Wednesday, April 28, 2021

"ეს ადგილები ეხლაც ნაზია"


წლევანდელი გაზაფხული ძალიან გავს წინას. ისევ იზოლაცია, გაურკვევლობა, საკუთარი მოთმენის უნარით გაოცება, სურვილების და მონატრების გადადება. ვცდილობ, უიმედობის განცდამ არ ჩამითრიოს, დღეები რბოლას დაემსგავსოს და სიკვდილსა და ავადმყოფობაზე ფიქრისთვის ფიზიკურად აღარ დამრჩეს დრო. მე და სანდრა ხშირად ვუყურებთ ქარსა და წვიმას. თითქოს სიმბოლურად ვასახიერებთ დღევანდელ ყოფას: პატარა, დაცულ სივრცეში ერთმანეთს ჩაჭიდებული ვუყურებთ, როგორ ბობოქრობს ირგვლივ ქაოსი. ქარის წამობერვაზე ჩამეხუტება ხოლმე და უხარია, ერთმანეთი რომ გვყავს. ყველა სიმღერაში მე მრთავს, სიტყვებს თავისებურად გადააკეთებს ისე, რომ "თიკო" ჩასვას. 

ბოლო წლებში ძალიან შემიყვარდა ღრუბლიანი დღის შუქი. მგონია, ყველაფერს ნამდვილი ფერებით აჩენს. ვმშვიდდები, როცა ასეთ დღეებში ვსეირნობთ და მგონია, რომ რასაც იმ დღეს მოვუსმენ, ვნახავ და წავიკითხავ, სამკურნალო ეფექტი აქვს.

ლისის ტბაზე ერთი უპატრონო ძაღლია. ხშირად შემიმჩნევია, როგორ დადის საქმიანად, რაღაცას ეძებს, ყურადღებით იყურება აქეთ-იქეთ. ტანთან შედარებით უპროპორციოდ პატარა თავი აქვს. ეს არ იცის. არ იცნობს მშობელს, არც ჯიში აქვს, არც სახლი. ასე ირბენს, იპოვის საჭმლის ნარჩენებს, მერე კი მოკვდება. მისი ცხოვრებაც და სიკვდილიც უხმოდ ჩაიკარგება და დაინთქმება. წვიმიანი ღამის შემდეგ აივანზე გაშეშებულ ფუტკრებს ვპოულობ. სანდრას ვაჩვენებ და ვეუბნები, რომ ღამით ჩვენს აივანს შემოაფარეს თავი, ახლა კი მზეზე გათბებიან, ფრთებს გაისწორებენ და ისევ გაფრინდებიან. ამ დეტალებივით ყოველი დღე სავსეა ფიქრით, რომ დაკარგვა და დასასრული გარდაუვალია.