Tuesday, June 19, 2012

ყველგანაა



ვაკე–საბურთალოს შემაერთებელი ახალი გზა რომ გაიყვანეს, მარჯვენა მხარეს რამდენიმე სახლი გამოჩნდა. სიტყვა "ქოხმახი" უფრო ნაკლებად იწვევს სიბრალულს, ვიდრე ამ სახლების შეუთავსებლობა ირგვლივ მიმდინარე მშენებლობა–განახლებებთან. იმ მხარეს რომ გავიხედავდი, ყველაფერი მუქი იყო: ხის "აივნები", მიშენებული სათავსოების კარები, მიწაყრილები, სარეცხი და ერთ ადგილას დახვავებული რაღაც ნივთები. ადამიანები არ დამინახავს, ისედაც იოლად შემეძლო წარმომედგინა. ხანდახან სუსტი შუქი ჩანდა ფანჯრებიდან. ერთხელ, მორიგი ჩავლისას  პატარა, ნაზი ხე დავინახე, იქვე, თავისთვის იდგა, ყვავილებით შეფიფქული. გავიფიქრე: "მათთანაც მოვიდა გაზაფხული".

ესტაკადებიან–ინფრასტრუქტურიანი  კეთილდღეობა და პროგრესი გუგუნით მიიწევდა წინ. ბეტონის ახალ გზაზე ჯიპები, კუპერები და ოპელის ტაქსები პარალელურად, ერთი სიჩქარით მოძრაობდნენ. განაპირას დარჩენილ ხის ღარიბულ სახლებს ალბათ ოფიციალური მისამართი არა, მაგრამ თავისი პატარა გაზაფხული კი ჰქონდათ.

2 comments:

  1. ნამდვილი იაპონური ჰაიკუსავითაა - მოკლე, გასაგები, ემოციური... :))

    ReplyDelete