Monday, February 17, 2014

ირენის ჰარმონია თიხაში

ვინ არის ირენი?

ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი. საოცარი ადამიანების, ქალბატონ მარინას და ბატონ ნოდარის შვილი. ჩვენი ბავშვობის მულტფილმებში რომ იყო კეთილშობილი, ინტელექტუალური ოჯახები: მაღალი და სათვალიანი მამა, ალერსიანი, თხელფეხება დედა და შთაგონებული ბავშვები, ზუსტად ისეთ ოჯახში გაიზარდა. ცოდნა და სიკეთე - ეს ღირებულებები ძალდაუტანებლად გადასცეს სამივე შვილს. გვიან შემოდგომაზე მის დაბადების დღეზე მივდიოდით. უთბილესად გვიღებდნენ, მერე ირენის მამა სახლებში გვარიგებდა.

გარეგნობით ძალიან ჰყავს თავის პოლონელ ბებიას - დარიას, რომელიც ბაბუამ ომში გაიცნო. წარმომიდგენია, ზუსტად ირენივით მშვიდი, მორიდებული და ჭკვიანი იქნებოდა. ერთხელ ბეწვის ხიდზე გავლა შეშინებია: ხიდი თანთალებსო.

ირენი
სკოლა, ჰუმორი

ძალიან კარგი მოსწავლე იყო, თუმცა, თავისი მიღწევებით არასდროს ტრაბახობდა. გაკვეთილებზე სულ მზად იყო, ოღონდ არ ყვიროდა, მე გამიძახეთო. (იხ. ზემოთ ოჯახის შესახებ) ხელოვნება უყვარდა და ძალიან კარგად ხატავდა. ხშირად გვიხატავდა კომიქსებს: მოგონილ საქმროებს კოლორიტული გარეგნობით და ლექსიკით. როცა თინეიჯერები ვიყავით და საკუთარი გარეგნობით დავინტერესდით, ჩვენს პორტრეტებსაც ხატავდა სახელდახელოდ.

რამდენიმე მაღალი გოგო სულ უკანა მერხებთან ვისხედით. იმ გაკვეთილზე რაღაცებზე ვიცინოდით, ირენი თავდახრილი გეოგრაფიას იმეორებდა. უცებ, თავი აწია და შეწუხებულმა იკითხა: "ბავშვებო, მეზოზოურ ერაში რა მოხდა?" 

ერთხელ რომანის წერა წამოიწყო: ზურიკელა ვაშალომიძის შთაგონებით თავის მთავარ გმირს გოგაია მამალაძე დაარქვა. ეპიზოდებს შესვენებებზე გვიკითხავდა ხოლმე.

სექტემბერში ტრადიციულად გვაყოლებდნენ არდადეგების ამბავს. ირენმა ყველაფერი გვიამბო, მშვიდად და დალაგებულად, ოღონდ არ ამბობდა, სად დაისვენა. ამ გაურკვეველმა მოლოდინმა ყველა გაგვამხიარულა. მასწავლებელი ჩააცივდა, რა მოხდა, გვითხარი, რომელ კურორტზე ისვენებდიო. ბოლოს, სიცილი რომ ცრემლებში გადავიდა, ირენმა მორიდებულად გვითხრა, კვერეთშიო.

Thursday, February 13, 2014

The Older, The Better

წარმოიდგინეთ, რომ აღებთ ჭურჭლის შესანახ სტილიზებულ კარადას, მრავალგანყოფილებიანს, აი, ისეთს, სასტუმრო ოთახებში რომ გვიდგას ხოლმე, გადმოსაწევი კარი და სასმელების ბარი რომ აქვს. აღებთ კარს და იყნოსავთ ხის და ძველი კონიაკის სუნს, ერთმანეთში არეულს. კიდევ თქვენს სახლში გამართული წვეულებების სუნს, სადაც ძველი მეგობრები ილხენდნენ. ამ განყოფილებაში გიდევთ შინნამზადი "საშობაო სასმელი", თეთრი მშრალი ღვინო, წამლად მისაღები "საფერავი", "ჯეკ დენიელსი", მარტინი "როსსო" და ავიარეისიდან წამოღებული ლიქიორის მინიბოთლი.

