Sunday, July 26, 2015

Summer Blues

ეს ფოტო ცნობილ ბლოგზე ვიპოვე, რომელზეც ორიგინალურად ჩაცმული ადამიანების ფოტოები ქვეყნდება. პირველად რომ შევხედე, ვიფიქრე, ჩემი ზაფხულის სევდა გადაუღია-თქო. 

Source: http://www.thesartorialist.com/

ზოლიანი ტენტების მიღმა მყოფი ადამიანები სულ ცოტა ხანში, მზის ჩასვლისას გამოვლენ აივნებზე და ხმამაღლა დაიწყებენ ლაპარაკს. მათ სამზარეულოებში გაზქურის თავზე კაფელი მოზაიკურად იქნება გაწყობილი, გაზზე ბიალეტი იდგმება, მაგიდაზე - გაჭრილი ლიმონი. მათ არ იციან, რომ მე, მათ კულტურასა და კინოზე გაგიჟებით შეყვარებულს, ზაფხული ისე ძალიან აღარ მიყვარს, როგორც ადრე.

წელს ზაფხული სევდიანად დაიწყო, უბედურებით და სიკვდილით. უფრო მასევდიანებს ის, რომ ასეთი უბედურება თითქმის ყოველ ზაფხულს ხდება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში; ჩვენ საინფორმაციოში სიუჟეტს ვნახავთ და გვავიწყდება. 

ერთ ახალგაზრდა ქალს ვიცნობდი, რომელმაც ცუდი სენი დაამარცხა და ახლა სხვა ქალების დახმარებას გეგმავდა. ამბობდა, ევროპაში მრავალმხრივი მკურნალობის პრაქტიკას გავეცანი და ძალიან მინდა, ქართველმა ქალებმაც გაიგონ მისი სიკეთეო. სჯეროდა, რომ ფსიქოლოგიური დახმარება დაავადების დაძლევაში უმთავრესი იყო. ახლა მასზე წარსულ დროში ვწერ. 

ის გრძნობა ახლაც ცოცხლად მაქვს, რაც ბავშვობაში: როცა სოხუმში ვიყავი, მარტო იმის გააზრება მაბედნიერებდა, რომ ზღვა სადღაც ახლოს იყო, იდგა, ბრწყინავდა და ანათებდა. რაღაც მუდმივი სიხარულის წყაროდ მესახებოდა. დეიდას მეზობელი ჰყავდა, ნუნუკა. უკანა ჭიშკრიდან გადავდიოდით მის ეზოში. ჩრდილიანი, გრილი ეზო ჰქონდა. იმ დღეს თმის სამაგრების თუ სათამაშოების აწყობაში ვეხმარებოდით, იმ დროისთვის ახლადდაარსებულ კოოპერატივში მუშაობდა. მაიკოს უთხრა, ხედავ თიკო როგორი ბავშვია, იცის, რომ კევის ღლაჭუნს ვერ ვიტან და რაც აქ ვზივართ, ერთხელაც არ დაუღეჭავსო. იმ ეზოს მიღმა, ჭადრების ქვეშ, ქვის მაგიდასთან თურქულ ყავას უსხდნენ დედა, დეიდა და მისი მეგობარი ნაზი. სამოციანების პარიჟანკას სტილის იყო. წვიმიან საღამოს ჩვენთან ერთად ტახტზე ფეხებმოკეცილი უყურებდა მაშინ ახალგამოსულ ტომ კრუზის "კოქტეილს" ვიდეოკასეტაზე.  ჭუბერიდან ფეხით რომ გადმოდიოდნენ თოვლში, უცებ ცუდად გახდა, ბიჭებს სარკე თხოვა, ჩაიხედა და თქვა, არა, მომაკვდავს არ ვგავარო. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო. ნუნუკა ცოტა ხნის წინ წავიდა. მანამდე ორი შვილი დაკარგა, ერთი ომში. 

ომამდე ჩვენი ზაფხულის მელოდია ეს იყო. ღამით სახლის წინ კიბეებზე ვსხდებოდით და მთელ ხმაზე ვამღერებდით ამ სიმღერას. მომწონდა, რომ სოფელში კორპუსების სიმაღლე ხმას არ ახშობდა და მუსიკა კვამლივით, თავისუფლად ედებოდა მეზობელ ეზოებს.  


ფელინის "ამარკორდი" ჩემთვის მხატვრული ტილოებისგან შედგება. დილის ნისლი, ქორწილი და სტუმრების დაშლა, უსინათლო აკორდეონისტი, გაზაფხულზე ბუმბულების ფრენა... და გემის ეპიზოდი. მთელი ქალაქი მის სანახავად მიცურდება ნავებით. შეჰყურებენ, როგორც განივთებულ და სულ ახლოს მოსულ იდეალს. ქალაქელები იხსენებენ ყველაზე სანუკვარ სურვილებს, თითქოს გემს, როგორც ნატვრის ხეს, უყვებიან.  მართლა ასეა. ჩვენს წინ სინათლეა.