ამასწინათ გამახსენდა ეს დღე. ფოტოებიც მოვიძიე. ერთ სამშაბათ დღეს Rabobank-დან day-off ავიღე. მაასტრიხტის ნახვა მინდოდა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემი მეგობრებიდან არავის ეცლებოდა და მარტო წავედი. საკუთარ ფიქრებთან მარტო ყოფნა იქ ცხოვრების პერიოდში უფრო შემიყვარდა. ორსართულიანი მატარებელი შემხვდა. ზედა სართულზე რბილ სავარძელში მოვკალათდი და შარფი მოვიხვიე. წინ მუყაოს ფინჯნით თბილი ლატე და ჩემი მეგობრის, მირეის ნაჩუქარი Bridget Jones's Diary მედო. ჩემს წინ და ირგვლივ სავარძლებზე არავინ იჯდა. მეც ხან წვიმიან პეიზაჟს, კოხტა სახლებს და ეზოებს ვუყურებდი, ხანაც ვკითხულობდი და განსაკუთრებით სასაცილო ეპიზოდების კითხვისას ვჩერდებოდი, კარგად რომ დამემახსოვრებინა და ჩემი მეგობრებისთვის მომეყოლა... მატარებლით სულ ასე მყუდროდ, თბილად, წვიმას და სიცივეს შეფარებული და ფიქრებში გახვეული ვმგზავრობდი, სამეცადინოთი აღჭურვილი, სალაზღანდაროდ მომართული, მთვლემარე, ხალხზე დაკვირვებით გართული... ყველაფერი სიამოვნებას მგვრიდა.
Onze Lieve Vrouwe Basiliek, Maastricht |
ახლა მთავარ ამბავზე გადავალ. მაასტრიხტი, თავის კათოლიკური ტაძრებით და არქიტექტურით, თბილი, სამხრეთული ქალაქი აღმოჩნდა. სხვა დროს თავისუფლად მეგონებოდა საფრანგეთის, ან ბელგიის რომელიმე ქალაქი. ღრუბლიანი იყო, არ წვიმდა. ჩემი პატარა გეგმა მქონდა "აუცილებლად სანახავი" ადგილების. ცენტრიდან მოშორებით არცერთი იყო, ამიტომ მშვიდად დავდიოდი. იმ ტაძარშიც ჩვეულებრივად, როგორც ტურისტი, ყოველგვარი წინასწარი განწყობის გარეშე შევედი. რესტავრაცია მიმდინარეობდა, რის შესახებაც გარე ფასადზე გაკრული დიდი ბანერი გვამცნობდა. ტაძრის ერთი ნაწილი გამჭვირვალე მინით იყო შემოსაზღვრული, მინისავე კარიც ჰქონდა გაკეთებული. შიგნით ღვთისმშობლის ქანდაკება იყო, კათოლიკური ტაძრისთვის დამახასიათებელი გრანდიოზული, რიდისმომგვრელი კონსტრუქციით, რომელიც ათასგვარი ორნამენტით და მორთულობით იყო დამშვენებული. (კარგად რომ აღვწერო, არც შესაფერისი ტერმინები ვიცი და არც დეტალები მახსოვს.) მლოცველებისა და ვიზიტორებისგან ეს ფასეულობა ამგვარად იყო გამიჯნული. ტაძარი ნახევრად ბნელი იყო, მარტო სანთლები ანათებდა. ის ადგილი კი დღის შუქით იყო განათებული. სადღაც იქვე დავჯექი. მინის საზღვრის შიგნით ახალგაზრდა ქალი საქმიანობდა: მტვერს ჩვრით წმენდდა, რაღაცას ალაგებდა, ქანდაკებას სათუთად ასუფთავებდა. ფეხმძიმედ იყო, მგონი, თავზე თავსაფარი ჰქონდა წაკრული და რაღაცას წყნარად გალობდა. სახეზე ისეთი მშვიდი სიხარული ეწერა, რომ აშკარა იყო, გრძნობდა: she was in the right place, doing the right thing. საქმეს რომ მორჩა, დაჯდა და ღვთისმშობელს უყურებდა. შემეშინდა, არ შევემჩნიე, თორემ მეც მინდოდა დიდხანს მეცქირა ჩემთვის გაშლილი ამ სცენისთვის.
დაცული ქანდაკების და ფეხმძიმე ქალისთვის ფოტოს გადაღება არც მიფიქრია, სხვაგან კი გადავიღე ტაძრის შიგნით. შესასვლელი კარის თავზე უბრალო თაღი იყო, მაშინ მექანიკურად დავაფიქსირე, ახლა კი თავად გავოცდი, როცა წარწერა მარტივად გავიგე. (ნიდერლანდურს არც იქ ყოფნისას "ვაბულბულებდი" და ახლა მითუმეტეს, თითქმის აღარ უნდა მხსომებოდა) ინგლისურად ასე ითარგმნება: don't pass by here without saying Ave Maria.
არც მე მინდა ისე "ჩავიარო", ასეთი მომენტები, სცენები, განცდები, ადამიანები არ გავიხსენო და გავაზიარო. Hence the blog.