Thursday, November 21, 2013

Blink of an Eye [მინიატურები]

* * *
ზამთრის საღამოა. მე და ზაზა სახლში ვართ. დედა ჩვენთვის ვალინკების საყიდლადაა წასული. საღამოს ბრუნდება. შემოდის სიცივისგან სახეაწითლებული. ვგიჟდები იმ სიცივის სუნზე, რომელიც სახეზე ასდის. არ ვაცლი პალტოს დაკიდებას, არც ქოლგას ვართმევ; გიჟივით ვკოცნი და ვეხუტები.

* * *
პატარა ვარ, ბაღის ასაკის. დედაჩემს ბავშვთა პოლიკლინიკაში მივყავარ. მარმარილოს კიბეებით ავდივართ ფართო, ძალიან ფართო ჰოლში. მინდა, ეს კიბეები არ დამთავრდეს. თან მომწონს, რომ დაბალი საფეხურებია, თითქმის არც იგრძნობა, რომ ზემოთ აბიჯებ. კედელზე ყბაშეხვეული ძაღლის ნახატი კიდია: „ბობიკას კბილები ატკივდა.“ სანამ ექიმის კაბინეტამდე მივალთ, შიშისგან მაკანკალებს. მეშინია ასია ექიმის, მისი სახის გამომეტყველების, ყელში რომ უნდა ჩაგხედოს, იმ რკინის ინსტრუმენტის. სხვა დროს, ქუჩაში რომ გვხვდება, კარაკულის ქუდით და რედიკულით, მაშინაც მეშინია.

* * *
ქარიანი დილაა. ვწევარ, თვალებს ძალით ვხუჭავ. საშინლად მეზარება ადგომა და ლექციებზე წასვლა. ეზოდან გიული დეიდა იძახის: დათომ დარეკა, დღეს „ხარისხის სახლში“ ინგლისელებთან გასაუბრებაზე უნდა მიხვიდეო.

* * *
დედაჩემს ბაზარში მივყვები. შესასვლელში ერთსა და იმავე ადგილას დგას კაცი და ხმამაღლა იძახის: დროჟი, ქალებო! დროჟი, ქალებო! კარტოფილს ნაცნობ სვან ქალთან ვყიდულობთ. კარტოფილის რიგიდან კარგად ჩანს ფალიაშვილის ქუჩა და ჩემი მუსიკის მასწავლებლის აივანი. ხორცის განყოფილებაშიც ახლობელი მუშაობს: ლურჯბეჭდიან, რბილ ნაჭერს ვყიდულობთ. ყველის განყოფილება ცისფერი კაფელითაა გაწყობილი. ხილის დახლები გადავსებულია. მწვანილის რიგებთან სულ ჩაღრმავებებია და წვიმის გუბეები დგას. ბაზრიდან რომ გამოვდივართ, პროდუქტებით სავსე პარკი მისკდება და ყველაფერი ძირს მებნევა. ამას ძალიან განვიცდი და საღამოს დღიურში ვწერ, როგორი დაბნეული და შერცხვენილი ვიღებდი სათითაოდ ხახვს და ყურძენს ქვაფენილიდან.

* * *
ჩემს ოთახში ვარ, კუთხეში, სამეცადინო მაგიდასთან ვზივარ. უნივერსიტეტის წიგნები და მხატვრული ლიტერატურა ერთად მაქვს მიყრილ-მოყრილი. კედლები ჟურნალებიდან ამოჭრილი მსახიობების და მომღერლების ფოტოებით მაქვს აჭრელებული. მაგიდაზევე მიდევს მაგნიტოფონი და სახლის ტელეფონი. ტელეფონს ხანდახან იატაკზე ვდებ, საწოლთან, ოთხმოციანების ფილმების ქალების მიბაძვით. რადიოს ვრთავ და დიჯეი ამბობს: სტინგის სიმღერას მარიკა უძღვნის თიკოს.

