედევნე. ამ მელიაზე ნაცნობი ბლოგერი ჰყვებოდა. National Geographic-ის ფოტოებში სულ მელიებს ვეძებ და ხარბად ვათვალიერებ. სრულყოფილად ლამაზები არიან. მგონია, ლაპარაკი იციან და როცა ჩვენ გვძინავს, მაშინ უყვებიან ერთმანეთს გაყინული მდინარეების ქვეშ გარინდულ თევზებზე და ტყის ნისლებზე. ჩემს საყვარელ მოთხრობაში - Macaroon ერიკას მელიას სოროში სძინავს. ერიკას გულისთვის მელია ძაღლებთან სასტიკ ბრძოლაშიც კი ებმება. ძაღლები მის ბეწვს გლეჯენ და თათს სტკენენ. კიდევ კარგი, ერიკა სახლიდან წამოღებული მოხარშული დედლით მაინც მოასწრებს მის გამასპინძლებას. ალბათ, ყველა გოგოს უნდა ჰყავდეს მეგობარი მელია, რომელიც, თუ მთლად სახლში არა, მახლობელ ტყეში მაინც იცხოვრებს, მშობლებზე გაბრაზებულ და სახლიდან გამოქცეულ ბავშვს თავის სოროში თბილად დააძინებს და მისი გულისთვის არც ძაღლების ხროვას შეეპუება. 

წყარო: https://www.pinterest.com/tikonadiradze/red-fox-perfection/ 
- მელიას შემდეგ ზღარბის პატრონი გამომეხმაურა, ჩვენც მოგვიწონეო.

- ბავშვობაში რაზეც ვოცნებობდი, იმას ხშირად ვიხსენებდი ხოლმე. გონებაში "გამოვიძახებდი" და ხელახლა გავატარებდი, მაგალითად, მაშინ, როცა სკოლიდან სახლში მივდიოდი. ერთი ასეთი ოცნება მქონდა: სახლში მისულს მამაჩემი დამხვედროდა. ერთხელ გიუნას ვეუბნებოდი (ჩემსავით მამის დამკარგავს), გულის ერთი ნაწილი სულ ცივი და ცარიელია, წლებთან ერთად არაფერი შველის-მეთქი. ისიც თავს მიქნევდა. ამ დროს ერთმანეთს არ ვუყურებდით, შესვენებაზე გარეთ ვიყავით გასული და ზამთრის მუშტაიდში მივსეირნობდით, გამოშიგნულ სათამაშო მატარებლებს შორის.

- ირაციონალური შიშების ადამიანი ვარ. სულ ასე ვიყავი, არსებულის და არარსებულის - ყველაფრის მეშინოდა. როცა კითხვაში ღამეებს ვათენებდი, ან გამოცდისთვის გვიანობამდე ვიჯექი, მაცივრის ხმა მამხნევებდა. ძველი, საბჭოთა მაცივარი იყო და ხმაურით მუშაობდა. მეგონა, სახლში კიდევ ვიღაცას ეღვიძა. ერთხელ დედამ დაიჩივლა, რამხელა ხმა აქვს ამ მაცივარსო. მე წამომცდა, უი, რას ამბობ, ეგ იმედია სახლში-მეთქი. ასე გავეცი ჩემი მშიშრობა. როცა სახლში გვიან ვბრუნდებოდი, არაფრით სადარბაზოში მარტო არ შევიდოდი. სულ ჩემს ძმას ვურეკავდი, რომ ჩამოსულიყო და ავეყვანე. ჩემი მაშინდელი მეგობარი ამაზე ვერელი გოგოების გაწელილი მანერით ამბობდა: "ზაზას დაურეკე." ახლა ვფიქრობ, რა ნორჩი ვყოფილვარ, რომ იმ შიშებზე, ახლა რომ ყოველდღე თვალებში ვუყურებ, წარმოდგენა არ მქონდა.

