Thursday, July 5, 2012

Onze Lieve Vrouwe Basiliek

ამასწინათ გამახსენდა ეს დღე. ფოტოებიც მოვიძიე. ერთ სამშაბათ დღეს Rabobank-დან day-off ავიღე. მაასტრიხტის ნახვა მინდოდა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემი მეგობრებიდან არავის ეცლებოდა და მარტო წავედი. საკუთარ ფიქრებთან მარტო ყოფნა იქ ცხოვრების პერიოდში უფრო შემიყვარდა. ორსართულიანი მატარებელი შემხვდა. ზედა სართულზე რბილ სავარძელში მოვკალათდი და შარფი მოვიხვიე. წინ მუყაოს ფინჯნით თბილი ლატე და ჩემი მეგობრის, მირეის ნაჩუქარი Bridget Jones's Diary მედო. ჩემს წინ და ირგვლივ სავარძლებზე არავინ იჯდა. მეც ხან წვიმიან პეიზაჟს, კოხტა სახლებს და ეზოებს ვუყურებდი, ხანაც ვკითხულობდი და განსაკუთრებით სასაცილო ეპიზოდების კითხვისას ვჩერდებოდი, კარგად რომ დამემახსოვრებინა და ჩემი მეგობრებისთვის მომეყოლა... მატარებლით სულ ასე მყუდროდ, თბილად, წვიმას და სიცივეს შეფარებული და ფიქრებში გახვეული ვმგზავრობდი, სამეცადინოთი აღჭურვილი, სალაზღანდაროდ მომართული, მთვლემარე, ხალხზე დაკვირვებით გართული... ყველაფერი სიამოვნებას მგვრიდა.

Onze Lieve Vrouwe Basiliek, Maastricht
ახლა მთავარ ამბავზე გადავალ. მაასტრიხტი, თავის კათოლიკური ტაძრებით და არქიტექტურით, თბილი, სამხრეთული ქალაქი აღმოჩნდა. სხვა დროს თავისუფლად მეგონებოდა საფრანგეთის, ან ბელგიის რომელიმე ქალაქი. ღრუბლიანი იყო, არ წვიმდა. ჩემი პატარა გეგმა მქონდა "აუცილებლად სანახავი" ადგილების. ცენტრიდან მოშორებით არცერთი იყო, ამიტომ მშვიდად დავდიოდი. იმ ტაძარშიც ჩვეულებრივად, როგორც ტურისტი, ყოველგვარი წინასწარი განწყობის გარეშე შევედი. რესტავრაცია მიმდინარეობდა, რის შესახებაც გარე ფასადზე გაკრული დიდი ბანერი გვამცნობდა. ტაძრის ერთი ნაწილი გამჭვირვალე მინით იყო შემოსაზღვრული, მინისავე კარიც ჰქონდა გაკეთებული. შიგნით ღვთისმშობლის ქანდაკება იყო, კათოლიკური ტაძრისთვის დამახასიათებელი გრანდიოზული, რიდისმომგვრელი კონსტრუქციით, რომელიც ათასგვარი ორნამენტით და მორთულობით იყო დამშვენებული. (კარგად რომ აღვწერო, არც შესაფერისი ტერმინები ვიცი და არც დეტალები მახსოვს.)  მლოცველებისა და ვიზიტორებისგან ეს ფასეულობა ამგვარად იყო გამიჯნული. ტაძარი ნახევრად ბნელი იყო, მარტო სანთლები ანათებდა. ის ადგილი კი დღის შუქით იყო განათებული. სადღაც იქვე დავჯექი. მინის საზღვრის შიგნით ახალგაზრდა ქალი საქმიანობდა: მტვერს ჩვრით წმენდდა, რაღაცას ალაგებდა, ქანდაკებას სათუთად ასუფთავებდა. ფეხმძიმედ იყო, მგონი, თავზე თავსაფარი ჰქონდა წაკრული და რაღაცას წყნარად გალობდა. სახეზე ისეთი მშვიდი სიხარული ეწერა, რომ აშკარა იყო, გრძნობდა: she was in the right place, doing the right thing. საქმეს რომ მორჩა, დაჯდა და ღვთისმშობელს უყურებდა. შემეშინდა, არ შევემჩნიე, თორემ მეც მინდოდა დიდხანს მეცქირა ჩემთვის გაშლილი ამ სცენისთვის. 

