დღეს მე და ლაშა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ავედით, შემოდგომის შესატკბობად და ყველის გასასინჯად. ისეთი ფერები დამხვდა, შემრცხვა, რომ იქ მარტო რაღაც ღონისძიებებზე ავდივართ და არა - უბრალოდ სასეირნოდ. ყველის ფესტივალზე ჟრიამული იყო: ქართულ კომპანიებს თავიანთი პროდუქცია ჰქონდათ გამოტანილი. ხალხი - ოჯახებით, ბავშვებით. ამინდი - შემოდგომის: ცოტა ქარი, ცოტა წვიმა, უფრო მეტად მზე. მესხური გაწურული მაწონი და გაუდა ვიყიდეთ.
მერე სახლებშიც შევედით, სადაც გიდები დაგვხვდნენ, გულიანი და თავისი საქმის მოყვარული ხალხი. სერვისი იხვეწება: გიდები შესაბამისი კუთხის კოსტუმებში გამოეწყობიან და სტუმრებს ისე მიიღებენ. კვირაობით მეგრულ ოდაში ღომი იხარშება, შაბათობით კახურ სახლში შოთი პურები ცხვება და მიმსვლელებს შოთით და გუდის ყველით უმასპინძლდებიან. არასოდეს მომბეზრდება იმით აღვფრთოვანდე, რომ ყველა კუთხეს ყველაფერი თავისი, განსაკუთრებული და განსხვავებული აქვს.
გურულ სახლში კედელზე ამერიკის საცხენოსნო შოუში მონაწილე გურული მხედრების ფოტოები ეკიდა. ადრე ყველას კაზაკები ეგონა. ახლა, როგორც გვითხრეს, ტურისტულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ისინი ქართველები იყვნენ. გამახსენდა ადრე წაკითხული "გურული მხედრის ჩანაწერები", რომელიც ირაკლი მახარაძემ გამოსცა. დღიურების ავტორი თურმე ამერიკელებს ეკითხებოდა, საქართველო თუ იციო. არაო. კავკასია? - არაო. სულ „ნოუ ნოუს“ ჩიოდენ და ამფერმა აბდლებმა რაფერ ააშენეს აი ქვეყანაო, დაახლოებით ასე წერდა.
იმერულ სახლში შუაცეცხლის თავზე გაკეთებული ფიცრული ვნახეთ, სადაც ყველს და ხორცს ინახავდნენ. ეს პროდუქტები ბუნებრივად იბოლებოდა. ამის ნახვამ ისევ გურული ემიგრანტის ჩანაწერები გამახსენა. ამ ეპიზოდს ვერავის ვუყვები, იმიტომ რომ ხმა მიკანკალებს. მახსენდება, როგორ ბოლავდა მამაჩემი ხორცს. ოთახი ნელ-ნელა გეიფუტებოდა და იმფერი სუნი დატრიალდებოდა! ამის მოგონება და იმედი მაძლებინებს აქო, ასე წერდა.
მერე, ტრადიციულად, დედაჩემს გავუარეთ. ასევე ტრადიციულად, გემრიელი სადილი დაგვახვედრა: ირენას დედის რეცეპტით გაკეთებული ღუმელში გამომცხვარი კატლეტი ბოსტნეულით. სადილს ყავა დავაყოლეთ, დედას სქელი, ქაფიანი, თურქულად მოდუღებული ყავა. ვისაუბრეთ, ლაშამ და ზაზამ რაღაც იბურჯალეს ინტერნეტში, რაღაც გავიხსენეთ, რაღაცაზე ვიცინეთ, ტკბილად და თბილად, როგორც ყოველთვის...