* * *
ღამდება. სადღაც მივდივარ. ტროლეიბუსი ნელა მიირწევა. ხალხი – ზომიერად. ყველა ადგილზე ზის. ყველა ერთმანეთს იცნობს, მაგრამ ისე, რომ არ ესალმებიან. მძღოლი შუახნის, შავგრემანი კაცია, დაღარული სახე აქვს და სულ ერთი და იგივე, შავი შოფრული ქუდი ახურავს. სადგურთან აჩერებს. მისი ნაცნობი ქალი მაღაზიას კეტავს, რაღაც ჩანთები აქვს, ფაციფუცობს. ჩვენი მძღოლი გარეთ გადის, არ იჩქარო, დაგელოდებიო. მერე ამოდის და მორიდებით გვეუბნება: ბოდიში, მგზავრებო! ამ დროს ისეთი სახე აქვს, გიორგი შავგულიძე  ძია მაკარს რომ რაღაცას ეხვეწება.

* * *
ზაზა დედაჩემს შესჩივის, თიკოს კედლის კალენდარი ვთხოვე, სურათები მომწონდა, არ მომცა, მთელი წელი მახვეწა და დეკემბერში გამოიმეტაო.

* * *
იდილიურ ინტერიერში ბელა დეიდა რაღაცას კერავს, თან მამაჩემს, გასულ წლებს იგონებს, დედას ელაპარაკება. თეთრი, მოვლილი, ცისფერთვალება ქალია. უცხოელს ჰგავს. ყვავილებიანი ქსოვილისგან შორტებს მიკერავს, ისეთს, სერიალში ლაურიტას რომ აცვია.

* * *
ეროვნული მოძრაობის წლებია. ყველა მიტინგზე ვართ. წვიმაა. მოედანი სულ სავსეა ხალხით. გამომსვლელები თეატრის წინ, შემაღლებული ადგილიდან მოგვმართავენ. ზვიად გამსახურდიას თეთრი ოცდაოთხი ელოდება. აქეთ–იქიდან ხალხი ფარავს, ზოგი ქოლგას უმარჯვებს. მარტო სვანურ ქუდს და ბეჟი ფერის პლაშს ვხედავ, როცა მანქანაში ჯდება.

* * *
იმ ბნელი წლების ზამთარია. შუქი მარტო რკინიგზას აქვს. ხალხს ანგარიშს უწევენ და სადაც თხოვენ, იქ უჩერებენ. ერთ ღამეს დეიდაჩემი აჩერებს ჩვენს სახლთან მატარებელს. სოხუმიდან, ომიდან ჩამოდის. პროდუქტები მოაქვს, სხვა რამეებიც. მატარებლიდან გზამდე პატარა დაღმართი აქვს გასავლელი. იმ ადგილას, ღრმა თოვლში დიდხანს რჩება მისი ფეხის ნაკვალევი. როცა სადმე მივდივართ და იმ ადგილს გავივლით, დედაჩემი ყველას აჩვენებს, აი, ასე გადმოვიდა ჩემი დაო.

* * *
გოგაძეებს თუჯის დიდი ღუმელი უნთიათ შუშაბანდში. მთელ დღეებს ამ ღუმელთან ვატარებთ. მე და ელენე ვთამაშობთ, ვიკას ყავა მოაქვს. თეკლა ახალი დაბადებულია, თვეების. დოდო ბებო აბურთავებს, კოცნის და უმღერის.

