Tuesday, December 30, 2014

ABOUT FORD

ამასწინათ ვფიქრობდი ცხოვრების კიდევ ერთ სიმართლეზე: როგორ ზედმიწევნით ვემგვანებით მშობლებს და გარკვეულ ასაკში როგორ "ვიმეორებთ" მათ. ასეთი მსგავსება მხოლოდ ღვთის წყალობად უნდა ჩაითვალოს და ამის გაფიქრება ყოველთვის მადლიერების გრძნობით მავსებს. 

ამ თემაზე უფროსები ხშირად მსჯელობენ და მათი მოსმენაც მიყვარს. მშობლების და შვილების ბიოლოგიური, გენეტიკური და ფიზიკური მთლიანობა დიდი ფენომენი და საიდუმლოა. 

როცა მამა დავკარგეთ, ისეთი პატარა ვიყავი, რომ არ მახსოვს. მას ბევრი რამით ვგავარ, დედასგან ვიცი. პირველ რიგში, აღნაგობით, სახის ნაკვთებით, ხასიათის შტრიხებით, კონკრეტული საკვების და საყოფაცხოვრებო ნივთის არჩევანით... სკოლაში სწავლის დროს, ერთ წელს, კალიგრაფია უეცრად შემეცვალა და ზუსტად ისე ვწერ, როგორც ის წერდა. პროფესიით არცერთი შვილი არ დავემგვანეთ, ინჟინერ-გამომგონებელი იყო.

დედაჩემთან მსგავსებას სულ უფრო მეტად ვგრძნობ ასაკის მატებასთან ერთად. ლაშა მეუბნება, ხმით იმდენად გავხარ, ხანდახან მგონია, ტელეფონით დედა მელაპარაკებაო.

დედისგან გამომყვა სქელი, მძიმე თმა. სტუდენტობის ფოტოებზე 70-იანების სტილის ვარცხნილობები აქვს, რაც ძალიან მომწონს.

ჩაცმის სტილი. ბავშვობის წლებიდან დედა შავებში ჩაცმული და მოწყენილი მახსოვს. ამას გაუცნობიერებლად ვაპროტესტებდი და ვთხოვდი, წაესვა წითელი პომადა და ლაქი... ყოველთვის ერთნაირი რამეები არ მოგვწონდა. მოთმინებით იტანდა ჩემს თინეიჯერულ ხუშტურებს. მაშინაც და ახლაც, როცა ტელევიზიით ან ჟურნალში რამე საინტერესოს ნახავს, აუცილებლად დამახვედრებს ამბავს: აი, თიკო, (ჟურნალისტს, მსახიობს და ა.შ.) ასე და ასე ეცვა. ამ დროს უზომოდ საყვარელია. როცა რაიმე "საჭიროს" ვყიდულობ, წამახალისებს, კარგია, ასეთი რამდენიმე უნდა გქონდესო. ახლა ვხვდები, რომ ჩვენს გემოვნებას კარგად გამოხატავს შემოდგომის ჩაცმულობა: ლამაზი ვარცხნილობა, მუხლამდე პალტო, მოხერხებული შარვალი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი; ელეგანტური და თან პრაქტიკული. მწვანე მისი საყვარელი ფერია და ყველაზე მეტად უხდება, - კარგად ეხამება თვალის ფერს.

ღრმა ბავშვობიდან მახსოვს მისი 80-იანების სტილის ქლაჩი, მუქი მწვანე ზამშის ქუსლიანი ფეხსაცმელი (ზემოდან თავისივე პატარა ყვავილის დეტალი ჰქონდა დამაგრებული) და სირმებიანი ბლუზკა.  შემდეგი წლები უფრო ნათელი იყო: შავი აღარ ეცვა, სამსახურში ძალიან დაკავებული იყო და უზომოდ მიხაროდა, როცა ახალ კაბას ან პიჯაკს ყიდულობდა. მაშინდელი: ახალგაზრდა, აქტიური, ელეგანტური და ბევრი საქმის მომსწრები დედა ღრმად მყავს ჩაბეჭდილი ცნობიერებაში და ახლაც, 67 წლის დედაჩემი, ზუსტად ისეთი მგონია. ღამით რომ გამეღვიძებოდა, სახლში შუქი ენთო: დედა აუთოვებდა, ან მურაბას ხარშავდა და მეორე დღის საქმეებს ილევდა. 

Tuesday, December 16, 2014

"პარიზი. ელვა. აკადემიკოს დიშელს."

ჩემთვის ხშირად უთქვამთ, ასე ზეპირად როგორ გახსოვს ფილმების ტექსტებიო. ამჯერად უცხოურ ფილმებს თავს დავანებებ და რამდენიმე ქართულ საყვარელ ფრაზას გავიხსენებ. რაც არ უნდა ხდებოდეს, ამ ფრაზებზე სულ გიჟივით მეცინება...

