Sunday, June 24, 2012

My Gazellita

გაზელიტა, ჩემი იისფერი ველოსიპედი, ერთმა ქართულმა ოჯახმა მაჩუქა. მაშინ ახალი ჩასული ვიყავი ჰოლანდიაში, სწავლაც ახალი დაწყებული იყო. უნივერსიტეტი სხვა უბანში, ველოსიპედით 20 წუთის სავალზე იყო, მაგრამ მე ავტობუსით დავდიოდი, უკვე საკმაოდ ციოდა (იქ გათბობას უკვე სექტემბრის ბოლოს რთავენ) და არ მინდოდა, სიცივეში ველოსიპედით მევლო. შეუჩვეველიც ვიყავი და თან ქართული მეტიჩრობა მქონდა გამოყოლილი. გაზელიტამ ორი ღამე ჩემს ოთახში გაათია, მერე ჩამკეტი ჯაჭვი ვუყიდე და გარაჟში ვაყენებდი. "გაზელის" ფირმის იყო და ჩემმა მეგობარმა დიანამ ესპანური მანერით "გაზელიტა" შეარქვა. თვითონ დიანას მომცრო ზომის ლურჯი "ჯაიანთის" ველო ჰყავდა, თვითონ "ჯიანტს" ეძახდა. როცა ვინმე მძიმეწონიანს შემოისვამდა, მთელი გზა იძახდა "მაი ფურ ჯიანტ" და თან სიცილით კვდებოდა. როცა სადმე ერთად მივდიოდით, მატარებლის სადგურთან ჩვენს ველოებს ერთად ვაყენებდით, ჯაჭვებით ჩავახუტებდით და იყვნენ ასე ერთად.

დიანიტამ დამაძლევინა მოძრაობის შიში. სულ ძალით გამომაყვანინებდა ხოლმე გაზელიტას და წვიმასა და ქარში იმ ქუჩებში ვატარებდით, სადაც სპეციალური ბილიკები არ იყო და მანქანებთან ერთად ველოსიპედებიც მოძრაობდნენ. ჩემს შიშს ელენაც გამოეხმაურა. matter-of-factly მითხრა: you are part of the traffic! ეს მოძღვრებასავით ჟღერდა და მალე მივხვდი, რომ აღარც მანქანების მეშინოდა და არც წვიმა მაწუხებდა. ძალიან შემიყვარდა ველოსიპედით სიარული და ჩემი ერთგული გაზელიტა. 



გაზაფხული ჰოლანდიის ჩრდილოეთში საუკეთესო დროა. მზიანი დღეები უფრო ხშირია, ირგვლივ არაჩვეულებრივი სიმწვანეა (ჰოლანდიელთა შრომისმოყვარეობის და ბუნებრივი ირიგაციის წყალობით), ჰაერი კი ისეთი კრიალაა, გინდა, არ დაღამდეს და სულ გარეთ იყო. აპრილსა და მაისში ლექციები ისეთი ინტენსივობით აღარ ტარდებოდა, შედარებით თავისუფალი გრაფიკი გვქონდა. მეც გაზელიტათი სეირნობის თითოეული წუთით ვტკბებოდი. ჩემს უბანს და ქალაქის ცენტრს რომ გავივლიდი, მერე უნივერსიტეტის უბანი იწყებოდა, რომელიც სავსე იყო დიდი მწვანე მდელოებით და პარკებით. ველოსიპედის ბილიკებიც იქ გადიოდა. საოცარი გრძნობაა, როცა სიმწვანით გარემოცული მიდიხარ, სუფთა ჰაერს ისუნთქავ, არ გესმის მანქანების ხმა, არც სიგნალები, არც ხმამაღალი საუბარი, პერიფერიული მზერით იჭერ პატარა ხელოვნურ ტბებს და მათზე გადებულ მორკალულ ხის ხიდებს. გავივსებოდი ამ სიმშვიდით, სისუფთავით და სიმწვანით, კუნთებიც ტონუსში იყო და განწყობაც. დავაყენებდი გაზელიტას, მოვეფერებოდი და ვეტყოდი: მადლობა, რომ მომიყვანე, good girl! ჩემს მოსვლამდე არ მოიწყინო. მაშინაც მჯეროდა და ახლაც მწამს, რომ საგნები ყველაფერს გრძნობენ და ესმით, ყოველ შემთხვევაში ჩვენს მათდამი დამოკიდებულებას გრძნობენ. ლექციების შემდეგ იმავე გზას გამოვივლიდით მე და დიანა და საღამოს ან მეორე დღის გეგმებს ვიხილავდით. 

თბილი დღეების ეს წყება კარგადაა ჩაბეჭდილი ჩემს მეხსიერებაში. სავარჯიშო დარბაზშიც გაზელიტასთან ერთად დავდიოდი, უკან საბარგულზე ჩანთას შემოვდებდი და ისე. კვირაობით ეკლესიაშიც დამყავდა, მსიამოვნებდა დილის ქალაქში სეირნობა, კოხტა სახლებს ჩამოვუვლიდი და სიჩუმის და მექანიზმის ხმას ვუსმენდი.  


