Monday, January 30, 2023

Piensa En Mi

 ისევ გავკადნიერდი და ვასრულებ ლუს კასალის სიმღერას Piensa En Mi, რომელიც აჟღერდა ალმოდოვარის ფილმში "მაღალი ქუსლები".

ვიდეო მოგზაურობის ფოტოებით გავაფორმეთ.


Sunday, January 22, 2023

მზე და ნაძვი


რამდენიმე დღე ჩვენს საყვარელ კურორტზე გავატარეთ. საუზმის შემდეგ სოფლის გზებს მოვეფინებოდით, თოვლში ვსეირნობდით. უმეტესად სიჩუმე იდგა. იყო კრიალა ჰაერი, მზე და ყინვა. ანა კალანდაძის ის ლექსი მახსენდებოდა: "ჩუ... ვინ ჩურჩულებს? მზე და ნაძვია. ეს ჩემი სულის წვეული ორი."

მზემ და ნაძვებმა კარგად მიგვიღეს. ხუთი საათის შემდეგ მზე მთების უკან იმალებოდა, აცივდებოდა, რაც ნიშნავდა, რომ სასტუმროში უნდა დავბრუნებულიყავით.  ვინც ზამთარში სოფელში რჩებოდა, სახლთან ლამაზად ეწყო დაპობილი შეშა. სხვათა სახლები მდუმარედ, მოკრძალებულად იდგნენ და თმენით ელოდნენ პატრონებს. მიყვარდა მათ მიერ დატოვებული ნივთების თვალიერება. სახლის გარეთა კედელთან გადასაგდებად გაუმეტებელი ავეჯი და სახლის ტექნიკა ეწყოთ, სამუშაო იარაღებთან ერთად. წითელი კენკრის ხეები, ძველი და მერე შემომატებული ფერადი პლასტმასის საქანელები და სამეურნეო დანიშნულების ფიცრულა ნაგებობები თოვლს დაეფარა. სიჩუმის მიუხედავად ეზოში მაინც სიცოცხლე იგრძნობოდა. გეგონებოდა, ჰა, ჰა და მწვანე ბალახი გამოჩნდებოდა, ეზო ახმაურდებოდა, სახლიდან ადამიანები გამოვიდოდნენ. მახსენდებოდა რეზო გაბრიაძის სპექტაკლში ნანახი ომისდროინდელი პერიოდის ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. რამხელა შინაარსს ატარებს მავთულებდახლართული ელექტრონის ბოძი, 40-იანების დიზაინის საწოლები და სკამები, ტანსაცმლის საკიდები, ნაქარგები საწოლის თეთრეულზე! ჩემს მეგობრებს ხშირად ვუზიარებ ამ განცდას, ბაბუას ფოტოალბომებში ნანახი უცნობი ადამიანების ჩაცმულობის დეტალებს, ჩავლილი დროიდან გადმოსულ სიცოცხლეს.

როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, აქაც ერთად გვხვდებოდა ძველი და ახალი: ახლადაშენებული სასტუმროები, ბეტონის გზა, მუნიციპალური დაწესებულებები, მიტოვებული საბჭოთა პერიოდის სანატორიუმების და პიონერთა ბანაკების ტერიტორიები, რკინიგზა, სადგურის შენობა, რომელიც ასე გვიყვარს და რომელიც ნელ-ნელა ემსგავსება დიდგვაროვან ხანდაზმულ ქალს, სამხრეთამერიკული რომანების გმირს. 

მეც ეს ვარ, ახალ დროში მცხოვრები და ძველს ჩაჭიდებული. თან დამაქვს, თითქოს მეც ის ქალი ვარ, სასახლეში ვცხოვრობ და სიამაყის გამო გარეთ არ გავდივარ. ფანჯრიდან ბაღი, კარიბჭე და ქანდაკებები ჩანს, - ყველაფერი ძველი, მორღვეული და მაინც სიცოცხლით სავსე. 

ეს დღეები სულ მამას წერილი მახსენდება, დედამისს წერდა სოხუმიდან სტუდენტობის წლებში: არ ინერვიულო, კარგად ვარ, ლექციები შუადღის შემდეგ მეწყება და სახლიდან რომ გავდივარ, უკვე კარგად მომთბარიაო. სიცივე და ზამთარი გადალახეს, იცოცხლეს.

წლევანდელი ზამთრის მოსაგონებლად ლაშამ ვიდეო ჩვენი გადაღებული ფოტოებით გააკეთა და ჩვენი საყვარელი მუსიკით გააფორმა (David Kitay, Ghost World soundtrack). სანდრამ ყურადღებით უყურა და ბოლოს თქვა, მოწყენილი ფილმიაო.

Tuesday, January 3, 2023

ზამთრის დღეები, მუსიკას ადევნებული ფიქრი

ახალ წელს ძველი რომანსების მღერით ვიწყებ. ხმის რეჟისორი - ლაშა, ფოტოების უმეტესობაც მისია.