Tuesday, August 31, 2021

Ivan Franko


Ivan Franko

ცოტა ხნის წინ ბიძაჩემი - მურადი დავკარგეთ, კოვიდთან დამარცხდა. სოხუმის ომის დროს უბანში შტაბის უფროსად დანიშნეს. ის და მეზობელი კაცები დიდხანს დარაჯობდნენ სანაპიროს, სანამ იძულებული არ გახდნენ, იქაურობა დაეტოვებინათ. ვერ მოვასწარი, მეთქვა, რომ ის მაინც გამარჯვებულია ყველაფრის მიუხედავად, რაც გამოიარა. გამარჯვებულია იმ სიკეთის გამო, რასაც მრავალი წელი გვიკეთებდა, სოხუმის წლებში და დევნილობაში. დეიდამ ვერ დაიტირა, საავადმყოფოში იწვა და ლაპარაკიც კი არ შეეძლო ჟანგბადის აპარატის გამო. მათი შვილი, ჩემი უფროსი და - მაიკო, რომელმაც სამი წლის წინ დაგვტოვა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, ასეთი რა ავადმყოფობა უნდა ყოფილიყო, აფხაზეთის ომგამოვლილ მის მშობლებს რომ გატეხდა. გუშინ ვფიქრობდი: ნეტა, ბოლოს რა უთხრეს ერთმანეთს, სანამ ჯერ კიდევ სასწრაფოს მიჰყავდა და სხვადასხვა პალატაში გაანაწილებდნენ? 

ამასწინათ დედას სამზარეულოში ყავას ვადუღებდი, როცა ის დღე გამახსენდა, სოხუმის პორტში გემი "ივან ფრანკო" რომ ჩამოდგა. ირაკლიმ სახლში შემოირბინა, "ივან ფრანკო" შემოვიდა, გავიქცეთ და ვნახოთო. ის დღე ისე ცხადად გამახსენდა და ისეთი მდუღარე ცრემლები წამსკდა, სიღრმეში შევიმალე, რომ ოჯახის წევრები არ შემეშინებინა. გრანდიოზული გემი იყო, სულ თეთრად ქათქათებდა. არც ივან ფრანკო ვიცოდი, ვინ იყო და არც "ამარკორდი" მქონდა ნანახი, რომ გემის სანახავად წასული ქალაქელები გამხსენებოდა. ჩემთვის მაშინ იმ გემის ნახვა დიდ და უცნობ სივრცეებთან ზიარება იყო, იმის წარმოდგენა, გემზე რა ხდებოდა, რამდენი სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩამოჰყავდა, როგორ იყო მოწყობილი, რამდენ სხვადასხვა ქვეყანაში დაცურავდა. ეს ყველაფერი ჩემთან ძალიან ახლოს იყო და თავზე დამყურებდა. ქვემოთ წყალი ტყლაშუნებდა და გემის კონტურებს ირეკლავდა, ირგვლივ ადამიანები მოძრაობდნენ, ვახშმობამდე სასტუმროში მისვლა და გამოცვლა უნდა მოესწროთ, ჰაერში მარილის და საწვავის სუნი იდგა, ბავშვები ახლო მომავლისგან მხოლოდ კარგს ველოდით, უცნობს, უცხოდ ამაღელვებელს და აუცილებლად კარგს.

ხშირად ვსეირნობდით ხოლმე შედარებით მცირე ხომალდით, ახალ ათონამდე და უკან. ბევრი ახალი სიტყვა მესმოდა, ყველაფერი მაჯადოებდა, როგორც ახალი სათავგადასავლო წიგნი და მსუბუქ ბურუსში მხვევდა. ერთი ასეთი სიტყვა "სკატი" იყო. ამბობდნენ, დაელექტროებული კუდი აქვს, შეიძლება "ვალნარეზს" მოარტყას და მოცურავეებსაც მოხვდესო. სადაც ჩვენ "ვცურავდით", ნაპირთან ახლოს, რკინის ფირნიშზე აქა-იქ ჟანგმოდებული ნეპტუნი იყო გამოსახული, თავისი სამკაპით. ცოტათი მეშინოდა და იმედი მქონდა, რომ ზღვის სიღრმეში შორს ცხოვრობდა და მის რისხვას ავცდებოდით. სანაპიროზე რესტორან "დიოსკურიას" იმ დროისთვის ნოვატორული მოძრავი აბრა ჰქონდა: ლურჯი დელფინი ბრუნავდა. მზად ვიყავი, მთელი დღე მეცქირა მისთვის.