Sunday, November 6, 2016

შემოდგომის დღე

შემოდგომის ამ დღეს გვიან გაღვიძებულები სახლიდანაც გვიან გავედით, თუმცა, მაინც მოვასწარით: ორი ერთმანეთზე საინტერესო გამოფენის ნახვა, სადილი საყვარელ კაფეში, ყავა ნელ მზეში და შემდეგ ბუნებაში დიდხანს სეირნობა.

მე და შემოდგომა ლაშას თვალით:




                                       "პოემას უვრცესს დაერქმევა ალვა და სურო"

Friday, October 21, 2016

მგონი, ისევ მესმის

"ვარსკვლავების გამჭვირვალე შუქში, მგონი, ისევ ვხედავ მას, 
 ღამის ნიავში გრძელი ვუალით მიდის."

Want to add a little magic to your daily life?  როგორი სტანდარტული სარეკლამო ფრაზაა. 

ეს მეჯიქ მართლა სულ ახლოს გვაქვს, ხელის გაწვდენაზე.  ვერ ვპოულობ სიტყვებს იმ განცდის გადმოსაცემად, რომელსაც ხელოვნებასთან მორიგი სიახლოვე მანიჭებს.  მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ  როცა გინდა, კარს  გააღებ და უკვე იქ ხარ. 

ასეთმა  piece-ებმა თვითონ იციან, როდის მოვიდნენ ჩვენთან. ეს piece  იმ უთვლადის, მუდმივის ერთი ნაჭრის გამოსახატად იდეალური სიტყვაა.  თქვენც ინებეთ ეს ნაჭერი!

ლაშას გადაცემა არიის, ოპერის და შემსრულებლების შესახებ ინფორმაციით:


"ო, ჯადოსნურო ღამევ,
ღვთაებრივო აღტაცებავ,
ძვირფასო მოგონებავ, გიჟურო ეიფორიავ და ტკბილო ოცნებავ!"

კრიტიკოსები წერენ, რომ ბოლო ორი ფრაზა ბენიამინო ჯილიმ მიამატა, "ღვთაებრივი აღტაცების" გასახანგრძლივებლად. სხვა მომღერლებმაც სიხარულით დაამატეს თავიანთ ვერსიებში.

ამ ნაჭერს თან გატანთ შემოდგომაში. 

Monday, September 26, 2016

Chovendo Na Roseira




- Chovendo Na Roseira  "აწვიმს ვარდის  ბუჩქსბოლო პერიოდის აღმოჩენაა. ელის რეჟინა მღერის ტომ ჟობიმის სიმღერას. ალბომსაც "Elis and Tom"  ჰქვიაისე თავისუფლად, სწორი აქცენტებით და ზუსტად მღერის, გეგონება, რომ ეს წუთია, სტუდიაში შემოვიდა და  ნოტის ფურცელი მისცეს. ისიც დადგა და გადმოსცა ის, რაც პირველად იგრძნომსუბუქი ვალსია, საკმაოდ რთული გადასვლებით და არაპროგნოზირებადი მელოდიის ხაზითროცა პირველად მოვისმინე და ტექსტის თარგმანი მოვიძიე, ვიფიქრე, რომ წვიმა ვარდის ბუჩქზე ძალიან კარგი პოეტური სახეავარდის ბუჩქი  თავის ფერით და სურნელებით და ახალი, სუფთა წვიმის წვეთები, სილამაზის გასაორკეცებლად. მელოდიაში მაჟორული და მინორული ტაქტები ერთმანეთს ენაცვლება და ზუსტად ხატავს პეიზაჟს: ვარდისფერ ყვავილის ფურცლებს და  ნაცრისფერ ცას. ამ დროს ტომ ჟობიმი კეთილი დირიჟორია, სილამაზის მეხოტბე, რომელიც  წვიმის რიტმს აყოლებს  სიტყვებს: ეს ლუიზას, ეს პაულინიოს, ეს ჟოაოს, ეს არავისვარდის ფურცლები ქარს მიაქვს. თან მიჰყვება ჩემი ფიქრები წმინდა სიყვარულზე. წვიმა ასველებს ვარდის ბუჩქს, ასველებს სამყაროს, ავსებს მდინარეებს, აკრიალებს ცას...  რბილი წვიმაა, პორტუგალიური სიტყვასავით (chuva).



