Thursday, November 22, 2018

Moderato Cantabile


  • დიდი ხანი არაა, რაც მშობელი გავხდი და უნებურად დედაზე მეფიქრება, იმ გზაზე, რაც გამოიარა. რატომღაც, სკოლის პირველი წლები მაგონდება, როცა, კომუნისტური ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ბინაში გადაგვიყვანეს. ტიპური დასახლება იყო, ერთნაირი კორპუსებით. ეზოში მარტო არ გვიშვებდა, თვითონ ჩამოგვყვებოდა, ხელში გასაღები ეჭირა, თან ღრმა ფიქრებში იყო, თან ჩვენ გვმწყემსავდა. მაშინდელი  თამაში აქეთ-იქეთ ბორიალი და გარემოს თვალიერება იყო. გაუცნობიერებლად ვამჩნევდი, რომ რაღაც ბოლომდე დაუმთავრებელი იყო. ეზოში სულ ვპოულობდით რაღაც ტექნიკურ ნარჩენებს, სატვირთო მანქანების ნაწილებს, ზამბარებს, ან სამშენებლო მასალას. არავისი არ იყო, უბრალოდ ეყარა. დაუმთავრებელი საქმის, არათანმიმდევრულობის და დაუდევრობის ქვეყანა იყო და მერე კიდევ დიდხანს იქნებოდა. დედა მარტო იყო ორ პატარა შვილთან ერთად, იმ ნაცრისფერ უბანში, ღრმა კომუნისტურ ყოველდღიურობაში, უხმო ბრძოლაში. ვერსად გავურბივარ ამის გააზრების სიმძიმეს. ვერც ვერაფრით ვშველი. 
  • ნინომ შალვა ამონაშვილის ლექცია მომასმენინა ბავშვების აღზრდაზე. საკუთარ თავს შევპირდი, რომ მის რჩევებს მივყვები არაეგოისტური აღზრდის, თანასწორობის და არათითისდაქნევის მიდგომის შესახებ. ახლა ისევ საკუთარ თავს ვევაჭრები, რომ ცოტა გამონაკლისი მაინც გამოვტყუო და ათი პროცენტი მაინც შევაყვარო იმის, რაც მე მიყვარს. უკვე მიხარია, როცა ასეთ მისწრაფებებს ავლენს. იმ დღეს აივანზე ვიდექით. ჩიტების გუნდმა გადაიფრინა. ჯერ წრეს არტყამდნენ. სანდრა ყურადღებით ადევნებდა თვალს. მერე უცებ მათ ჩრდილს შეხედა მდელოზე. ეს აშკარად ჩემი ხასიათის ანარეკლი იყო და ეგოისტურად მესიამოვნა.
  • როცა ყოფით რაღაცებზე ვსაუბრობთ, ჩემს მეგობრებს სულ შევჩივი, რომ 90-იანებმა ძალიან მძიმე დაღი დამასვა. სულ მეშინია, რომ მაშინდელივით უცებ ყველაფერი არ გაქრეს. ათი წლის წინ, როცა ინტერნაციონალურ საზოგადოებაში ვიყავი, სხვა სტუდენტების მშვიდ და დალაგებულ ცნობიერებას ვაკვირდებოდი. ისინი არაფერში საფრთხეს არ ხედავდნენ. მარტო მე და პალესტინელი გოგო, სირინი ვგავდით ერთმანეთს, ომის შუაგულში მყოფი მცირე ერების შვილები.
  • განახლების განცდა მიყვარს და შევხარი მის ყველა გამოვლინებას. მგონია, რომ ისეთი რუტინული საქმეები, როგორიც აბაზანიდან ახალი კანით ამოსვლა, ახალი ტანსაცმლის ჩაცმა, ახალი კვირის დაწყება და და დილით ახალი დღის გაცნობიერებაა, დიდი დასაწყისი, შანსი და საჩუქარია. ხელახლა გვიყვარდება და გვინდება სიცოცხლე, გვგონია, რომ საკუთარი თავის ახალი და უკეთესი ვერსია ვართ. უძღებ შვილსაც ხომ ახალი ტანსაცმელი უბოძეს, როცა სახლში დაბრუნდა. ის გამოცდილება, რაც მანამდე გამოიარა, ახლის საფუძველი გახდა. რა კარგია, რომ ის "დანაყოფები", რაც ცხოვრებას აქვს, ითვალისწინებს მუდმივი უკეთესობის სურვილს, რაც ადამიანს აქვს და რაც, როგორც ამტკიცებენ, ოდესღაც სამოთხეში ცხოვრების გენეტიკური მეხსიერების ანარეკლია. ერთ ფილმად მიღირს ის კადრები, როცა გმირი ღრმა განცდებიდან გამოსვლას ამჯობინებს, ცრემლიან ხელსახოცებს გადაყრის, დაჭმუჭნილ საწოლს მიატოვებს, თმას დაივარცხნის, ფეხსაცმელს გააპრიალებს და სახლიდან თავაწეული გავა.