Tuesday, July 7, 2020

METAXA



ბავშვობაში ჩვევად გვქონდა რვეულებში ან კედლებზე ტექნიკის ბრენდების ან მომღერლების სახელების წერა. METAXA - ეს სიტყვაც წარწერებში მხვდებოდა. ჩემმა დეიდაშვილმა, იკამ ამიხსნა, ბერძნული სასმელიაო. უასაკობის გამო მისი გასინჯვა არ შეგვეძლო, თუმცა ერთხელ კი დავინახე სოხუმის ბარში ზედა თაროზე მეტაქსას ბოთლი. დიდების გართობის სიმბოლოდ მესახებოდა, როგორც სხვა, უცხო სასმელები, რომელთა შესახებაც მაშინდელ რომანებში ვკითხულობდი. როგორ მომწონდა რაღაც უცხოს და უცნობის წარმოდგენა! მაშინ, ცხადია, არც დაგუგლვა შემეძლო, არც მზამზარეული იმიჯების ნახვა, მხოლოდ სიტყვით აღწერილის წაკითხვა და წარმოდგენა. ძალიან მიყვარდა და მიზიდავდა ეს პროცესი: არდადეგები, თავისუფლება და უცხო რამეთა შთაბეჭდილებები. ფიცჯერალდის "ნაზია ღამე" ერთ ასეთ შთაგონებულ ზაფხულს წავიკითხე. ბევრი რამ არ მესმოდა და ზუსტად ეს მომწონდა, გაურკვევლობა აღქმას უფრო ამძაფრებდა: უცხო სახელები, შორეული მხარეები, კურორტები, ერთმანეთთან სტუმრობა, ახალი პერსონაჟის მინი-ბიოგრაფია, ყინულიანი სასმელები და საუბრები, რთული ურთიერთობები, ჩოგბურთი და თეთრი შორტები. განსაკუთრებულ გემოს ვატანდი დეტალებს: "ნიკოლმა გზად ესპადრილები იყიდა". "გეტსბიში" ის ეპიზოდები მიყვარდა, როცა ზაფხულის ცხელ დღეს სასტუმროს ნომერს ქირაობდნენ, სავარძლებსა და ტახტებზე მიესვენებოდნენ, უსასრულოდ სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. იქ ალბათ რბილ ავეჯს სიგარის სუნი ასდიოდა, ფანჯარაში კი ჟანგმოკიდებული ვენტილატორი იყო დამონტაჟებული. 

საინტერესო დრო იყო: კომუნიზმი სუსტდებოდა და მანამდე აკრძალული სიახლეები შემოდიოდა. სოხუმში კერძო მაღაზიებში უცხოური ტანსაცმელი იყიდებოდა. რუსულის, ნაცნობის და სტანდარტულის კვალიც არსად ჩანდა. სანაპიროზე ხმამაღლა ისმოდა უცხოური სიმღერები. ინგლისური ცუდად ვიცოდი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ დავიჭერდი და ვცდილობდი, სიმღერის საერთო შინაარსი გამომეცნო. დაღამებამდე ბავშვებს შინ გვეძახდნენ, დაძინებამდე მხოლოდ ეზოში და ვერანდაზე შეგვეძლო თამაში, სანაპიროზე კი ისევ უკრავდნენ hotel california-ს, ბარებში კოქტეილებს აზავებდნენ, ვიდეოკასეტებზე ჩაწერილ მუსიკალური კლიპების ნაკრებებს უყურებდნენ და ალბათ, ბანანებსაც მიირთმევდნენ. ბანანი პირველად ჩვენებთან ვნახე, რომელიღაც ზაფხულს, მომწვანო ფერი ჰქონდა. იკა ამბობდა, ბნელ ადგილას უნდა შეინახო, რომ დამწიფდესო. კარადის ქვედა უჯრაში ინახავდა, ეზოდან შეირბენდა და ხშირ-ხშირად ამოწმებდა. 


საღამოს სეირნობები! ქალაქელები და დამსვენებლები ერთიანად გამოეფინებოდნენ ხოლმე საღამოს სიგრილეში და გრძელ სანაპიროს მოედებოდნენ. ჩვენი არჩეული მონაკვეთი თეატრამდე იყო. არ ვიცი, რამდენჯერ გავდიოდით იმ გზას წინ და უკან პალმების შრიალში, ქართულის სხვადასხვა კილოზე საუბრების ხმებში, ფერად კაბებში, ბრჭყვიალა წვრილ ქამრებში, ღია საზაფხულო ფეხსაცმელებში, სუნამოს სურნელებებში. შემხვედრი ადამიანების ჩავლას სიცილის, კაბის შრიალის და თმის ლაქის სუნის სქელი ტალღა მოჰყვებოდა. ზღვაში ბანაობის შემდეგ გამოძინებული დამსვენებლები საგანგებოდ, საღამოს სეირნობისთვის იყვნენ გამოწყობილი. ამ ნაკადში გათქვეფა, ამ აურზაურში ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა და სასიამოვნოდ მღლიდა. მხატვრული ლიტერატურა იქ იყო, იმ საღამოებში. განგებ იყო ისეთი ჯადოსნური, რადგან მალე შეწყდებოდა.




ბავშვობის მერე ზაფხულს განსხვავებულ გარემოში ვატარებდი. ყოველ ჯერზე მეც სხვა ვიყავი, გეოგრაფიაც - სხვა. ალბათ, სულ ტკბილ-მწარე ფიქრი მექნება ყოველ ზაფხულს, რადგან ცვლილებები, როგორც წესი, ტკივილის გარეშე ვერ ჩაივლის.

ამ დღეებში, როცა სანდრა პარკში გვყავდა, იქაურმა ტანმსხვილმა, მაღალმა ხეებმა და ზაფხულის ნიავმა სოფელი და ბებო მომაგონა. როცა შაბათ-კვირას ჩავდიოდით, რამდენიმე წუთი იყო ასეთი: ცხელ დღეს ნიავი აგრილებდა, წამოზრდილი წიწილები დარბოდნენ და ასწლოვანი ხეები იდგა. საღამოს ავტობუსს უნდა გავყოლოდით და ძალიან ვსევდიანდებოდი, რადგან ჩვენ წავიდოდით, ბებო კი ისევ მარტო უნდა დარჩენილიყო, მეორე დღეს ორშაბათი იყო და ყველა ჩვენს რუტინას ვუბრუნდებოდით. 


მაინც, სად მიდიან ადამიანები? ხომ არის თეორია, რომ დრო წრეზე ბრუნავს და წარსული, აწმყო და მომავალი სადღაც იკვეთება. უბრალოდ, ადამიანებმა არ იციან, როგორ მოინახულონ ათი წლის წინანდელი ან მომავალი წლების ცხოვრება. ამასწინათ ირენმა რომის და პომპეის ფრესკები გამაცნო. მათ შორის ვნახე რომაელი ლივიას ვილა და პომპეის ოქროს სამაჯურის სახლი. ფრესკების ნაწილი ლივიას მიწისქვეშა ბაღის კედლებზეა აღმოჩენილი. აუზთან ალბათ ლიმონის ხეებიც ჰქონდა.

გადავწყვიტე, რომ დიდმა ოსტატებმა საუკუნეების წინ მოამზადეს ასეთი სასეირნო ადგილები იმ ადამიანებისთვის, ჩვენგან რომ მიდიან. იქნებ, ნაკლებად გვეტკინოს მათი აქ არყოფნა, როცა გვეცოდინება, რომ ასეთ გარემოში ატარებენ დროს.