ზაფხული ყოველთვის მიყვარდა. ახლაც მიყვარს, თუმცა შემოდგომასავით არა. სკოლის პერიოდში ზაფხულის დადგომას მოუთმენლად ველოდი, მაშინდელ დღიურებში სულ იმას ვწერდი, როგორ მიხაროდა ზაფხულის მოახლოება, თავისუფლების განცდა და სოხუმი.
ახლა ამ სეზონს მშვიდი სიხარულით ვხვდები. მსიამოვნებს დაცარიელებული ქალაქი, ტრანსპორტის თავისუფლად მოძრაობა, შენელებული ტემპი, სამსახურში ნაკლები დატვირთულობა, მუშაობის თავის დროზე დასრულება, გრძელი დღეები და სამსახურის შემდეგ ბევრი რამის კეთების შესაძლებლობა, შვებულება და მისი თანმდევი სიამოვნებები: ზღვა, მუქი კანი, "გაველურება" და სახლის მონატრება. ლაშასთან ერთად ჯერჯერობით ორი getaway მქონდა...
როცა ზაფხულის შეგრძნებებზე ვფიქრობ, living is easy ყველაზე ზუსტ ფრაზად მეჩვენება. "ნელი მზე" თითქოს გათავისუფლებს პასუხისმგებლობის თუ მოვალეობებისგან. მაშინ უბრალოდ ხარ, კი არ მოძრაობ/ქაქანებ/დაქრიხარ, ადამიანებისადმი თითქოს უფრო დამთმობი ხდები და ნელა, მშვიდად, დაბარებულივით ასრულებ სიამოვნებათა "გეგმას": ცივი ყავა, საზამთრო, ნაყინის ვარიაციები, ბალახზე წოლა, აივანზე კითხვა, საყვარელ კაფეში გვიან ღამემდე ჯდომა, სადმე "ჰაერზე" ასვლა, მაგალითად, მეგობრებთან "დაჩაზე", მერე იქ ბინდში გახვეული ნაძვების კენწეროების ცქერა, გვერდზე გადადებული გიტარა, დაკეცილი ლეპი, კოლას ბოთლი, სუნსულა ძაღლი და ნიავს მოყოლილი ტექნოს რიტმები... საყვარელი ფილმების კიდევ ერთხელ ნახვა, მეგობრებთან ერთად ათასჯერ მოყოლილი ამბების უკლები სიხარულით გახსენება, მანქანის შუქფარების შუქზე ცეკვა, ნაშუაღამევს მაცივრიდან ხილის გამოღება და ლოგინში ჭამა... ლაშასაც უყვარს ზაფხულის სიტუაცია, თუნდაც შვებულება არ ჰქონდეს.