- იტალიაში სხვა ტრადიციებს შორის შემორჩენილია .. "აროტინოს", (l'arrotino) ანუ დანების მლესავის ჩვეულება. დილაობით ეზოებში ჩამოივლის ხოლმე  ველო, ან ზუზუნა ფურგონი, რომლიდანაც რუპორით გაჰყვირიან:  "მოვიდა დანების მლესავი. ქალებო! მოვიდა დანების მლესავი და ქოლგების შემკეთებელი. ვლესავთ დანებს, მაკრატლებს, აბრეშუმის საჭრელ მაკრატლებს, პროშუტოს დასაჭრელ დანებსშევაკეთებთ ქოლგებსგაზქურებს. გვაქვს გაზქურის ყველა სათადარიგო ნაწილი. თუ გაზი აპარებს, თუ სამზარეულო გაკვამლულია, ჩვენ შევაკეთებთვმუშაობთ სწრაფად."  ერთი სიტყვაც რომ არ გესმოდეს, ხმის ტონი  სუფთა სამხრეთულია, ჩვენი საყვარელი ნეორეალიზმის პერიოდის ფილმებიდან: ფამილარული და ოდნავ ზედაპირული, გადაჭარბებისადმი ტოლერანტული, ისეთი, საერთო ხარხარი რომ უნდა მოჰყვესუსმენ და ელოდები, როდის მიაძახებს ვინმე: შე ასეთო და ისეთო, კვირაა, მაცალე ძილიარ ძინავთ დიასახლისებს. მათ სამზარეულოებში ყველაფერი ძველია, მაგრამ ტკბილი, ემოციურად მიმჯაჭველი. წინსაფარი ოჯახის რომელიმე უფროსი ქალის შეკერილია. თმას აღარ იღებავენ: შავგრემან სახეზე ჭაღარა უხდებათ. ყოველდღე იმ  ძველ სამზარეულოში, ათასჯერ ნახეხ ტაფებსა და ქვაბებში ნაირ-ნაირებს ამზადებენ, სურვილით, მოუღლელად. მათთან მისულ აროტინოს ნივრის სუნი დახვდება: კერძის მომზადებისას ერთ კბილ ნიორს ტაფაზე  ჯერ დააგდებენ, შემდეგ მალევე უკან იღებენ, არომატი კი რჩება.

Monday, August 29, 2016

შოკოლადის ფანტელები

http://ermonia.blogspot.com/2010/07/i-old-kutaisi.html

ის ძველი სანაყინე ბაღის შუაგულში იდგა. მგონი, დასაშვები კედლები ჰქონდა. პირდაპირ შიგნით აბიჯებდი, თან კაფეში იჯექი და თან გარეთ, ბაღის სიმწვანეში. იმ პერიოდში ყველა კაფეს ერთნაირი, სტანდარტული სანაყინე ჭურჭელი ჰქონდა: ზედა ნაწილი პრიალა ვერცხლისფერი მეტალის იყო, ფეხი - სპილოსძვლისფერი პლასტმასის. ხანდახან ვუყურებდი, როგორ ასველებდა კაფეს თანამშრომელი ამოსაღებ მრგვალ კოვზს ჯერ წყალში, და შემდეგ ვერცხლისფერ ზედაპირზე კოხტად აწყობდა სამ ნაყინის ბურთს. იმ სანაყინე ვაზის დანახვა ჩემთვის სიხარულის დასაწყისს ნიშნავდა. ყველაზე მეტად შოკოლადის ფანტელებით ვიყავი მოხიბლული, რომლებსაც ვანილის ბურთებზე აფრქვევდნენ. რაღაც ძალიან უცხო და განსაკუთრებული იყო ჩემთვის და მეგონა, ნაყინის მირთმევის მთელ პროცესს უფრო ჯადოსნურს ხდიდა. იმ სანაყინეში ხშირად დედასთან და მის მეგობრებთან ერთად დავდიოდით. ალბათ, საუბარს გათიშული ვიყავი: ჩემი გონება ამ ფანტელებით იყო დაკავებული. მეჩვენებოდა, რომ განსაკუთრებულ გემოს სძენდა ნაყინს, თან მყარი იყო და პირში არ დნებოდა. ალბათ, ჩვეულებრივ შავ შოკოლადს სამზარეულოს სახეხზე ხეხავდნენ და ზოგიერთი ფანტელი ამიტომაც იყო ხის ბურბუშელასავით აპრეხილი. 

