ერთ უბრალო ამბავს მოვყვები. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი ხნის წინ, საბურთალოდან ვაკეში მივდიოდი დიდი ავტობუსით. თბილი სეზონი იყო. შუა კართან, ფართო ადგილას, ჩემთან ახლოს ერთი ქალი იდგა. მისი სახე დღემდე არ ვიცი იმიტომ, რომ ჩემგან ზურგით იდგა, შუბლით მინას იყო მიყრდნობილი და თავისთვის ღიღინებდა. პატარა ტანის, მოხუცი ქალი იყო, საკმაოდ ღარიბულად ეცვა, მაგრამ გამხდარი და საცოდავი არა, ყოჩაღი ქალი იქნებოდა. თან არაფერი ჰქონდა, რომ მივმხვდარიყავი მეეზოვე იყო, დამლაგებელი, თუ უბრალოდ პენსიონერი ბებია. ხელებით გრძელ სახელურს ეყრდნობოდა. ძალიან გემრიელად იყო თავის მარტოობაში. უკან ან გვერდზე ერთხელაც არ მოუხედავს. ღიღინის დროს ხმას ხანდახან ოდნავ აუწევდა, სხვა დროს დაბალ ხმაზე რაღაც რუსულ მელოდიებს მღეროდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ იმდენად ჩართული იყო თავისსავე მოგონილ თამაშში, თითქოს მატარებლიდან რუსულ სტეპებს ან ხორბლის ყანებს ხედავდა და მათ ეჩურჩულებოდა, ან თავის ახალგაზრდობის ოცნებებს და ტკბილ მოგონებებს ცხადად ხედავდა და მათ ახმოვანებდა. ძალიან გამიტაცა მისმა სმენამ და ცქერამ. ისე იდგა, მარტო უკან შეკრულ ჭაღარა თმას და ცხვირის წვერს ვხედავდი. საერთოდ არ აინტერესებდა, ირგვლივ რა ხდებოდა. არ მინდოდა, მასზე ადრე ჩავსულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ვაკეში ისე მივედით, ისევ ისე იდგა. გზაში იმასაც ვფიქრობდი, სადმე გადაკრავდა და სულ ესაა-მეთქი, მაგრამ მაინც მისტიკური ქალი იყო. სულ არ გამიკვირდება, ვაჟაზე რომ ავტობუსში ავიდე და ისევ იქ დამხვდეს, დაბალ ხმაზე მოღიღინე.
|
დავით კაკაბაძის ნახატი. |
ეს მისტიკური ქალი მეც შემხვედრია, მეტროში ოღონდ. თუ არ ვცდები, ერთსა და იმავე ქალს ვგულისხმობთ.
ReplyDeleteკიდევ მინდა ვთქვა, რომ გამიხარდა ჩემთან დატოვებული კომენტარი – საინტერესო ამბებიანი ბლოგი მომასწავლა.
რა კარგია, რომ თქვენც შეგინიშნავთ!!! მართლა ის ქალი იქნებოდა! :) მიხარია, როცა ასეთ დამთხვევებს ვაწყდები. თქვენი ბლოგიც აღმოჩენა ხომ მიხარია და მიხარია! :)
Deleteროგორი სიამოვნებით ვკითხულობ შენს ბლოგებს! საინტერესოა შენი თვალით დანახვა... და რასაც ხედავ და როგორც ხედავ, ძალიან ახლოს არის ჩემთან! ოღონდ მე ასე სადად და, ამავდროულად, ასე ლამაზად ვერ გადმოვცემდი :-)
Deleteმე ასე არ მგონია :) გაიხსენე შენი პროფესია. ადამიანი თქვენ რომ იცით, ისე უნდა :)))
ReplyDeleteზურგის თვალი., იცის რა ხდება უკან ბებომ. აი, ასე წერ ხოლმე შენც თინა შენთვის, მშვიდად, უბრალოდ. მხოლოდ ზურგით, სახიერებით არ გვაწუხებს ბებო., გვიჩვენებს სულ უბრალოდ, ლამაზად გადაშლილ ცხოვრებას. შენ მაინც, რაღაც ოქროს ძაფები გაქვს, უხილავად აქსოვ ნაწერში. გამძლე და ფასდაუდებელია შენი ლამაზი სამყარო თინ.
ReplyDeleteელენე, "ზურგის თვალი" რა კარგად თქვი და ყველაფერი იმაზე მეტი მითხარი, რაც ჩემი ნაწერია.
Delete<3 <3