Thursday, July 25, 2013

მანანას სტილი

მანანიკო. გია აბდალაძის ფოტო
ჩემ მეგობარ მანანაზე უცებ რომ შეგიქმნათ შთაბეჭდილება, მისი კარიერული ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს აღგიწერთ: სამსახურში რაღაც საშინელი გამოცდის ჩაბარება დააწესეს. ამ გამოცდის ჩასაბარებლად სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებენ. ზამთარია. გარეთ ბნელა. ყველას შია, დაღლილია და სახლში უნდა. თან ღელავენ, ტრენერს რაღაცას ეკითხებიან, რაღაცას წერენ, იხილავენ. მანანაც ქოთქოთებს: „დედა, რა გვეშველება, რომ ვერ ჩავაბაროთ, რა მოხდება, ნეტა, გამოცდაზე რთული საკითხები არ გამოიტანონ“. გვერდით მჯდომს ეკითხება: „კარგად ხარ მომზადებული?“ ამ დროს ხელებზე კრემს ისვამს, ტელეფონს იღებს, თავს დაბლა წევს და სალონში რეკავს, რომ მეორე დღეს წარბების გასაკეთებლად ჩაწერონ.

რამდენიმე ხანს ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდით, ოღონდ სხვადასხვა დეპარტამენტებში და სხვადასხვა სართულებზე. გამიმართლა, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვერ დავუახლოვდებოდი. ყოველ დილით გამომივლიდა და სამსახურში დავყავდი. ის დილები ძალიან მენატრება. ჯერ მისი მეუღლე ჩამოივლიდა, რომელსაც მანანამ მანქანა გაუცვალა (თავის სასარგებლოდ) და ხელის აწევით მომესალმებოდა. მერე მანანა მოჰყვებოდა. სალონი გამთბარი და კაროლინა ერერას „212 ვიპის“ სურნელით გაჟღენთილი მხვდებოდა. ეს სურნელი სულ მავიწყებდა ზამთრის ნაცრისფერ დილას, თბილი ლოგინიდან ადგომას და მოსალოდნელ ხანგრძლივ სამუშაო დღეს. იმდენად შემიყვარდა, მერე მეც ჩამოვატანინე მეგობარს. მანანა იჯდა ენერგიული, სციოდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, საჭეს ტყავის ხელთათმანებით მართავდა. მოკლედ შეკრეჭილი თმა მუდამ წესრიგში, მბზინავი და ახალი გამშრალი, მაკიაჟი – სეზონის შესაფერისი, პომადის ფერი – ყველაფერთან შეხამებული, სამკაულები – ზომიერად ბევრი და გემოვნებით შერჩეული. ჩაცმის სტილი – ელეგანტური და მკაცრად კორპორაციული. წინა სავარძლებს შორის ჩანთა ედო (დიდი ჩანთები უყვარს, რომ ყველაფერი ჩაეტიოს.) უკანა სავარძელზე წინასწარ გამზადებული ლანჩის პაკეტები, ხილი და კიდევ სახლის რაღაცები ელაგა. მივდიოდით და მიყვებოდა, როგორ კერავდა წინა საღამოს ფარდებს სოფლის სახლისთვის, როგორ გამოურთეს წყალი, როგორ ენატრება მისი ვაჟი – ლევანი, რომელიც კინორეჟისორია და გერმანიაში ცხოვრობს, რა სირთულეები ჰქონდა ახალ დანერგილ პროგრამასთან სამსახურში, მიყვებოდა მაღაზიაში ნანახ კაბაზე, ფრჩხილის ლაქის ახალ ფერზე, ეპილაციაზე, ფილმზე, რომლის ნახვაც ვერ დაასრულა... ამ დროს, წითელზე აჩერებდა და მოხუც ქალს ხურდას აძლევდა, თუ რომელიმე მძღოლი თავაზიანობას გამოიჩენდა და გაატარებდა, კმაყოფილებით გაიღიმებდა. აბა მითხარით, რა ჯობია დილაობით ასე მგზავრობას?

Wednesday, July 17, 2013

ეკას სილამაზე



მე და ეკა სხვადასხვა ჯგუფში, ერთ კურსზე ვიყავით. სოხუმელი რომ იყო, თავიდან იმან დაგვაახლოვა. გადაბმული მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მაინც დატოვა კვალი. ნანას დიღმის სახლში ვიხსენებდით და მომინდა, მასზე დამეწერა. 

რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დიდი ხანი ებრძოდა ლეიკემიას და გვეგონა, საბოლოოდ დასძლია. თბილისში ცხოვრობდა, ქმართან და პატარა გოგონასთან ერთად.

გამართული სიარული იცოდა, ქერა, სწორი და ერთ სიგრძეზე შეჭრილი თმა ჰქონდა, მხრებს უფარავდა. სულ გაშლილს ატარებდა. არ მახსოვს, ოდნავ მოშვებული, ან შედარებით ნეიტრალურ სტილში ჩაცმული გამოსულიყოს გარეთ. დედასთან ერთად რომ სასეირნოდ გამოვიდოდა, ერთ რამედ ღირდა მისი ცქერა. მინდოდა, მეთვალიერებინა. აუჩქარებლად, როგორც ჟურნალის ყდაზე აკვირდები თითოეულ დეტალს: საყურეს, თვალის ლაინერის მოხაზულობას, თმის ფერს, ტანსაცმლის თარგს... თავის დაჭერაც შესანიშნავი იცოდა: არც ზედმეტად ამაყი, არც სულ გაკრეჭილი. ნამდვილი ქალბატონი იყო. დედამისი მეუბნებოდა, პატარა რომ იყო, იქეთ გვასწავლიდა მანერებსო. თურმე, ერთხელ სტუმრისთვის სუფრასთან შენიშვნა მიუცია: ეტო ნე კულტურნო-ო. 

Sunday, July 7, 2013

განშორების სცენები

დამშვიდობება რთული რამეა, თუნდაც არც ისე ახლობელთან, რომელიც სულ ცოტა ხნით მიდის სადმე. ამ დროს ყველა ღელავს: კაცები მკაცრ სახეს იღებენ და მუშტებს მაგრად უჭერენ, ბავშვები გათიშული იყურებიან სადღაც, ან პირიქით, ბევრს დახტიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ და ყველას აწუხებენ, ქალები კი უბრალოდ ტირიან. ვინც მიემგზავრება, იმას კიდევ არაუშავს, სადღაც მიდის, თავგადასავალში. ვინც რჩება, ის უფრო მეცოდება. მგონია, რომ მოწყენილი დღე ექნება, მით უფრო, თუ ზაფხულია და ცხელა. პირველი რამდენიმე ნაბიჯი იქნება ყველაზე გაბრუებული და ფიქრიანი, დანარჩენი დღე - ნელი, ჩუმი.