Wednesday, June 15, 2016

ნაზია ღამე


ვიღაცისგან გავიგე, ბგერას ჯერ გონებით უნდა მიწვდე და მერე იმღეროო. როცა ამ სიმღერას ვუსმენ, სულ ის აზრი მიჩნდება, რომ გონებით გველაპარაკება. 90-იანების ბნელ საღამოებში ერთ ოთახში ვიყუჟებოდით ხოლმე სამივე: მე, ზაზა და დედაჩემი. ზოგჯერ საბანში ვეხვეოდით და დედას ვთხოვდით, სადმე დაერეკა. მისი მოკლე პასუხებით ვცდილობდით, გაგვეგო, ხაზის მეორე ბოლოდან რა უთხრეს. ძალიან გვართობდა სხვებთან ასე დარეკვა და ამბის კითხვა. გაგონილს რაღაცას მოვაბამდით და უსასრულოდ ვიცინოდით. იმ საღამოების საუნდტრეკები იყო "დავრდომილი, სნეული", რომელიც მაშინ "იმერული ესკიზებიდან" ვიცოდით, ქალის ნამღერი, და "საბრალო დედაბრისასა", ზურა ქაფიანიძე მღეროდა რომელიღაც ფილმში. ამ სიმღერის შინაარსის ცოტა მეშინოდა, მაგრამ იმ სიტუაციაში საერთო მხიარულებაში გამყავდა. ახლა საღამოობით სამივე სხვადასხვა ლოკაციაზე ვართ. ზაზას ხანდახან ერთ სიტყვას მივწერ ხოლმე; ზუსტად ახსოვს, რომელ იმდროინდელ მაიმუნობაზე მიანიშნებს. 

იშვიათად ხდება, მაგრამ როცა ძალიან ადრე მეღვიძება, დიდ რამედ მიმაჩნია. მგონია, ისეთ რამეს დავინახავ, რაც ჩვენთვის დაფარულია, ბუნების საიდუმლოს ან რამე საოცარს. თითქოს სადმე მისიით ვარ მივლინებული, ისე ვაკვირდები, გარეთ რა ხდება. როცა ზამთარია, ჩიტების ხმა არ ისმის და სრული სიჩუმეა. საიდანღაც მანქანა მოდის, ვიღაც ფეხით ჩამოივლის. გაზაფხულზე ჩიტების ჭიკჭიკია ხოლმე მთელ ხმაზე. ვუყურებ, თითქოს ვიღაც ვიდეოს აკეთებს და ცდილობს, გათენებას ზუსტად დაადოს ჩიტების ხმა. ამ ვიდეოში ყველაფერი სრულყოფილია და არაფრის შეცვლა არაა საჭირო. მერე კმაყოფილი ვიბრუნებ ძილს და დილით ლაშას ვუყვები, რა ვნახე. ადრე რაღაც პერიოდი ღამით გვიწევდა გაღვიძება. ავტობუსი ათ წუთში არტყამდა წრეს, ამიტომ ჩასვლა უნდა მოგვესწრო. ვიდექი გაჩერებაზე ნახევრად მძინარე და თან თავგადასავლით გაკვირვებული. თავს ზემოთ მთვარე ანათებდა, ციოდა და გათენებამდე მივდიოდი სკოლაში. ახლა ეს ისე მახსენდება, თითქოს სინამდვილეში არც ყოფილა.