- ჩვენ გავგუდეთ, თუ? (ერთაოზი, "შერეკილები")

- ამოიღე ხმა, კანონი გელაპარაკება! (ხუტა ციხე)

- არ მოკლა, ბიძია, მაი, კაი ქათამია! (ერთაოზი)

- უთხარი, გამიშვას!
კარანტინია ჩვენთან, კარანტინი! (კასტილიანი კაცი)

- პარიზი. ელვა. აკადემიკოს დიშელს. ძვირფასო მასწავლებელო და კოლეგავ! ფრენოლოგებმა განაცხადეს, რომ ხვალ გაფრინდებიან. იდეის აუცილებელი მარცხი გამოიწვევს შოკს! მზადყოფნაშია თქვენი საშხაპო აპარატურა, ბროწეულის წვენის ოყნები და აბი გლუკოზა. მუდამ თქვენი იდეების ერთგული, ნოშრევან კუჭუხიდზევი.



- ეგ ცხოვრება ეგრეა. ვივლით, ვივლით და გადავივლით. კარგის მეტი რა შეგვრჩება. (თამადა, "სიყვარული ყველას უნდა")

- გამოსასვლელი კოსტუმი,
ჟილეტიც თავის ფერი,
გინდა სტუმრად, გინდ ქორწილში
მოწონება ელის. (ყვენწაშვილი მაყვალა)



Tuesday, December 9, 2014

მინი-დოსიე სერიიდან "გამორჩეული ადამიანები"



სახელი: ნანუკა
დაბადების ადგილი: ვარდი მაისი (რა მიხვედრა უნდა);
საცხოვრებელი ადგილი: ზამთრის ზღაპარი (ფოტოდან ისედაც იშიფრება);
პროფესია: რამდენიმე, ამჯერად საერთაშორისო პოლიტიკა;
მუდმივად დაკავებულია: ერთდროულად სწავლით და მუშაობით, თავის სამშობლოზე დარდით.
სხვა დროს: მოგზაურობს. ნანახი აქვს ზუსტად ნახევარი მსოფლიო, მაგრამ მაინც აქაურობაზე ელევა სული.
განსაკუთრებული გარეგნული ნიშნები: გრძელი, ხვეული თმა და დიდი კავკასიური თვალები;
ჩაცმის სტილი: დასავლეთევროპული პოსტ-ჰიპი; ხარისხი, ფერი, პრაქტიკულობა.
საყვარელი გადაადგილების საშუალება: საკუთარი ველოსიპედი;
შინაური ცხოველი: მაილო (ძაღლი არა, ძაღლოი);
საყვარელი ადგილი სახლში: სამზარეულო, სადაც უყურებს/უსმენს ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ან ქართულ ფილმებს და ამზადებს რაიმე გემრიელობას;
ბავშვობა და ოჯახური გარემო: უაღრესად ჰარმონიული;
ხასიათის გამორჩეული თვისებები: ადამიანებისადმი სიყვარული, ცნობისწადილი, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და ზომიერება.
უყვარს: წიგნები, ბუნება, ინტერიერის დიზაინი, დაკვირვება და ანალიზი, იუმორი, სეირნობა, შრომის და დასვენების კარგად შეთავსება, მეგობრებზე ზრუნვა, მათი უზომო გახარება და სიურპრიზებით განებივრება;

Saturday, December 6, 2014

Scarf International

თუ ევროპის ჩრდილოეთით ცხოვრობ და ყოველდღე ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ატარებ ველოსიპედს, შარფი მოდური აქსესუარი კი არა, უბრალოდ აუცილებლობაა. მეც სტუდენტობის დროს დამეწყო შარფების მანია. თუ მაინცდამაინც ზაფხული და პაპანაქება არაა, ყოველთვის შარფი მიკეთია. ცივ სეზონზე მთლად ვნეტარებ: ყოველდღე სხვადასხვას ვუხამებ ჩაცმულობას. ჩემი შარფების უჯრა ხან აირევა, ხან დალაგდება. ჩემა მეგობრებმა იციან ჩემი შარფებისადმი სიყვარულის შესახებ და ხშირად მჩუქნიან. ახლა ჩემს ინტერნაციონალურ შარფებს გაგაცნობთ. წესიერების გამო, მხოლოდ რამდენიმეს.

ზაზას ნაჩუქარი. ირანიდან.


თამუნას ნაჩუქარი. შვეიცარიიდან.
ეს შარფი ლაშამ მიყიდა თბილისში, ინდონეზიელი ქალების მოქსოვილია.