დაცული ქანდაკების და ფეხმძიმე ქალისთვის ფოტოს გადაღება არც მიფიქრია, სხვაგან კი გადავიღე ტაძრის შიგნით. შესასვლელი კარის თავზე უბრალო  თაღი იყო, მაშინ მექანიკურად დავაფიქსირე, ახლა კი თავად გავოცდი, როცა წარწერა მარტივად გავიგე. (ნიდერლანდურს არც იქ ყოფნისას "ვაბულბულებდი" და ახლა მითუმეტეს, თითქმის აღარ უნდა მხსომებოდა) ინგლისურად ასე ითარგმნება: don't pass by here without saying Ave Maria. 

არც მე მინდა ისე "ჩავიარო", ასეთი მომენტები, სცენები, განცდები, ადამიანები არ გავიხსენო და გავაზიარო. Hence the blog.

6 comments:

  1. ჰოლანდიაში მეგობარი დამხვდა, დიდი ხანია რაც იქ ცხოვრობდა და ექსურსიას დამპირდა. სულელი უნდა იყო ასეთ რამეზე უარი რომ თქვა და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. შემოვიარეთ ულამაზესი ადგილები - ანა ფრანკის სახლი, ამსტელის ლაბირინთისებური მდინარე, კონცერტღებაუ, ვან ჰოჰის მუზეუმი, ეინთჰოვენი თავის ფილიპს ჰოლით, უტრეხტი, დენ ჰააგი, ჩრდილოეთის ზღვამდეც კი მივედით და ბოლოს ულამაზეს ლაიდენს მივადექით. უნივერსიტეტის ქალაქი, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ მისმა მოსახლეობამ გადასახადების შემცირებას, უნივერსიტეტის დაარსება ამჯობინა... და ულამაზესი კათედრალი, გოთიკურ სტილში, რომლის დანახვაც გულგრილად არ დატოვებდა ადამიანს... ვთხვოვე ჩემს მეგობარს მივსულიყავით და დაგვეთვალიერებინა ეს ტაძარი, რომელიც, როგორც მეგობარმა მითხრა, პროტესტანტთა საკუთრება იყო. ფასადის შთაბეჭდილების ქვეშ შევაბიჯეთ ტაძარში და პირველივე რაც თვალს მოხვდა იყო..... ავტომობილი (!) დიახ, არ მოგესმათ, ყვითელი ფერის ძველებური კაბრიოლეტი იდგა იქ სადაც ჩვენ ანალოღია გვიდგას ხოლმე. შევცბუნდი და გაკვირვებული მზერა მივაპყარი ჩემს მეგობარს... როგორც აღმოჩნდა, მისთვის არ იყო უჩვეულო ამგვარი სანახაობის ხილვა... როგორც აღმოჩნდა პროტესტანტები ფინანსურ კრიზისს განიცდიდნენ და ხშირ შემთხვევაში ტაძარს აქირავებდნენ კერძო გამოფენებისთვის და სხვა სახის ღონისძიებებისთვის. ამას კიდევ აიტანდა კაცი და ერთგვარად გაგებითაც მოეკიდებოდა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ გადასახადები საკმაოდ მაღალია ასეთ გრანდიოზული ტაძრის საკუთრებისთვის. მაგრამ ის რაც ტაძრის სიღრმეში ვნახე, ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა.... დავიწყეთ ტაძრის დათვალიერება. ცხადია, ხატებისა თუ ფრესკების ნახვის იმედი არც მქონია, რადგან პროტესტანტები არ აღიარებენ ხატებს. მაგრამ ულამაზესი არქიტექტურა მაინც შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენდა, მაგრამ უეცრად, ჩემი ყურადღება რაღაც ეკლესიისთვის უჩვეულო სტატუეტკამ მიიპყრო. უფრო სწორედ, სტატუეტკა კი არა საკმაოდ დიდი ზომის ბუდას ქანდაკება იყო. მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ როდესაც ჩემი მეგობრის ასევე გაკვირვებულ სახეს წავაწყდი, მივხვდი რომ რეალურად იდგა. სამიოდე მეტრის მოშორებით კიდევ ერთი ასეთი ქანდაკება გამოჩნდა, შემდეგ კიდევ ერთი და მცირე ხანში ჩვენს წინ ბუდას ქანდაკებების მთელი რეტროსპექტივა გადაიშალა. გაოგნებული დავდიდი ტაძარში და ვცდილობდი გამერკვია როგორ აღმოჩნდა ამდენი ბუდა უზარმაზარ პროტესტანტულ ტაძრში... როგორც აღმოჩნდა, ვიღაც კერძო პირს დაექირავებინა ეკლესია საკუთარი კოლექცია გამოეფინა. შუაში კი ბუკეტივით, საკუთარი საკოლექციო ძველებური კაბრიოლეტი დაეყენებინა. არ მაქვს უფლება განვიკითხო გამქირავებელი თუ დამქირავებელი, მაგრამ ვაღიარებ რომ შთავეჭდილება მართლაც უცნაური იყო.
    როგორც შემდეგ გვითხრეს, თქვენ გაგიმართლათ, რომ დღეს გამოფენაა და არა ვინმეს ქორწილი, თორემ ამ ეკლესიას საქორწინო ღონისძიებებისთვისაც აქირავებენო, ასე გამოგვისტუმრეს....

