Friday, June 29, 2012

ქალები ზაფხულში თავიანთი სახლების წინ



ზაფხული ყოველთვის მიყვარდა. ახლაც მიყვარს, თუმცა შემოდგომასავით არა. სკოლის პერიოდში ზაფხულის დადგომას მოუთმენლად ველოდი, მაშინდელ დღიურებში სულ იმას ვწერდი, როგორ მიხაროდა ზაფხულის მოახლოება, თავისუფლების განცდა და სოხუმი. 

ახლა ამ სეზონს მშვიდი სიხარულით ვხვდები. მსიამოვნებს დაცარიელებული ქალაქი, ტრანსპორტის თავისუფლად მოძრაობა, შენელებული ტემპი, სამსახურში ნაკლები დატვირთულობა, მუშაობის თავის დროზე დასრულება, გრძელი დღეები და სამსახურის შემდეგ ბევრი რამის კეთების შესაძლებლობა, შვებულება და მისი თანმდევი  სიამოვნებები: ზღვა, მუქი კანი, "გაველურება" და სახლის მონატრება. ლაშასთან ერთად ჯერჯერობით ორი getaway მქონდა... 

როცა ზაფხულის შეგრძნებებზე ვფიქრობ, living is easy ყველაზე ზუსტ ფრაზად მეჩვენება. "ნელი მზე" თითქოს გათავისუფლებს პასუხისმგებლობის თუ მოვალეობებისგან. მაშინ უბრალოდ ხარ, კი არ მოძრაობ/ქაქანებ/დაქრიხარ, ადამიანებისადმი თითქოს უფრო დამთმობი ხდები და ნელა, მშვიდად, დაბარებულივით ასრულებ სიამოვნებათა "გეგმას": ცივი ყავა, საზამთრო, ნაყინის ვარიაციები, ბალახზე წოლა, აივანზე კითხვა, საყვარელ კაფეში გვიან ღამემდე ჯდომა, სადმე "ჰაერზე" ასვლა, მაგალითად, მეგობრებთან "დაჩაზე", მერე იქ ბინდში გახვეული ნაძვების კენწეროების ცქერა, გვერდზე გადადებული გიტარა, დაკეცილი ლეპი, კოლას ბოთლი, სუნსულა ძაღლი და ნიავს მოყოლილი ტექნოს რიტმები... საყვარელი ფილმების კიდევ ერთხელ ნახვა, მეგობრებთან ერთად ათასჯერ მოყოლილი ამბების უკლები სიხარულით გახსენება, მანქანის შუქფარების შუქზე ცეკვა, ნაშუაღამევს მაცივრიდან ხილის გამოღება და ლოგინში ჭამა... ლაშასაც უყვარს ზაფხულის სიტუაცია, თუნდაც შვებულება არ ჰქონდეს. 