Friday, May 6, 2016

დარდების შემგროვებელი

2015. თვით მე. შევცქერი დაისს. ფოტო ლაშასი. წიგნის საკითხად სინათლე აღარ მყოფნიდა და სანამ ბოლო სხივი არ გაქრებოდა, ვუყურებდი.
ელენეს ვუმადლი ამ ლექსს. მთელი დღეებია, გულში ვიმეორებ ლოცვასავით:

"ქარი დაცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს...
მე გიცქერი, როგორც ქარვას,
შორითშორად ფიქრი წარვალს,
თან გაატანს ქართა ქარვას,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს.
ო, ფიქრებო, მსვენო ტაძრად,
ო, ქცეულნო მტვრად და ნაცრად,
რად მიყვებით ასე მკაცრად
ჩამავალ მზეს, ჩამავალს..."

ალბათ რამდენიმე წუთში დაწერა იმ დიდმა კაცმა. ხატები, სურათები და დღეები დაშიფრა სიტყვების უკან, როგორც ექსელის ცხრილში, უჯრების შიდა შრეებში შიფრავენ ინფორმაციას. ალბათ ჩვენი დღეებიც იცოდა, როგორი იქნებოდა. თუნდაც, ეს აღდგომის დღეები: სიახლის და მადლიერების გრძნობა, დღესასწაულის სიდიადის და ელვარების რიდი და იმქვეყნად მყოფების გახსენება. 

გოდერძი ჩოხელმა მგონი სადიპლომოდ გადაიღო ის ფილმი, "აღდგომა". მისი სოფლის მკვდრებს ჩამოუვლის და ელაპარაკება. ერთი ქალი ჩამოურაკრაკებს, ასე ვიშრომე, ამდენი ჩავაბარე. გოდერძი ეკითხება, ისე ხომ კარგად ხარ, ქარი ხომ არსაიდან გიქშუტუნებსო. ქალი პასუხობს, ამინდის მესვეურები რაც შეიძლება ყველა ღონეს ხმარობენ, რომ კარგი ამინდი იყოსო. 

ზაზამ მითხრა, დარდი სპარსულადაც "დარდიაო". გოდერძის დარდების შემგროვებელს ერთი თანასოფლელი ეუბნება, მე ის მადარდებს, დარდი რომ არ ილევაო.

მგონი, ოსკარ უაილდიც ამ აზრის იყო. ნანუკამ გამახსენა მისი მოთხრობა "ვარდი და ბულბული". მეოცნებე სტუდენტი პროფესორის ქალიშვილზეა უიმედოდ შეყვარებული. ზოგჯერ თავს ეკითხება, მისთვის ვინ ვარო, მაგრამ უმეტესად მაინც მასზე ტირის. გოგოსთვის მთავარი ღირებულება ძვირფასეულობა და ვიღაც ჩემბერლენის ძმისშვილის ვერცხლისბალთიანი ფეხსაცმელია. ბიჭს ერთხელ უთხრა, თუ წითელ ვარდს მომიტან, შენთან ვიცეკვებო. ვარდის ბუჩქი ბიჭის ფანჯრის ქვეშ იდგა, ოღონდ უვარდებოდ, ყინვისგან იყო დამზრალი. ბულბულმა იფიქრა, კაცის გულთან შედარებით ფრინველის გული რა არისო. მთელი ღამე მღეროდა ვარდის ბუჩქთან. მკერდი ეკალზე ჰქონდა მიბჯენილი. მისი გულის სისხლი გადავიდა ვარდის ძარღვებში, გააცოცხლა და ყვავილი გააშლევინა. გულის ბოლო ფეთქვამ ყვავილის ფურცლები წითლად შეღება. მერე რაც მოხდა, ადვილი მისახვედრია... ყველაზე მეტად ის მეტკინა, არავინ რომ არ იცოდა, ვინ გაიღო მსხვერპლი. წითელი ვარდი ეტლის ბორბალმა გათელა, გოგო თავის ბრჭყვიალა სამყაროში დარჩა, გულგატეხილი და ჭკუანასწავლი ბიჭი წიგნებს მიუჯდა, ბულბული უსულოდ ეგდო. ერთნი - ჩუმი თავგანწირვისთვის, მეორენი - ყველაფრის არდანახვისთვის, სხვანი - შეცდომებზე სწავლის და წვალებისთვის. მწერალი ამ სიტყვას ხმარობს: "სასიცოცხლო სისხლი" (life's blood). "გულიდან სისხლის წვეთები". ეს გრანელისაა. იმ დარდის გაგრძელება. 

