Wednesday, September 20, 2023

столовая


სექტემბერია, ჰაერში თან შემოდგომაა, თან ზაფხულის ნარჩენები. აქტიურ განათლებას და მუშაობას დავუბრუნდით, კალენდარი შეივსო. საქმეების პარალელურად ჩემს ცნობიერში 80-იანების დასაწყისის ამბები ტრიალებს. მგონი, ვამართლებ ტყუპის ჰოროსკოპს: თან აქ ვარ, დავალებები მემატება, დედლაინებში ვიხლართები და თან ჩემს სიღრმეში ვიძირები, სადაც ბავშვობის ფილმს აჩვენებენ.

როცა სანდრა ბაღში და წრეებზე დამყავს, სულ ის შეგრძნებები მახსენდება, ბავშვს რომ მქონდა, როცა დედას საიდანმე გამოვყავდი და სახლში მივდიოდით. ის სიტუაცია იმდენად მიყვარდა, რომ ყოველ გახსენებაზე ხელახლა ვაგემოვნებ. იმ დღეებიდან მცირედი დისკომფორტიც კი არ მახსენდება და ყველაზე მეტად ეს მომწონს. არაფერი მაწუხებდა, საერთოდ არაფერი, ყოველდღიურობის თანმდევი მომაბეზრებელი წვრილმანებიც კი - დაღლა, მოსამზადებელ გაკვეთილებზე ფიქრი, მძიმე ჩანთა, ქუჩის ქაოსი... უბრალოდ, მშვიდად ვიყავი და თავს დაცულად ვგრძნობდი: მე ხომ დედა მახლდა! შევივლიდით რომელიმე გასტრონომში, შემომეგებებოდა სუნების ბუკეტი. ვანილის ვაფლის და გაყინული ქათმის სუნები ერთმანეთში ირეოდა, თუმცა ყველაფერი სწორად და ჩვეულებრივად იყო. შუქი ენთო, ჩართული მაცივრები ხმაურობდა, ხალხი სწრაფად მოძრაობდა, საკვებს იმარაგებდა და შინ მიჰქონდა - ეს დინამიკა კარგ სიგნალებს მაძლევდა. ქალაქის ცენტრში რომ იყო, იმ სასურსათო მაღაზიის სექციები ახლაც ზეპირად მახსოვს. პრიმიტიული კოსმეტიკის სექციაში პუდრები, ვაზელინები და სველი ხელსახოცის პატარა შეკვრები ეწყო. ვიტრინა ნახევრად ცარიელი იყო, მაგრამ ჩემთვის მიმზიდველი. დედას ალბათ ჩანთები ჰქონდა, თავისი, სურსათის, მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად იყო, არავინ ოხრავდა და წუწუნებდა, უბრალოდ, ჩვეულებრივი დღე/საღამო გვქონდა. ტრანსპორტში, უმეტესად ტროლეიბუსში ადგილებს ვპოულობდით. არც იქაურობაზე მქონდა ჭუჭყისადმი ზიზღის გრძნობა. უბრალოდ, ტრანსპორტი იყო, სადაც მყუდროდ ვსხდებოდით. საღამოვდებოდა, ქალაქის შუქები ინთებოდა და ტროლეიბუსი სახლისკენ მიდიოდა.

ერთ ასეთ დღეს, როცა ფანჯარასთან ვიჯექი, სასადილოს აბრაზე ამოვიკითხე - столовая, უფრო სწორად, ბოლომდე ვერა, რადგან я ჯერ არ გვქონდა ნასწავლი. დედას უზომოდ გაუხარდა, რომ ამ სიტყვის დამოუკიდებლად წაკითხვა შევძელი. მისმა რეაქციამ მეც გამახარა, დღევანდელი გამოთქმით, მოტივაცია მომცა და ეს მოგონება ალბათ ამიტომაც მაქვს ასეთი ცხადი. 

ამ დილით, როცა ბაღში წასასვლელად ვემზადებოდით, სანდრა იატაკზე ჩაჯდა და ფეხსაცმელს იცვამდა, როცა მკითხა, თავკომბალა ინგლისურად როგორ იქნებაო. ცალ ხელში მისი საწრუპიანი ჩაის ფინჯანი მეჭირა, მეორეში - ბაღის ზურგჩანთა, ზემოდან დავცქეროდი და ჩემს თავში ისევ ბავშვობის კარუსელი ტრიალებდა. მადლიერი ვიყავი, რომ ყოველდღიურობის შუაგულში სანდრაც ზუსტად ისე არხეინად გრძნობდა თავს, როგორც მისი ტოლი ან მასზე ცოტათი უფროსი დედამისი წლების წინ.