* * *
მივდივარ მუსიკალურში. ვერ ვიტან იქაურობას, ვერც მუსიკის გაკვეთილებს. გული საშინლად მიმძიმდება, ვნატრობ, რომ მასწავლებელი არ დამხვდეს და გაკვეთილი გამიცდეს. დერეფანში ნელა მივდივარ. ერთ კედელზე პოლიტბიუროს წევრების ფოტოებია გაკრული, მეორეზე – ხუთოსნების დაფა. ამ დაფაზე მეც ვარ, სკოლის თეთრი წინსაფრით. მერე ჩამომხსნიან. კიდევ ერთი გოგოა, გვარად გრამატიკოპულო და სულ მის ფოტოს ვეძებ, რომ გვარი წავიკითხო. ოთახი ცარიელი მხვდება, თამბაქოს სუნი დგას, გათბობასთან შერეული. ჩემს მასწავლებელს თავისი მოქსოვილი, ფერადი კაბები აცვია. სულ უცხო უზორებით ქსოვს. ტუში სქლად უსვია წამწამებზე. გრძელი ფრჩხილები აქვს, წითლად შეღებილი. ღრმად ჩადგი თითებიო და ფრჩხილებს ბეჭებში მასობს. როცა კარგად ვუკრავ, ჩემი სკამის საზურგეზე უდევს ხელი და დედაჩემს ელაპარაკება. ხანდახან სახლში გვიბარებს. იქაც მუნჯივით ვარ, ერთი სული მაქვს, როდის გაგვიშვებს. პიანინოს თავზე მეტრონომი დგას და დაკვრის დროს მას ვუყურებ. მიხარია მარტო გალაკტიონის ფოტო. ჩემი მასწავლებელი ბავშვია, ბუნჩულა და ბაფთიანი და გალაკტიონის გვერდით ზის.

* * *
ოთხმოცდაათიანების ზამთარია. ტრანსპორტი არ მუშაობს. მუხლამდე თოვლია. სკოლაში მგონი სხვებიც არ დადიან. არ ვიცი იმიტომ, რომ ტელეფონი არ მუშაობს, კაბელი მოიპარეს. კვირების მერე მზე გამოდის, თოვლი დნება და მე და ზაზა ფეხით გავდივართ სკოლაში. სასწავლო ნაწილი გვეუბნება: ნადირაძეები გამოყევით ამინდს?

* * *
გოგი ბაბუს ძალიან კეთილი, ცისფერი თვალები აქვს. ერთი ფოტოს უკან აქვს მიწერილი დღე, თარიღი და ფოტოს ისტორია. მე და ზაზა დღეს აქ ვიყავით, ეს დავათვალიერეთ. ზაზას ყურებიანი ქუდი ახურავს, გოგი ბაბუს მისთვის ხელი აქვს მოხვეული. დღეში ცხრაჯერ ეკითხება დედაჩემს, სადმე ხომ არ გაგეგზავნო, რამე ხომ არ გჭირდება, ბავშვები სადმე ხომ არ გყავს წასაყვანი.

* * *
ჩემი დაბადების დღეა, მაგიდასთან ვზივართ, მარტო ოჯახის წევრები. კარზე ზარია. მაიკო დგას, სოხუმიდან ჩამოსული. ჩემთვის ნაირ–ნაირები უდევს ჩანთაში: რაღაცები და კიდევ სალათისფერი ჯექსონები.

* * *
თამუნასთან მივდივარ ფეხით. ჩემ უბანში ცხოვრობს, ცოტა ზემოთ. არ ვიცი, რომელი უფროა ჩემი დაქალი, თამუნა თუ დედამისი, ნატო დეიდა. ვიცი, როგორ დამხვდება, როგორი სიყვარულით და ამის გაფიქრებისგან წინასწარ მაჟრჟოლებს. თამუნას დაბადების დღეა. თმა მაიკომ გამიკეთა, უკან ჩამიწნა, აი ისე, ზემოდან რომ იწყება. თავისი პიჯაკი ჩამაცვა. ძალიან მომწონს და უხერხულად მივდივარ. მეზიზღება ბიჭების ბირჟის წინ ჩავლა.

* * *
მეორე თუ მესამე კურსზე ვარ. სამსახურიდან ბრიტანეთში მივდივარ მივლინებით. პირველად ვარ საზღვარგარეთ. სასტუმრო ყველაზე საუკეთესო მგონია. საღამოს ტელევიზორში რაღაც ფილმი გადის. იმ ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული, რომელიც უნივერსიტეტის პროგრამაში ვისწავლე. მიხარია, რომ მეც მსოფლიოსთან რაღაცით ვყოფილვარ დაკავშირებული. ოთახში ყავის მადუღარა და ჭიქები მაქვს, ერთჯერად პაკეტებში – ბევრნაირი ჩაი, ყავა და ცხელი შოკოლადი. პაკეტებს ჩემოდანში ვინახავ. ყოველდღე ახალი მოაქვთ და იმათაც ვამატებ. ვიზიტის ბოლოსთვის კარგა ბლომად მიგროვდება. ასევე ვაგროვებ შამპუნის პატარა ბოთლებს, რომლებსაც სასტუმროს შენობა ახატია. როცა ჩამოვდივარ, შამპუნებს საჩუქრად ვარიგებ, ყავას და ცხელ შოკოლადს სტუმრად მოსულებს ვუდუღებ. ძალიან უცხო და გემრიელი ეჩვენებათ.

