ეს ჩემი ბავშვობის წიგნია. სულ პატარები ვიყავით, რომ გვაჩუქეს, ძველი, ხელახლა აკინძული და აღდგენილი. 1954 წლის გამოცემაა. მე და ჩემმა ძმამ ზეპირად ვიცოდით, რის მერე რა მოდიოდა. უკვე წაკითხულ ლექსებს და მოთხრობებს მეასედ ვკითხულობდით. როგორც სკოლის ბავშვებს სჩვევიათ, გვერდებზე რაღაცებს ვაჯღაბნიდით. ქვემოთ გამოჩნდება კიდეც რამდენიმე ასეთი "ნამუშევარი". ერთ გვერდზე გვიყვებოდნენ, როგორ მივიდა პარადზე პიონერი გოგონა სტალინთან და გადაეხვია; მათი სიტყვებით, "მხურვალედ მიესალმა". იქვეა ამ თეთრბაფთებიანი გოგონას და ყურებამდე გაღიმებული სტალინის ამაღელვებელი ფოტოც. რომელიღაცას ამ გოგონას, ვერა კონდაკოვას ასაკი გვიანგარიშებია იქვე, ქვეშმიწერით. წიგნი დიდხანს ძველ ბინაში იყო. ახლა ზაზამ მე მაჩუქა. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი მადლობელი ვარ მისი.
"გაზაფხულის" განყოფილება "ვარდს გაეფურჩქნა კოკორით" იწყება. მერე მოდის სტალინის დატირება, ლენინის ხოტბა, მისი ბავშვობის განდიდება, საბჭოთა დედების სიყოჩაღე, ბავშვების სიმალხაზე და სიფუნჩულე, რელიგიის დრომოჭმულობა, ომგამოვლილი თაობის საუკეთესო თვისებები, საბჭოთა კავშირის სწრაფი აღმშენებლობა, ამერიკის მოსახლეობის აუტანელი საცხოვრებელი პირობები... ქართველი ავტორებიც არიან და თარგმანებსაც გვთავაზობენ. ერთ მწერალზე ანოტაცია ასე იწყება: "ლენგსტონ ჰიუზი ცნობილი ზანგი მწერალია. მას ბევრი მოთხრობა აქვს დაწერილი ამერიკელი ზანგების მძიმე მდგომარეობის შესახებ." ზოგი მოთხრობის მართლა გვეშინოდა, მაგალითად, ერთის: "სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს". ახლაც მაჟრჟოლებს ერთ ამბავზე, როგორ მოიპარა დილაუთენია მამა-შვილმა ფურგონიდან რძე, იმიტომ რომ დედას შიმშილისგან რძე გაშრობოდა და ბიჭის პატარა დას ვერ აჭმევდა. მამა ბიჭს უხსნიდა, რომ ქურდობა ძალიან ცუდი რამეა და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ მისი და შიმშილით არ მოკვდეს. მოკლედ, წიგნი ნამდვილი რელიქვიაა შინაარსითაც, ილუსტრაციებითაც და პოლიგრაფიითაც. რამდენიმე ფავორიტს გთავაზობთ: