ამ ცნობილ ფრაზას ხშირად ვიმეორებდი: „ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ, ხანდახან არც ვიცით ხოლმე“. ჩვენ საკუთარი ვარსკვლავიც გვაქვს, უსახელო. აღმოვაჩენთ და ვიცით, რომ იქ არის, თავისთვის, არცერთ ხელსაწყოში არ ჩანს. თავისი ორბიტიდან არასდროს უხვევს, თუმცა, ერთხელ შეიძლება სტუმრად მოვიდეს ჩვენს ქალაქში, მხოლოდ ერთი ღამით.
ჩემი ქალაქი ასეთია: მაისის, ჩრდილების, ეზოებიანი სახლების და იმ სახლების ღობეებიდან გადმოსული ვარდების. გასულ თვეში ხშირად ვფიქრობდი ამ ქალაქზე. საღამოს რომ ქუჩაში გაივლი და საკუთარი ფეხის ხმა გესმის. იმ ფილმმა, ზემოთ რომ ვახსენე, ძალიან მომაგონა, ბევრი რამით, პირველივე კადრიდან. ჩემს ქალაქშიც ცხოვრობს კომპოზიტორი, რომელსაც სიმფონია აქვს დაწერილი, ოღონდ არც ორკესტრი ჰყავს და მთავარი ინსტრუმენტიც აკლია. ამ სიმფონიის თემა ახლაც ჩამესმის და ძალიან უხდება ამ ქალაქის სიჩუმეს. როგორიც ჩემს წარმოსახვასა და ფოტოგრაფიულ მეხსიერებაშია, ისეთი იმ პოეტმა შექმნა, გასული საუკუნის დასაწყისში სახლში წერილებს რომ აგზავნიდა, გაზეთში ჩემი პირველი ლექსი დაბეჭდესო. მერე კი, წლების მერე, წერილებს უკლო და სახლიდან საყვედურებს სწერდნენ. სულ მისი სახეები და ფერები მაქვს გონებაში გამჯდარი.
როცა მჭირდება და ხანდახან თავისთავად, მივდივარ ხოლმე ფიქრებით და ამ მუსიკით (აქაც ვარსკვლავებია), მაისის გოგო მაისის ქალაქში. ჩრდილებიან, ჩრდილებიან ქუჩებში.
გოგოები თავიანთ ეზოებში კითხულობენ წიგნებს. სავახშმოდ რომ დაუძახებენ, წიგნში სანიშნედ ვარდს ჩადებენ. მამაჩემი ბოლო კლასშია, მაღალი და ძალიან გამხდარია და სულ უკანა მერხთან ზის. მერე სოხუმში ისწავლის. ისევ გამხდარი იქნება და ვიწრო შარვლები ეცმება. ძველ ოჯახებში როიალი უდგათ დიდ ოთახში. როიალზე - ნოტები და ძველებური შანდალი. დეკემბერი ისეთი თბილია, პალტოებიც კი არ აცვიათ. ერთი ცნობილი პოეტური ორდენის წევრი (და ჩემი მოგვარე) ბედნიერია იმით, რომ ქალაქგარეთ სეირნობისას მეგობარ პოეტებს თავისი ახალი თარგმანი წაუკითხა და მათ ძალიან მოეწონათ. თბილი დეკემბრის იმ საღამოს საიდანღაც ქარი ამოვარდება და ფიფქებს მოაფენს. დიდხანს დგას ფანჯარასთან, მერე თავის ძაღლს დერეფნიდან შემოიყვანს, თბილად დაუგებს და თავის საწოლთან დააწვენს. ტელევიზიით გადმოსცემენ: ჩემი მეგობარი თამუნია ოფელიას მონოლოგს კითხულობს ინგლისურად. მარიკას ხისიატაკიან და წიგნებიან ოთახში შევდივარ. დაწოლილი ჯორჯ მაიკლის სიმღერას უსმენს. რაღაცას დარდობს, ჩემს მისვლას ვერ იგებს. ერთი ბიჭი ფირფიტას ყიდულობს, ამ ფირფიტის გარეკანზე მუსიკოსი ცაზე აბიჯებს, მისი ნაბიჯების ადგილას ვარსკვლავები (ისევ!) ჩნდება. შიდა ფურცელზე იმ დღეს ინიშნავს, რიცხვს და კიდევ, როგორი ამინდია. წლებიც მერეც იტყვის, რომ ის ყველაზე კარგი და ჯადოსნური გარეკანია. მარწყვს ხენდრო ჰქვია. საქალაქთაშორისო ზარით რომ ძალიან ახლობელი რეკავს, მისი მონატრება უაზრობებს გალაპარაკებინებს და ყურმილს სასწრაფოდ გადასცემ სხვას. |
ლაშას ფოტოები. შაბათ-კვირის სეირნობებიდან. |
Sunday, May 31, 2015
უსახელო ვარსკვლავი
Subscribe to:
Posts (Atom)