* * *
ნასადილევს დედაჩემი გვიცხადებს, მალე მორჩით სამეცადინოს და საღამოს კინოში წავიდეთო. ჩვენთვის ამაზე სასიხარულო პერსპექტივა არ არსებობს. მერე „ერთხელ ამერიკაში“ გამოდის. მაშინ თავი დიდი გვგონია, მაგრამ დედაჩემს ცოცხალი თავით არ მივყავართ ამ ფილმზე. ერთხელ გვიან მოვდივართ სკოლიდან. გაჩერებაზე ჩვენი მეზობელი ლიზა დგას აცრემლებული. დედაჩემს ეშინია, რა მოხდაო. ინდურ ფილმზე ვიყავიო, ლიზა გვეუბნება.

* * *
მეორე ცვლაში ვარ, სკოლა შუადღეზე იწყება. დედაჩემს უნივერმაღში შევყავარ. თმის სამაგრს მყიდულობს. წითელია, შავი კოპლებით. ძალიან მომწონს და მიხარია, მაგრამ თან ტირილი მინდა; ვიცი, რომ ფული არ აქვს, მაგრამ რაღაცებს სულ გვყიდულობს. ჰოდა, ამ მადლიერებისგან მეტირება, ოღონდ არ მინდა, რომ შემეტყოს. თმაზე ვიკეთებ და მიხარია, რომ სკოლაში ყველა ნახავს.

* * *
მე და ზაზა პატარები ვართ. კვირაობით დალისთან მივდივართ. მარგო ბებოს სულ გემრიელი სადილები აქვს. ერთად ვსადილობთ ტელევიზორთან. კედელზე ნეზნაკომკას რეპროდუქცია კიდია. საღამოს დალი ეტყვის დედაჩემს, ბავშვები აქ აბანავეო. რომ არ გავცივდეთ, ჯოკია ბაბუს სახლში მანქანით მოვყავართ.

* * *
დედაჩემის სამსახურში სულ ხალხმრავლობა და მხიარულებაა. ერთად სადილობენ. ზოგჯერ მარტო ვართ და ვმეცადინეობ. ოთახში ფირფიტების დასაკრავი და რადიო აქვს. ძალიან მიყვარს უფროსების საუბრის მოსმენა. ჩემზე ხანდახან გადმოდიან, პუბერტეტის პირველ ნიშნებზე მსჯელობენ, უმეტესად მწერლებზე და მსახიობებზე საუბრობენ. ვცდილობ, მათი სახელები დავიმახსოვრო, თორემ მოწონებით უკვე მომწონს. ერთ მსახიობზე ამბობენ, ბაბნიკიაო. ჩარევას ვერ ვბედავ, მაგრამ ვფიქრობ, ბაბნიკი რას უნდა ნიშნავდეს.

* * *
მე და ზაზა ეზოში ვთამაშობთ, სულ პატარები. იტალიური ეზოა, ირგვლივ ყველა ნაცნობი და ახლობელია, ღია ფანჯრების იქეთ რაღაცას საქმიანობენ. ნუცა ბებო გვეძახის, მეორე სართულიდან კალათს ჩამოუშვებს თოკით. კალათში ქადები დევს.

* * *
საღამოს სკოლიდან გამოვყავართ. მეფე სოლომონს მოასვენებენ და პროცესიამ ჩვენს ქუჩაზე უნდა გამოიაროს. დერეფანს ვაკეთებთ. მთელი სკოლა გარეთაა. დიდი ჟრიამული გვაქვს. ვიღაცას იდეა უჩნდება, მოდი, რომ ჩამოივლიან, ტაში დავუკრათო. დირექტორის მოადგილე გვაფრთხილებს, ბოვშებო, თავი არ მომჭრათ, ტაში არ დაუკრათო.