კაფეში ხედავთ ახალგაზრდა ქალს. კარგად ნახმარი ზურგჩანთა იატაკზე უდევს, ყავა კარგა ხნის დალეული აქვს, ჭიქა უკვე სულ ამომშრალია. თმა ზურგზე დაყრილი, სახე უმაკიაჟო. შუათითზე ვერცხლის ბეჭედი, მაჯაზე - მექსიკური ჭრელი სამაჯურები. მაგიდაზე ალბომი აქვს გაშლილი და წიგნიდან იხატავს ვენერა მილოსელის ქანდაკების დეტალს. მხარზე გადასაკიდ ჩანთაში უდევს პლანშეტი, ჰენრი პერსელის დისკი და ფრანგი პოეტების კრებული.

მიდიხართ სემინარზე, სადაც უნდა მოისმინოთ თქვენი პარტნიორი კომპანიის ტექნოლოგიური სიახლის შესახებ. მზადაა გამომსვლელის მაგიდა, პროექცია, დამსწრეთა სავარძლები, ბლოკნოტები, კალმები,  კორპორაციული სუვენირები, ყავა და წვენი. ჟურნალისტები კითხულობენ პრესრელიზს, ოპერატორები მართავენ აპარატურას. ოთახი, სადაც სადაც სემინარი ტარდება, ისტორიულ შენობაშია. კედელთან ვიტრინები დგას, ძველებური ჭურჭლით, მონეტებით, ნაქარგი ცხვირსახოცებით და ხავერდის ხელთათმანებით. ჭერის სანათზე ჩამოკიდებულია ხევსურული სამკაულების დეტალები.

Sunday, February 9, 2014

თებერვლის ორი გასეირნება

ადრეც ვწერდი, როგორ მიყვარს თებერვლის ჩუმი დღეები: შიშველი ტოტები, ოდნავ მოძლიერებული მზე, ზამთრის გაწელილი სიზანტე და გაზაფხულზე ფიქრი. ასეთ დღეებში, სცენიდან რომ რაიმე მძიმე რეკვიზიტს გაათრევ, ისე გინდა, დააჩქარო გაზაფხულის მოსვლა, ყველგან მის ნიშნებს ეძებ და დილით გაღვიძებული, კარგად აყურადებ, ჩიტების ხმა მართლა გესმის თუ გეჩვენება. ქალაქს რომ გასცდები, სულ შიშველი და გაყინული მიწა ჩანს, ყურებთან ოდნავ ზუზუნებს ქარი, კლდეები და მთებიც თითქმის მიწისფერია. არა, არაფერი არ მეჩქარება, ისეთი ლამაზია თებერვლის პეიზაჟი. იდეალური დროა ახალი ლექსების საკითხად, ქალ მწერლებზე საფიქრად და ზაფხულის დასაგეგმად.

თებერვალი, 2009. ეკა.

ეკას ფოტო.

იმ დღეს ეკას ბელიკო პირველად ვნახე. დიდი მეძაღლე არც მაშინ ვიყავი და არც ახლა, პირიქით, სადაც ვნახავ, ვერიდები. ბელიკომ კი თავიდანვე შემიყვარა, ფეხებთან დამიწვა, ხელებმა თვითონ გაიწიეს მისკენ და ბევრი ვეფერე. როცა ვსეირნობდით, წინ მიდიოდა, დროდადრო ჩერდებოდა, პატრონივით უკან მოგვხედავდა, გვამოწმებდა და გზას განაგრძობდა. ნამდვილი კავალერი იყო. მე და ეკა ბევრს ვლაქლაქებდით, თემიდან თემაზე ვხტებოდით, განვიხილავდით ერთმანეთის სიხარულს და საწუხარს.  დროში და გაურკვევლობაში ვიყავით ჩაყურყუმალავებული.