ხალხზე დაკვირვება ისედაც მიყვარს, მაგრამ ზაფხულში განსაკუთრებით. მაშინ ყველას მსუბუქად ვუყურებ, რადგან ასე მგონია, ზაფხულის magic მათაც ათავისუფლებს პრობლემებისგან. ჰოდა, ვაკვირდები, როგორ დგანან ხოლმე თავიანთი სახლების წინ, ან ჭიშკართან, ქუჩის პირზე, ან კორპუსის წინ მოწყობილ "დომინოს მაგიდასთან", ან ფანჯარასთან, არსად ეჩქარებათ, თხლად აცვიათ, უბრალოდ დგანან, საუბრობენ, თვლემენ. თბილისის ძველ უბნებში ქალები ხშირად დგანან ხოლმე თავიანთი სახლების წინ, ზოგი ამ დროს სურსათის მაღაზიიდან ბრუნდება, მერე იქვე ჩერდება თავისი პარკებით და დიდხანს ესაუბრება მეზობლებს. ამ დროს ყველა სასიამოვნოდ გამოიყურება: ფუმფულა, შუახნის ქალები მოკლედ შეკრეჭილი თმით და ღრმად გულამოჭრილი, ჭრელი სარაფნებით, გამხდარი, თინეიჯერულად ჩაცმული ქალები კეფაზე აწეული თმით, შეღებილი თვალებით და накуренный ხმით, პატარაბავშვიანი ახალგაზრდა, weight-watcher ქალები... სასიამოვნოდ იმიტომ, რომ ზაფხულს ისინიც ჩათრეული ჰყავს საყოველთაო სიმსუბუქეში. თუნდაც ცოტა ფული ჰქონდეთ და დასვენების მწირი არჩევანი, ცივ ყავაზე მაინც დაპატიჟებენ ერთმანეთს, ეზოში დასხდებიან, კოღოს ნაკბენ ფეხზე ხელს იტკიცავენ და სიცილს განაგრძობენ, ქალაქის ახლადკეთილმოწყობილ პარკებში შადრევნებთან გაგრილდებიან, უფასო კონცერტებზე წავლენ, ბავშვებს დააძინებენ და მერე ანა მანიანის გმირივით ქმრებს მიუსხდებიან ფილმის სანახავად. თუ მოიწყენენ, ჟურნალებში ან ინტერნეტში celebrity gossip-ს წაიკითხავენ, მერე დაქალებთან ტელეფონით განიხილავენ, ვინ სად ისვენებს და როგორი საცურაო კოსტუმი აცვია. 

ახლა საკმაოდ გვიანია, ხვალ ჩვეულებრივ სამსახურში მივდივარ, მაგრამ ჯერ არ მეძინება. ლაშა ფეხბურთს უყურებს, მე "ბაბუაწვერას ღვინოში" მოთხრობილ დღეებზე  და ფიცჯერალდის ერთ მოთხრობაზე ვფიქრობ, სადაც სამხრეთის შტატელი, easy-living-ს მიჩვეული გოგონა, სახელად Sally Carol, ჩრდილოეთის შტატში მიდის სტუმრად.

ზაფხულია.


10 comments:

  1. მომწონს, როცა გონებას ხეტიალის, ბოდიალის უნარი აქვს და კიდევ უფრო მომწონს, როცა ეს ნახეტიალებ-ნაბოდიალები კარგადაა დაწერილ-გადმოცემული. :)

    ReplyDelete
  2. უგუ, მშვენიერი იყო.
    "ბაბუაწვერას ღვინო" ისე მომწონს, რომ ბოლომდე არ ვკითხულობ... სიგიჟეა, მაგრამ არ მინდა მოვრჩე :)

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 ძალიან ნაცნობი გრძნობაა! :)

      Delete
  3. ზაფხულის პოსტია და მე ახლაღა ვნახე... განწყობა ახლა იგივე აღარ არის, მეწყინა, რომ მანამდე არ წამიკითხავს.
    ის კი მიხარია, რომ სალი კეროლი გამახსენე და ახლა "The Ice Palace"-ს უნდა გადავხედო, კარგად აღარც კი მახსოვს ეს წიგნი.

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 რა კარგია, ეს მოთხრობა რომ გიყვარს! ice palace მგონი თბილისი გახდება მალე, თუ ასე ითოვა! :)

      Delete
  4. საოცარი უნარი გაქვს, შეგრძნებები გამიჩინო – კოღოს კბენის მომენტში განცდილი წიწკვნაც კი ვიგრძენი :)
    "ბაბუაწვერას ღვინო" ძალიან მიყვარს, ჰოდა ეს პოსტიც რაღაცნაირად წააგავს ბრედბერის პატარა ქალაქის ამბებს – ცოცხალი, თბილი, გასაღიმებელი... ზაფხულის.
    <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთი, მიხარია, თუ ასეა! :)

      Delete
  5. რა კარგად არის აღწერილი ზაფხულის დეტალები, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა მიყვარს, პოსტის წაკითხვის შემდეგ მომინდა ისევ ზაფხული მოდიოდეს : ))

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა, ნატალია! :) მეც შემოდგომის ფანი ვარ, თუმცა, ზაფხულსაც ბევრი საჩუქარი აქვს ჩვენთვის.

      Delete