Sunday, January 20, 2013

"დაიძინეთ, პატარებო, კმარა!"

ჩემი დეიდაშვილი - თეა და მე თანატოლები ვართ. როცა სოხუმიდან არდადეგებზე ქუთაისში ჩამოდიოდა, ხშირად ვთამაშობდით ერთად. დალის ბიბლიოთეკაში, იატაკზე მოვაწყობდით "სახლს". ჩვენთვის ვსულელობდით: ხან ინდოეთში ვმოგზაურობდით და ხან დავდიოდით, ვითომ ბინა უნდა გვექირავა. ადრე მშობლებმა იცოდნენ, როცა სტუმრები ჰყავდათ, ბავშვს დააყენებდნენ და ლექსებს ათქმევინებდნენ, ან ამღერებდნენ. თეა ერთ სიმღერას მღეროდა ხშირად; მონდომებით, ყელმოღერებული, ცხვირში სულ გაგუდული იყო: "ლაჟვარდ ცაზე დაფარფატებს მთვარე, (....) დაიძინეთ, პატარებო, კმარა! არ იქნება ომი, არა, არა!"

სოხუმში დედ-მამასთან ერთად კოპწია ბინაში ცხოვრობდა, "ნოვი რაიონში". სულ ახალი კორპუსები და კაფეები იყო მის უბანში. ცეკვაზე დადიოდა, ზღვაზე - არა. ერთხელ დიდი ნათლობა გადაიხადეს. მთელი დელეგაცია ჩავედით. მახსოვს ძველი, დალხინებული ცხოვრების ხიბლი, ინტერნაციონალური საზოგადოება და მუსიკოსების ჯგუფი, რომელიც რუსულ და აფხაზურ სიმღერებს ასრულებდა.

Wednesday, January 9, 2013

(Super)natural

როცა ბიგ-ბენდების ჩანაწერებს ვუყურებ, აღფრთოვანებისგან სულ ცრემლი მომდის. ამის ცოტათი მრცხვენია კიდეც. კლასიკური მუსიკისგან ნაანდერძევი აკადემიზმი და სვინგის სიცელქე ერთად, მმმმმ.... ისეთი რამეა! როცა მუსიკოსები სოლოს შესრულებისას ფეხზე დგებიან, ეს მთლად მანადგურებს. ვუყურებ, როგორ აცვიათ, ერთიანად რომ პრიალებენ, როგორი დამოკიდებულებით უკრავენ, ჩვეულებრივი ადამიანები რომ არიან და თან რომ ზეადამიანურის, არაჩვეულებრივის შექმნაში მონაწილეობენ. წარმოვიდგენ ხოლმე ამ მუსიკოსების ოჯახის წევრებს, ცოლებს, დედებს, შვილებს, რადიომიმღებებთან ან ტელევიზორებთან. ალბათ, მათაც ერეოდათ ცრემლი,  სიამაყის და სიყვარულის.