Sunday, May 17, 2020

ბუმბულის სუნთქვა




ეს სიმღერა დიდი ხნის წინ, ლაშას გადაცემიდან გავიცანი და დღემდე უემოციოდ ვერ ვუსმენ. სულ გაშლილ ადგილებს ვხედავ, მზიან მდელოებს, ხეზე დაკიდებულ აკისკისებულ ბავშვებს, საზაფხულო კაბებს და სანდლებს, ღია ფანჯრებს და თავისუფლებას. "დედამ მომცა ბუმბულის სუნთქვა. მითხრა, იმღერე, ჩემო ჩიტო. მითხრა, მელოდიები იმღერე! და თვითონაც მღეროდა. დედამ ლამაზი ტერფები მომცა, რომ მეცეკვა, ხელი ხელზე მაგრად მომიჭირა. დედები წყალს გვაძლევენ თავიანთი ჭებიდან. ერთხელ მეც გავხდები დედა, მეც მივცემ მელოდიებს ჩემს გოგონას. ის ჩემი ჩიტი იქნება. გაიზრდება და ერთ დღეს გაფრინდება." მინდა, ალექსანდრას მხოლოდ სიყვარულის და თავისუფლების მელოდიები მივცე. მინდა, შევძლო, რომ ჩემი ჭის წყალი მისთვის მშვიდად მასაზრდოებელი იყოს. მინდა, ამ მომღერალივით ლაღად და ძალდაუტანებლად იმღეროს. 

ეს დღეები სულ ერთად ვართ. გამოკეტილობის პირველ დღეებში, როცა გარეთ ვერ გავდიოდით, ციოდა, წვიმდა და ქარი ქროდა, ხშირად ვრთავდით ბრეგოვიჩის ძველ ალბომს (სანდრას უყვარს მისი ბოშური საცეკვაო მელოდიები და მთხოვს, ბვეგოვიჩი ვიმღეროთო). წლების წინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კუსტურიცას ფილმმა "ბოშების დრო". ახლაც, როცა სანდრა საწოლზე მხიარულად ხტოდა და იცინოდა, მე ის კადრები მახსენდებოდა, ბოშების ტალახიანი და ფეხშიშველი სირბილი, (track:ederlezi) ტრაგიკული სოლო პარტიები, ჩამოკონკილი მოხეტიალე ცირკი, ამინდთან ერთად ჩამოქცეული ქვეყანა, უმომავლობა, ბოშების ინერციით ყოფა და სიცოცხლის წყურვილი. ვფიქრობდი, რომ ზუსტად ამ დღეების შესაფერისი მუსიკა და ამინდი იყო. ქუთაისშიც იყო ხოლმე ასეთი ყავისფერი წვიმიან-ტალახიანი დღეები. ეზოში ხშირად შლიდნენ ბრეზენტის სეფას, შიგნით შიშველი ნათურები ეკიდა გასანათებლად, ხის უზურგო გრძელ სკამებს ჯერ გაზეთს შემოახვევდნენ, მერე იმ გაზეთს ძაფით ამაგრებდნენ. ერთხელ, როცა შეღამდა და სეფა ჯერ კიდევ გუგუნებდა, დედამ სახლში წაგვიყვანა. ფეხით ავდიოდით და ვუყვებოდით, რომ იმ დღეს ბევრი ვიცეკვეთ. 

პირველ კვირებში შიშს მეტი ადგილი ჰქონდა. როცა გარეთ გასვლა მიწევდა, თმაც  კი დაფარული მქონდა, მეგონა, სადღაც რადიაციულ ზონაში დავაბიჯებდი. სახლში მოსული ყველაფერს ვრეცხავდი. მარაგების შექმნა ცოტათი მშველოდა. სურსათის რიგში მდგომებს რომ ვუყურებდი, აფხაზეთის ომის პერიოდი მაგონდებოდა. ნეტავ, კიდევ რაღა დარჩა, რომ ჩვენ არ გამოგვეცადა.