Wednesday, June 15, 2016

ნაზია ღამე


ვიღაცისგან გავიგე, ბგერას ჯერ გონებით უნდა მიწვდე და მერე იმღეროო. როცა ამ სიმღერას ვუსმენ, სულ ის აზრი მიჩნდება, რომ გონებით გველაპარაკება. 90-იანების ბნელ საღამოებში ერთ ოთახში ვიყუჟებოდით ხოლმე სამივე: მე, ზაზა და დედაჩემი. ზოგჯერ საბანში ვეხვეოდით და დედას ვთხოვდით, სადმე დაერეკა. მისი მოკლე პასუხებით ვცდილობდით, გაგვეგო, ხაზის მეორე ბოლოდან რა უთხრეს. ძალიან გვართობდა სხვებთან ასე დარეკვა და ამბის კითხვა. გაგონილს რაღაცას მოვაბამდით და უსასრულოდ ვიცინოდით. იმ საღამოების საუნდტრეკები იყო "დავრდომილი, სნეული", რომელიც მაშინ "იმერული ესკიზებიდან" ვიცოდით, ქალის ნამღერი, და "საბრალო დედაბრისასა", ზურა ქაფიანიძე მღეროდა რომელიღაც ფილმში. ამ სიმღერის შინაარსის ცოტა მეშინოდა, მაგრამ იმ სიტუაციაში საერთო მხიარულებაში გამყავდა. ახლა საღამოობით სამივე სხვადასხვა ლოკაციაზე ვართ. ზაზას ხანდახან ერთ სიტყვას მივწერ ხოლმე; ზუსტად ახსოვს, რომელ იმდროინდელ მაიმუნობაზე მიანიშნებს. 

იშვიათად ხდება, მაგრამ როცა ძალიან ადრე მეღვიძება, დიდ რამედ მიმაჩნია. მგონია, ისეთ რამეს დავინახავ, რაც ჩვენთვის დაფარულია, ბუნების საიდუმლოს ან რამე საოცარს. თითქოს სადმე მისიით ვარ მივლინებული, ისე ვაკვირდები, გარეთ რა ხდება. როცა ზამთარია, ჩიტების ხმა არ ისმის და სრული სიჩუმეა. საიდანღაც მანქანა მოდის, ვიღაც ფეხით ჩამოივლის. გაზაფხულზე ჩიტების ჭიკჭიკია ხოლმე მთელ ხმაზე. ვუყურებ, თითქოს ვიღაც ვიდეოს აკეთებს და ცდილობს, გათენებას ზუსტად დაადოს ჩიტების ხმა. ამ ვიდეოში ყველაფერი სრულყოფილია და არაფრის შეცვლა არაა საჭირო. მერე კმაყოფილი ვიბრუნებ ძილს და დილით ლაშას ვუყვები, რა ვნახე. ადრე რაღაც პერიოდი ღამით გვიწევდა გაღვიძება. ავტობუსი ათ წუთში არტყამდა წრეს, ამიტომ ჩასვლა უნდა მოგვესწრო. ვიდექი გაჩერებაზე ნახევრად მძინარე და თან თავგადასავლით გაკვირვებული. თავს ზემოთ მთვარე ანათებდა, ციოდა და გათენებამდე მივდიოდი სკოლაში. ახლა ეს ისე მახსენდება, თითქოს სინამდვილეში არც ყოფილა.