Friday, January 30, 2015

Escuchando el Silencio

წავალთ ხოლმე ახლო სოფლებში და ვუსმენთ სიჩუმეს.
სიჩუმეს.
ქარის მხარეს გადახრილ ტოტებს.
გაყინულს და დაჭირხლულს.
ნისლს.
ნისლში გაფერმკრთალებულ მთების კონტურებს.
იმ დღის სიმღერას.
ერთმანეთს.


მექორწილეები ფოტოებს იღებდნენ. ველოსიპედით მოსეირნეებს სქელი ხელთათმანები ეცვათ. ჰორიზონტი გავდა მონალიზას პორტრეტის უკანა ფონს.


მეგონა, ამ კორდებზე რეზო ინანიშვილის მოთხრობის ბალანჩამოძენძილ, გამხდარ მელას უნდა ჩამოევლო.

Tuesday, January 20, 2015

არგაბედო, ნუიზამ, გრცხვენოდეს

- მე და ზაზას ბავშვობაში გვიხაროდა, როცა სოფლის გზაზე ურემი ჩამოივლიდა. ჩვენთან ახლოს ორი მეურმე ცხოვრობდა: ილუშა და ვასილი. სიხარულისგან აღარ ვიყავით, როცა რომელიმე ურმით გაივლიდა. ჭიშკარზე ავძვრებოდით და სანამ თვალს არ მიეფარებოდა, გაფაციცებული ვუყურებდით. ის შეგრძნება ახლაც მახსოვს: რაღაც მისტიკური აგებულება ჰქონდა, ხის თვლები, სატვირთო ადგილზე დაყრილი ჩალისღერები და მოძრაობის სიჩქარე. ქუთაისში ჩვენი ბინა რკინიგზის გადასასვლელთან ახლოს იყო. (ძალიან "ჭკვიანურად" ჰქონდათ კომუნისტებს ქალაქის ის უბანი დაგემილი.) თავიდან ძალიან გვაწუხებდა მატარებლის ხმა, განსაკუთრებით ღამით. მერე კი მივეჩვიეთ ჯერ კივილს და მერე დაგან-დაგანს. სამაგიეროდ, ჩვენთან სტუმრად მოსული ბავშვები გიჟდებოდნენ მატარებელზე: როგორც კი ხმას გაიგონებდნენ, მატარებელიო და მიაწყდებოდნენ ფანჯარას. ზღვაზე ყოფნა ჩვენთვის როგორი ნეტარებაა. მთელი წელი ველოდებით ზღვაზე წასვლას, ვაკვირდებით, პირველად როდის გამოჩნდება გზიდან, ჩემი ქობულეთელი მამიდაშვილი კი სერიოზულად ამბობდა, ვერ გამიგია, ზღვის გულისთვის როგორ ჩამოდის ამდენი ხალხი აქ, ზღვაა, დიდი ამბავიო.


- ღარიბი ქვეყნები ვგიჟდებით ყველაფერ მდიდრულზე. გვიყვარს სიტყვები: უნიკალური, მსოფლიოში ანალოგის არმქონე, უძველესი, გრანდიოზული, პრესტიჟული. სასტუმროებს და კაფეებს არქმევენ "პრესტიჟს." "ბათუთაქუარი" ერქვას, არ ჯობია?

- როცა გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს ვკითხულობდი, ნათარგმნ ტექსტებში ხშირად მხვდებოდა სიტყვა "მიაბარეს". მაგალითად, "მშობლებმა 12 წლის ვიქტორი პანსიონში/გიმნაზიაში მიაბარეს." ამ სიტყვაზე ახლაც ისეთი ასოციაცია მიჩნდება, თითქოს ვინმეს მოიშორებ და სადმე მიაბარებ, ვინმეს მიანდობ მის თავს.

- ერთხელ ზაზამ ვიღაც კაცს ქუჩაში საათი ჰკითხა. იმან ხელი აუქნია, - "ადრეა ჯერ" და გზა გააგრძელა.


- ჩემს თანამშრომელს, მძღოლს ვეუბნები, ამ მისამართზე ცხოვრობს ჩვენი მარკეტინგული კამპანიის გმირი. იქნებ, მიაკითხო და ფოტოსესიაზე მოიყვანო. თურმე, ანერვიულდა, დაიწყო კითხვა, ვინაა, რა გმირობა ჩაიდინა, რატომაა გმირი? ვაიმე, გმირთან მაგზავნიან სახლში და არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

-  ვერაფრით ამიხსნია ტუალეტში წიგნის კითხვის ფენომენი. დღემდე მისტიკაა ჩემთვის. კაცების ნოუჰაუა.

- სცენა ქუთაისის სახაჭაპურეში: ფეხზე დგომის მაგიდები, სკოლის ჩანთები კაუჭებზე ჩამოკიდებული. შევექცევით ფენოვან ხაჭაპურს. ნათია ბიბილეიშვილი ჩვენს შორის ყველაზე გამხდარია. ნელა ჭამს და ის ზარალდება ყველაზე მეტად. როცა ჩვენსას მოვრჩებით, მის ხაჭაპურზე გადავდივართ.

- პატარები რომ ვიყავით, ჩემი ძმა მარწმუნებდა, "პაექრობა" კაცის სახელიაო. კიდევ, გუდასტვირს სინამდვილეში "გუდასული" ჰქვია და ბადმინტონს - "ბადგიბურთიო". მეც ვეთანხმებოდი.

Thursday, January 1, 2015

დეკემბრის ქრონიკა

დეკემბერმა საოცარი სისწრაფით გაირბინა... ბევრი სასიამოვნო მოვლენით იყო დატვირთული. ეს დღეები ვისვენებ და ტელეფონის არქივს ვალაგებ.

კონცეპტუალური გამოფენა-ინსტალაცია ბავშვებისთვის და არა მხოლოდ: დათო ჯანიაშვილის "ქართულ-ფრანგული ანდაზები" მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე, ჩვენი სპონსორობით.
ყოველწლიური კორპორაციული ღონისძიება, წელს თემით "საშობაო კარუსელი". ევროპული საშობაო ბაზრობის ელემენტები: ბამბის ნაყინი, ბელგიური ვაფლები, ფრანგული კრეპები, ვაშლი კარამელში, პოპკორნი, გლინტვეინი, კლოუნები, ჟონგლიორები, მოცეკვავეები, სასულე ორკესტრი, ძველი ვალსები... სცენაზე თეიკო და თიკა ფაცაცია. ფოტო ფიქრიასი.
წელს ჩემს შავ კაბას წითელი აქსესუარები დავამატე: სქელი და ფუშფუშა წითელი პაჩკა ქვედაბოლო და კარმენის ვარდი. მაქმანის ხელთათმანები ბოლო მომენტში გადავიფიქრე. ფოტო გია აბდალაძის.