ისე დაემთხვა, რომ ივლისის თვეში ბევრი ჩემი საყვარელი ადამიანია დაბადებული. სიამოვნებით გიამბობთ მათზე:
7 ივლისი. ნათია ჭულუხაძე. ჩემი ბავშვობის მეგობარი, უახლოესი ადამიანი, ბევრი ჭირის და სიხარულის გამზიარებელი, ჩემი ნათლულის, იოანეს დედა. ერთმანეთი საბჭოთა ბაღში გავიცანით. ჩვენი დედები ერთად მუშაობდნენ და ერთ ბაღში დავყავდით. იქ ძალიან დავმეგობრდით და ჩვენი სიახლოვის აღსანიშნავად ნათიამ ასეთი გამოთქმა გამოიყენა: დედამისს უთხრა, იცი, თიკო როგორ მიყვარს? ბლინებზე მეტადო... ჩემი ბლინების მეგობარი წლების შემდეგ ისევ შემხვდა, სამხატვრო გალერეაში. აბიტურიენტობისას ინგლისურში ერთად ვემზადებოდით. ავტობუსის გაჩერებაზე მეწვრილმანეებისგან ჩემთვის შოკოლადებს ყიდულობდა. კურსზეც ერთად მოვხვდით. მაშინ პარალელურად ათას ადგილას ვმუშაობდი. ჩემზე ნათია ზრუნავდა: გამოცდების წინ კონსპექტებს მიგროვებდა, ქსეროასლებს კოხტად დამიწყობდა, თბილად მოღუღუნე შეშის ღუმელთან დამსვამდა და დედამისის მომზადებული გემრიელობების თანხლებით მაკითხებდა ვოლტერის და რუსოს ბიოგრაფიებს. მასთან დაკავშირებით გასახსენებელი კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ ერთს ვიტყვი: მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი რწმენასთან დაახლოებისათვის. რელიგიურად უმეცარს ეკლესიისკენ პირველი ნაბიჯები მან გადამადგმევინა, ლოცვები და გალობა მასწავლა. იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღესაა დაბადებული და თავადაც იოანეს და ბესარიონის დედაა. მისი არაჩვეულებრივი მეუღლე, ნიკო დევდარიანი, ასევე ივლისშია დაბადებული. მეოჯახე, პროფესიონალი, ინტელექტუალი, ქრისტიანი და მეგობარი. მათ მყუდრო სახლში სტუმრობა ძალიან მიყვარს და მინდა, ხშირად ვახერხებდე.
ბესარიონი და იოანე |
13 ივლისი. ირინა მამასახლისი. ჩემი უახლოესი მეგობრის, ლევან ნამიჭეიშვილის მეუღლე და ოთხი ანგელოზი ბავშვის დედა. მასზე პირველი შთაბეჭდილება ლევანისგან მოვისმინე. ირინა ახალი გაცნობილი ჰყავდა და ისეთი აღფრთოვანებული საუბრობდა, იქვე ვუთხარი, რომ მისი ცოლი გახდებოდა. პროფესიული და ცხოვრებისეული უნარების გარდა, ჯადოსნური ხელები და ენერგია აქვს. დიდ გარჯად სულაც არ მიაჩნია ერთ-ორ საათში ნიკოლოზისთვის ჩოხის შეკერვა, ნინოსთვის ტორტის გამოცხობა, დავითის მეცადინეობა, გიორგისთვის ზღაპრის წაკითხვა, მთელი ოჯახისთვის სადილის მომზადება, გარე საქმეებზე გასვლა, მერე ინტერნეტში ანჯელინას კაბის დიზაინის ნახვა და თარგის მომზადება. საღამოს განვლილ დღეს შეაჯამებს, მეორე დღის გასამზადებლებს მოილევს და კიდევ უკმაყოფილოა, ბავშვებს რამე ხომ არ დავაკელიო. ირინა და მისი ოჯახი ძალიან მენატრება და მინდა, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, რომ დავტკბე მათთან ურთიერთობით.