* * *
ზამთრის საღამოა.
მე და ზაზა სახლში ვართ. დედა ჩვენთვის ვალინკების საყიდლადაა წასული. საღამოს ბრუნდება.
შემოდის სიცივისგან სახეაწითლებული. ვგიჟდები იმ სიცივის სუნზე, რომელიც სახეზე ასდის.
არ ვაცლი პალტოს დაკიდებას, არც ქოლგას ვართმევ; გიჟივით ვკოცნი და ვეხუტები.
* * *
პატარა ვარ, ბაღის
ასაკის. დედაჩემს ბავშვთა პოლიკლინიკაში მივყავარ. მარმარილოს კიბეებით ავდივართ ფართო,
ძალიან ფართო ჰოლში. მინდა, ეს კიბეები არ დამთავრდეს. თან მომწონს, რომ დაბალი საფეხურებია,
თითქმის არც იგრძნობა, რომ ზემოთ აბიჯებ. კედელზე ყბაშეხვეული ძაღლის ნახატი კიდია:
„ბობიკას კბილები ატკივდა.“ სანამ ექიმის კაბინეტამდე მივალთ, შიშისგან მაკანკალებს.
მეშინია ასია ექიმის, მისი სახის გამომეტყველების, ყელში რომ უნდა ჩაგხედოს, იმ რკინის
ინსტრუმენტის. სხვა დროს, ქუჩაში რომ გვხვდება, კარაკულის ქუდით და რედიკულით, მაშინაც
მეშინია.
ქარიანი დილაა.
ვწევარ, თვალებს ძალით ვხუჭავ. საშინლად მეზარება ადგომა და ლექციებზე წასვლა. ეზოდან
გიული დეიდა იძახის: დათომ დარეკა, დღეს „ხარისხის სახლში“ ინგლისელებთან გასაუბრებაზე
უნდა მიხვიდეო.