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგი ამბავია! :) :) :)
      ანას სახლი ცალკე ამბად დაწერას იმსახურებს!

      Delete
    2. კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვრის ინტერვიუს მოვუსმინე, ისიც ზუსტად ამავეს ამბობდა :( მეხუთე საუკუნის ყოფილა ტაძარი და კომუნისტების დროს ხან ტყავის ცეხი იყო გახსნილი და ხან სკოლაო :( ქორწილებსაც იხდიდნენო, როგორც მეზობლებისგან ვიცითო. ალბათ სიძე-დედოფლის მაგიდა საკურთხეველში ჰქონდათ გაშლილიო. წარმოდგენაც არ მინდა, მაჟრიალებს...
      რწმენა და რიდი რომ გვერდზე გადავდოთ, უძველესი ძეგლის ფაქტორი ნეტა არაფერი იყო მათთვის? ახლაც არანაკლები ველური ხალხი ვართ, მაგრამ ისე მაინც არ უნდა გაფრთხილებოდნენ, რადგან ძველი იყო?

      Delete
  2. კიდე ერთი ამბავი:
    საფრანგეთში კონცერტი გვქონდა და იქაურ საკათედრო ტაძრში შევედით. კაცი-შვილის ჭაჭანება არ იყო, სინათლე არ ენთო და მგონი ერთი სანთელი თუ ბჟუტავდა. ხოდა, ჩვენი ნინა ადგგა და ჩამოუარა ყველა სანთელს სადაც კი თვალი მოკრა და ყველა დაანთო... იფიქრა ალბათ, ქარმა დაუბერა და ჩააქროო. მხოლოდ გასვლის დროს შევამჩნიეთ როგორ ეწერა სადღაც მიმალულ ადგილას - "ერთი სანთლის ანთება 1 ევრო" :))

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 თქვენი ოჯახი და ისტორიები!!! :)))

      Delete
    2. ეს ამბავი საჩინოს ისტორიას არ ჩამოუვარდება, ნინას კურიოზების ხუთეულშია!

      Delete