Saturday, December 1, 2012

მოდისტა და სხვები


ამონარიდი ჩემი მეგობრის, ნანას ელექტრონული წერილიდან. რასაკვირველია, მისი თანხმობით ვაქვეყნებ.

"1 საათზე ჩეხეთის საელჩოში ვიყავი ჩაწერილი, პასპორტის წამოსაღებად და ცოტა ადრე გამოვედი ოფისიდან, გზად მკერავთან უნდა გამევლო, გადასაკეთებლად მქონდა მიტანილი ქვედაბოლო. ეს მკერავი სომეხი ქალია, გაია. რუსთაველზე, ერთ-ერთ არკას თუ დაუკვირდები, სანამ "ანტრემდე" მიხვალ, არკის შესასვლელში აბრაა გამოკრული "მოდისტა". ეს აბრა გვაუწყებს, რომ მკერავი გაია აქვეა სულ ორ ნაბიჯშიო და თან უბრალოდ მკერავი კი არაა, მოდისტა არისო.:) გაიას მართლაც რომ ოქროს ხელი აქვს, ძალიან ხარისხიანად კერავს, და საფასურსაც შესაბამისს იღებს. სიმართლე რომ გითხრა, ძვირსაც კი იღებს. მაგრამ, იმდენად მოსახერხებელია იქვე რომაა და შედეგიც რომ იცი ნამდვილად ხარისხიანი იქნება, მიგვიჩვია მთელი ოფისი. მოვიტანთ რაიმეს მის გაკეთებულს და ვწუწუნებთ: "ამაში ამდენის მოთხოვნა რა უბედურებააო", მაგრამ არ გაივლის ცოტა ხანი და ისევ გაიასთან მივდივართ, თუ მკერავი გვჭირდება. 

იტალიურ ეზოში აქვს "სამკერვალო" გაიას. სულ რაღაც ორი პატარა ოთახია. ეზოში უზარმაზარი ხე დგას, ჭადარი. ეხლა სულ გადაყვითლებულ - გადაოქროსფერებულია ჭადარიც და ეზოც. მივუკაკუნე კარებზე გაიას, მომესმა "zaxodite, otkrito". შევედი, გაიამ იქვე ელექტრო-გამაცხელებელზე რკინის ჩაიდანი შედგა. იცი, როგორი გამაცხელებელი აქვს, სპირალები რომ ანათებს წითლად. მერე მეორე ოთხში შემიძღვა, ჩემი ქვედაბოლო მოძებნა და მოისინჯე, აბა, როგორი გამოვიდაო. მართლაც, კარგად გამიკეთა. 18 ლარიო, მე 20 ლარიანი მქონდა და დამელოდე ერთი წუთითო, ხურდა არა მაქვს და დავახურდავებო. წავიდა.... მე ოთახის დათვალიერება დავიწყე და უცებ რა ვიგრძენი, იცი? დამცინებ ეხლა :D გაია მინდოდა ვყოფილიყავი. ეს ოთახი ყველაზე მყუდრო ოთახად მომეჩვენა მთელს მსოფლიოში. გარეთ ცრიდა, აქ კი წითლად ანათებდა სპირალიანი გამაცხელებელი, ჩაიდანი კიდე ზემოდან ქოთქოთებდა, გარშემო სხვადასხვა ფერის უამრავი ნაჭერი და ძაფები იყო და ძველთაძველი საკერავი მანქანა. ყველაფერი ისეთი პრიმიტიული იყო და თან ისეთ სიმყდროვეს ქმნიდა. არ მინდოდა არც ჩეხეთის საელჩოში წასვლა, მერე ოფისში დაბრუნება, საღამოს სალონში შერბენა მანიკურზე, მერე სახლში მოსვლა, სადაც გათბობაც ცენტრალურია, ჩაიდანიც თანამედროვე. ეს ყველაფერი ცივილიზაციის ისეთ გულისამრევ კომპონენტებად მომეჩვენა იმ წუთებში და ისე შემშურდა გაიას ამ ორი მოცუცქნული ოთახის, ჟანგიანი ჩაიდნით და ძალიან გასარეცხი ფარდებით.