ნეტავ, შეიძლებოდეს ჩვენი მკვდრებისთვის წერილის გაგზავნა. აი, ის იქნებოდა, თუ იქნებოდა დარდების მატიანე. და იქედან მიღებული პასუხი რაღა იქნებოდა ?

Monday, March 21, 2016

როცა აყვავდა ნუში

ამ ქარიან დღეებში, სამსახურის დაძაბულ სიტუაციაში გამახსენდა ჩემი დეიდაშვილის, მაიკოს ნაჩუქარი ბრასლეტი, რომელიც ძალიან მიყვარდა და ერთხელ ისე სულელურად, შემთხვევით გამიტყდა. განიერი იყო და სპილოები გქონდა ამოტვიფრული, - მწკრივად მიდიოდნენ, - თვითონაც სპილოსძვლისფერი იყო. ერთ ფოტოზე უნდა იყოს შემორჩენილი. სოხუმში ვარ, მოკლედ შეკრეჭილი თმით, ასაკისთვის შეუფერებლად მაღალი. მაშინ უკვე დაწყებული მქონდა ბლოკნოტებში ნაწყვეტების და ლექსების ამოწერა. როცა ბლოკნოტი შეივსებოდა, ახალში გადამქონდა ის აზრები, რომლებიც ძალიან მომწონდა. მაშინ სულიერ ტკივილებზე ვწერდი. ახლა მეცინება: ნეტა, მაშინ რა მეგონა ტკივილი? რა ვიცოდი, რომ ძნელი, ძნელი ცვლილებების შუაგულში გაივლიდა წესით ყველაზე მხიარული წლები. ბოლომდე არც ახლა ვიცი, როგორ ადამიანად მაქცია იმ სირთულეებმა, რაც გამოვიარე, ან ნაკლები ტრაგიზმის პირობებში როგორ განვვითარდებოდი.

ახლა ცრუ ღირებულებების ხანაში ვარ გადმოსროლილი. ჩემი ტრავმები მიძინებული მაქვს. უბრალოდ, ხშირად ვიხედები უკან, როცა რაღაცები თავისით ლაგდება და ცხადად მენახვება. სიბრალულის დრო არც მაქვს, რადგან სულ თავზე მემხობა დღევანდელი რეალობა, მრავალგვარი გამოვლინებით.

როცა ლანა ღოღობერიძემ ეს ფილმი გადაიღო, ხალხი შედარებით უბრალოდ ცხოვრობდა. კარგი იყო, ახალგაზრდებზე და სინდისზე რომ იღებდნენ ფილმებს. ეს ნაწყვეტი ლაშამ გამიკეთა. ჩემთვის სულ გაზაფხულის მოსვლის სიმბოლო იქნება. 




