Saturday, March 24, 2018

მაიკო

Tristeza não tem fim.
Felicidade sim.
ბედნიერებას ბოლო აქვს, სევდას - არა.
(ბრაზილიური სიმღერიდან)




არ ვიცი, უდიდეს ტკივილზე როგორ  ვწერო. როგორ გამოვხატო, თუნდაც ჩემს მშობლიურ ენაზე, მაიკო ჩემთვის რას ნიშნავდა.

ჩემი ბავშვობის ყველა მოგონება მას უკავშირდება. ბლოგზე წარსულის შესახებ ყველა პოსტში მაიკოა. სხვაგვარად არც შეიძლება, ჩემი ცხოვრების იმხელა ნაწილი იყო. 

იყო და აღარ არის.

მთელი წელი არდადეგებს ველოდებოდი. არდადეგები სოხუმში მასთან ერთად ყოფნას ნიშნავდა. მის ოთახში, უამრავ ჩემთვის ლამაზ და მიმზიდველ ნივთს შორის მეძინა. დილით მის გვერდით ვიღვიძებდი. მისი ფოტოების ალბომი ზეპირად  ვიცოდი. ასევე ზედმიწევნით ვიცნობდი მის მეგობრებს. მას ვბაძავდი ყველაფერში. მისი ყველაფერი უპირობოდ მომწონდა. მას ეცვა, ის ამბობდა, ის აკეთებდა, მას მოსწონდა, ის უკრავდა - ე.ი. კარგი იყო და პირდაპირ გადმომქონდა. ლამაზად ჩამაცმევდა, სულ თავის ტანსაცმელს, და სოხუმის მთავარ პროსპექტზე მასეირნებდა. აღარ იცოდა, რა ეყიდა, ყველაფერს მთავაზობდა. მისი ტანსაცმლით სიარული დიდი ბედნიერება იყო. სკოლაში ამაყად ვატარებდი მის ნაჩუქარ ახალ ჩანთას, ფეხსაცმელს, წინდას, კაბას. სტუდენტი გავხდი და პირველ სექტემბერს მისი კაბა მეცვა, კოპლებიანი. ყურები მან გამიხვრიტა, როცა სკოლა დავამთავრე და თავისი ოქროს საყურეები გამიკეთა. მის კლასელებთან ერთად მასეირნებდა სოხუმის სანაპიროზე, დავყავდი ლამაზ კაფეებში, სალონში თმის შესაჭრელად, სტუმრად მის მეგობრებთან. როცა დეიდას დედა და ზაზა სასეირნოდ მიჰყავდა ბოტანიკურ ბაღში ან აფხაზეთის სხვა საოცარ ადგილას, მე არ მივყვებოდი, მაიკოსთან ვრჩებოდი სახლში. მოდიოდნენ მისი მეგობრები, ეზოში, ქვის დიდ მაგიდასთან სხდებოდნენ, ყავას და კოქტეილებს სვამდნენ. მეც მათთან ყოფნა მერჩივნა ყველაფერს.