ეს ფოტო გაზელიტას საქართველოში წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გადავუღე. მაშინ ელენას და ლორინას სახლის წინ, ბოძთან ვაყენებდი. მაშინ უკვე მეცოდებოდა და ვიცოდი, რომ მომენატრებოდა. (იქაურმა ქართველებმა შემომთავაზეს, გამოგიგზავნითო, მაგრამ აღარ მინდოდა მათი შეწუხება.) წამოსვლის წინ ელენას ნაცნობს მივყიდე 50 ევროდ. იმ ფულით Lancome-ის სუნამო ვიყიდე, Miracle Forever.  მაშინ უკვე ისევ ქართველი მეტიჩარა ვიყავი. სამაგიეროდ, ჩამოსვლის შემდეგ მთელი ზამთარი მის სურნელში და მოგონებებში გახვეული დავდიოდი.

P.S. ელენას ხშირად ვეკითხებოდი გაზელიტას ამბავს. სიცილით მეტყოდა ხოლმე, კარგადაა, ჩემი ლაბორატორიის თანამშრომელი მშვენივრად დადისო. ერთხელაც სკაიპში მომწერა, იმ გოგოს გაზელიტა მოპარესო.

12 comments:

  1. ჩვენთან მანქანის მძღოლების დიდი უმრავლესობა არათუ ველოსიპედისტებს, ერთმანეთსა და ფეხით მოსიარულეებსაც არ სცემენ პატივს. ყველა ნერვიულია, ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მშვიდად კი არა, ნერვებდაწყვეტილი ივლი. და ჩვენს მთაგორიან უბანში ღირს ველოსიპედისტობა? :)

    ReplyDelete
  2. ლამის სულიერად აღვიქვი გაზელიტა. გული დამწყდა, რომ მოიპარეს.

    ReplyDelete
  3. ასე მეგონა, მეგობარზე წერდი ისე თბილად და საყვარლად :) არასოდეს მიფიქრია, რომ ნივთებსაც შეიძლება ჰქონდეთ გრძნობები, მაგრამ მიფიქრია, რომ პატრონის აურა 100%–ით გადაეცემათ. აი, როგორც ძაღლები, მაგალითად, ყოველთვის ჰგვანან თავის პატრონს, ხშირად ლამის გარეგნობითაც.
    მშვენიერი სუნამო გიყიდია.
    და კიდევ ის მომწონს შენს პოსტებში, რომ ძალიან მსუბუქად წერს და საკუთარ თავზე ხუმრობაც ისე ლაღად იცი, იშვიათია ხოლმე ასე.

    ოჰ, მე ამდენი ხანია აქ ვარ და ჯერ ბილიკის გარეშე არ მივლია ველოსიპედით. ადრე ბელგიაში ვიყავით მეგობრები და იქ ვცადე, მაგრამ მალევე გადავიფიქრე და პარკში გადავუხვიე. უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, უცხო ქვეყანაში რამე რომ დამემართოს, დედაჩემი როგორ გავაუბედურო–მეთქი და ახლა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და არ ვიცი,როგორ გავბედავ :დ

    ReplyDelete
  4. <3
    მეც დავეცი ერთიორჯერ პარკში, ოღონდ რბილად :)
    თავიდან, როცა მეშინოდა, ძალიან სასაცილო ვიყავი, იქ სულ წვიმს და მეგონა, სველზე მოვსრიალდებოდი.

    ReplyDelete
  5. ჩემი ველოსიპედი, ჩემი უნივერსიტეტი და ჩემი ჰოლანდია <3
    ყველაფერი საშინლად ნაცნობია, ერთი განსხვავებით: მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ჰოლანდიაში ჩასვლისთანავე მოვახტებოდი ველოსიპედს და კარგადაც ავითვისებდი. :)
    მენატრება საშინლად :(

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც, დრო რომ მაშორებს, ესეც კი არაფერს ნიშნავს. ჩვენ ალბათ სხვადასხვა ქალაქებში ვიქნებოდით.

      Delete
  6. რა ლამაზი ხარ ამ ფოტოზე :) და რა ლამაზი ისტორია იყო :) უსულო საგნებსაც შეუძლიათ გვემეგობრონ თუ ჩვენ მოვინდობეთ ასე არაა? :) <3

    ReplyDelete
    Replies
    1. სინორჩე/სიტურფე :D 2008 წლის მაისია ფოტოზე.
      კი, ასეა, უბრალოდ, ენა არ აქვთ.

      Delete
  7. Lancome Miracle ოღონდ summer – შოთუნამ ჩამომიტანა უკრაინიდან 2007 წელს :) როგორი ტკბილი დრო გამახსენა ახლა ამ სუნამომ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰოო, ესაა სუნამოს თვისება, რამდენ რამეს გვახსენებს. . . forever აღარ გამოდის, მარტო საიტზე ყიდიან კერძო პირები თითოოროლას და ძალიან ძვირად.

      Delete