Monday, February 8, 2016

"საკვირველ არიან საქმენი შენნი"

  • დღეს ისე თოვდა, წვრილად, როგორც ჩემს საყვარელ ფილმებში: თან რომ ქარი ქრის და მისი მოქმედებით ფიფქების ნაწილი ისევ ზემოთ ადის და ტრიალებს. უქოლგოდ და უქუდოდ გავედი სასეირნოდ. არა, smooth jazz-ის თემა არ დამყვებოდა, ორშაბათის ქაოსმა გააქრო ჩემი განწყობა და მალევე მივბრუნდი უკან.
  • რამდენიმე დღის წინ წმ. ქსენია პეტერბურგელის ხსენების დღე იყო. ჩემმა ნაცნობმა უკრაინელმა მხატვარმა ოკსანა სტრატიჩუკმა საკუთარ თავს და ყველა ქსენიას დღე თავისი ნამუშევრით მიულოცა. ძალიან მომწონს, იმ დღეს ვერას ვეუბნებოდი, ჩემი ფიქრები მოუქსოვია-თქო.

Перше серпня. (პირველი აგვისტო)
 http://stratiychuk.com/ 
  • ვეხმიანები ლორდის  ყავის თემას: საქართველოში დაბრუნებამდე ჰოლანდიაში ორ დაქალთან ვიყავი შეხიზნული ერთი თვით. ელენა ყველაზე ადრე გადიოდა სახლიდან. სამზარეულოს მაგიდაზე ხის დაფაზე დადგმული ბიალეტი მხვდებოდა, ჯერ კიდევ თბილი ესპრესოთი. იმ რამდენიმე ყლუპს  ნეაპოლის ცხელ მზეში ვსვამდი. (Elena is a Napoletana :)
  • რაღაც ტექნიკური ჭები თუ შეგინიშნავთ ზოგ ქუჩაზე? ზემოდან ბეტონის თუ ცემენტის სქელი თავსახური აქვს და მის ქვეშიდან სულ წყლის გუგუნი ისმის. მის სიახლოვეს ნესტის მძაფრი სუნი დგას. ჩემს ქუჩაზეცაა ასეთი. ყოველ დილით მიხდება ჩავლა. ამ დროს სულ ქუთაისში მგონია თავი, ფოთის ქუჩაზე. იქ იყო ასეთი ჭა და კიდევ ძველი ხაოიანი კიბეები, რომლებზეც მამაჩემს ორსული დედაჩემი ფრთხილად ჩამოჰყავდა. ჩემს ქუჩაზე ჭასთან მართლა კიბეებია, ისეთი არა, ახლებური. სუნი და გუგუნი უცვლელად მხვდება და ყოველი ჩავლისას გულში ვამბობ: ფოთის ქუჩა.

Wednesday, January 27, 2016

სამოთხის ფერი

ირანელი რეჟისორის - მაჯიდ მაჯიდის ფილმი ვნახეთ, "სამოთხის ფერი". ეს რამდენიმე დღეა, იქ ვარ, იქ დავრჩი.

ადრე სხვა ფილმიც ვნახეთ მისი, "ზეცის შვილები". ისეთ ფილმებს იღებს, პირველივე წუთებიდან რომ ყველაფერი გავიწყდება და გაუნძრევლად უყურებ.

სავალუტო კრიზისის, გრიპების ისტერიის და თოვლ-ყინვის შუაგულში მყოფი სულ უფრო მეტად ვისწრაფი იმისკენ, რასაც რეჟისორი გვახსენებს, საითკენაც გვახედებს ჩვენ, რკინაბეტონის ქაოტურ ქალაქში ამომხრჩვალ და საცობებში ნაჯაჯგურებ ეგოცენტრიკებს.


შენ, ადამიანო, ასეთი უნდა იყოო - ამას მკარნახობს ამ პატარა ბიჭის - მოჰამედის ყველა მოძრაობა, მოქმედება. თვალხილულ ადამიანებზე ბევრს ხედავს, ბევრი ესმის; უშუალო და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს გარემოსთან. მასწავლებელმა უთხრა, ღმერთს ვერ დაინახავ, მაგრამ ყველგანაა და უნდა იგრძნო, უნდა შეეხოო. მისთვის ყველაფერი ღმერთის ძალის გამოვლინებაა: ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყის სუსტი ხმა, კოდალას მორზეს ანბანი, მისი სოფლის მაღალი ბალახი, მდუმარე კენჭები მდინარის ფსკერზე...