* * *
აუდიტორიაში ცივა, დერეფნებში ისეთი სიბნელეა, ერთმანეთს ვეჯახებით. ხელის ცეცებით ვეძებთ კაბინეტს, სადაც ჩათვლა გვაქვს. ანტიკურ ლიტერატურას ვსწავლობთ და მისი ინსპირაციით ჩვენს ქალაქს ქარების კუნძულს ვარქმევთ. სასადილოში ვჭამთ საშინელ პონჩიკებს. იმასაც შეგროვილი ფულით. გაყინულები ვართ, მაგრამ მაინც ვდგავართ ეზოში, ქარში და სულ ვიცინით. ლექციაზე ციგნის ბავშვი შემოდის, ჩამოგვივლის და ფულს გვთხოვს. ლექტორი ეძახის: გოუ, გოუ! მერე თამუნასთან მივდივართ და საახალწლო ზეიმისთვის ლენონის „იმეჯინს“ ვამუშავებთ პიანინოზე.

* * *
ფარჯანაძეები გვეუბნებიან, თქვენსკენ რომ გამოვიხედავთ, სულ გაქვთ შუქიო. რა ხაზზე ზიხართ ასეთზეო. ჩვენ იქეთ ვეუბნებით, არა, თქვენ ხართ განათებული–თქო. სულ ტკბილი სასმელები მოაქვთ ჩვენთან. ზაზა გიჟდება ლიმონათებზე, დედაჩემს შინნამზადი ლიქიორები მოსწონს. დიდხანს და ტკბილად ვზივართ, ვსაუბრობთ და ვიცინით. როცა დაღამდება, სახლში ვაცილებთ ფეხით. ხიდს რომ გადავივლით, ისინი იტყვიან, უი, ახლა ჩვენ გაგაცილებთ, თქვენც ხომ დიდი გზა გაქვთ გასავლელიო. წინ მე და ნინო მივდივართ, მერე ზაზა და ნიკა, უკან – უფროსები.

7 comments:

  1. დედა რომ უნივერმაღში, სულ რაღაცას ყიდულობს ჩვენთვის (კოპლებიანი თმისსამაგრის მსგავსს) და ჩვენ რომ გვეტირება, იმიტომ რომ მადლიერები ვართ და თან ვიცით ფულის უქონლობაზე და აააჰ. მოკლედ, ახლა ამ აი გლიმფსების წაკიტხვის შემდეგ ჩემი ერთი ძალიან საკრალური ვიდეო უნდა გაგიზიარო http://www.youtube.com/watch?v=2p_OnR0QK0k

    ReplyDelete
  2. Tin...ai es aris blogi da es aris posti!!! ai ratom mikvarxart ase dzalian shen da sheni blogi, ramdeni saerto vipove am chanaxatebshi. mogonebebi gamigvive, mtkivneulobamde tbili mogonebebi,chveni sul sxva bavshvobis...gkocni, mikvarxar, Nanauka

    ReplyDelete
  3. შარლოტ! რა ზუსტია. "What's become of us?" ზუსტად ეს არის ის კითხვა... <3 <3

    ნანუკა, ჰო, ასეა, ბევრია საერთო ... დიდი მადლობა! <3 :)

    ReplyDelete
  4. ოჰ, ძალიან კარგი იყო, კვირა დილას ყავასთან ერთად <3

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, იმავეს გეტყოდი. დანარჩენს იქეთ მოგწერ, შენთან.

      Delete
  5. თიკო, რა კარგია, რომ შემოგინახავს ეს მინიატურები, როგორი ძვირფასი რამეებია.
    დიდი მადლობა, რომ წერ და ასეთი გოგო ხარ – ყველაზე განსხვავებული და ამავე დროს, ყველასთვის საყვარელი და თითქოს ახლობელიც.

    ReplyDelete