Thursday, May 25, 2017

ატარე ემოცია - PORTER L'EMOTION

აღარ მახსოვს, როდის შემიყვარდა ფრანგული ბრენდის - Nature Bijoux-ის სამკაულები. შემიყვარდა არა, უფრო სენი შემეყარა. ჩემთვის, როგორც მეოცნებე ადამიანისთვის, აუცილებელიც კია, რომ ტანსაცმელი და აქსესუარი რამე ამბავს მიყვებოდეს, რამეს მაგონებდეს, რაღაც ჩემთვის სანატრელს ჰგავდეს და სიახლისთვის შთამაგონებდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია ის ფასეული. მგონია, რომ ბრენდის სლოგანი - „ატარე ემოცია“ (porter l'émotion) ჩემნაირი, შორეულ სივრცეებზე შეყვარებული ადამიანებისთვის შეიქმნა. ვის არ მოუნდება, ატაროს ემოცია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მზით გაჟღენთილ და წყნარი ოკეანის წყლით ნაკვებ ბუნებრივ მასალებშია ღრმად ჩაბეჭდილი?
 
 

www.nature.fr


www.nature.fr
სამკაულები ფილიპინებზე მოგზაურობაა. მათი წყალობით ვეცნობი ამ უცხო მხარეში გაზრდილ ხეებს - ქოქოსს, რკინის ხეს, გემელინას, სიბუკაოს, ებონიტს; ბუნებრივ ქვებს - ამეთვისტოს, კვარცს, ციტრინს, მარჯანს, ლავას ქვას, აგატს, ლილაქვას ანუ ლაპის-ლაზულის, იასპს, კალცედონს, ჰემატიტს; ზღვიდან ნაპირზე გამორიყულ ნაირფერ სადაფს და ნიჟარების იშვიათ ჯიშებს. ამ განძს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფაუნის ბიომასალებთან (ცხოველის რქა) ერთად მშრომელი ფილიპინელი ადამიანები აგროვებენ. ბუნების ნაჩუქარი, შემდეგ თბილ წყლებთან ფეხშიშველი მოსიარულე ადამიანების მიერ ხელით შეგროვილი და საბოლოოდ ხელით დამუშავებული - ალბათ, ამ ემოციების დანაწევრება ჯობია, რომ ტარება შეძლო. 

ჩემი ინსტაგრამიდან
პროდუქციის აღწერაში ხშირად ვხვდები სიტყვებს: "კანის სირბილით და ბუნებრივი მასალის პოეტურობით მიღწეული ჰარმონია". ასეთ დროს გრიგოლ რობაქიძე გამოიყენებდა სიტყვას "სენსუალური".

წყნარ ოკეანეში მოლუსკი ცხოვრობს. თავის ნიჟარაში კარგადაა დაცული. ერთ დღეს ამ ფერად სახლს დატოვებს, - რომელიმე თევზს გამოადგება საკვებად, ნიჟარას კი ტალღები ნაპირზე გამორიყავენ. მერე ის სახელოსნოში აღმოჩნდება, სადაც მისით შთაგონებული ფრანგი დიზაინერი ესკიზს მოამზადებს. სადაფს (ინგლისურად "მარგალიტის დედა" mother of pearl ჰქვია) მოეფერებიან, ფორმა მისცემენ, სამკაულად აქცევენ და მსოფლიოს ქალებს გაუგზავნიან, რათა მათ ხელზე, ან ყურთან ახლოს დაიდონ ბინა, უკვე მათი ყოველდღიურობის ნაწილი გახდნენ და მათი ემოციები გაიზიარონ.

ნაპირზე სიბუკაოს ხე დგას. ნაზი ფოთლები აქვს. ფილიპინელებმა მისი სამკურნალო თვისებები კარგად იციან. მოყავისფრო-მოწითალო ტანი აქვს. მის ტოტებს ახსოვთ წვიმების სეზონზე თავშეფარებული ჩიტები, მუსონები და მზის ამოსვლა ტურისტების კოტეჯებთან.

ემოციის გარეშეც რომ დავფიქრდე, მაინც საოცარი რამაა, როცა ქალი ბუნების საჩუქრით ირთვება და ამას საუკუნეებია აკეთებს.

www.olivolga.com
www.olivolga.com

www.olivolga.com

Nature Bijoux-ის თბილისის სალონებში (Mandarina) არაჩვეულებრივი პერსონალი მუშაობს. ნებისმიერ დროს შეუძლიათ, გაიხსენონ წინა წლების რომელიმე კოლექციის და შემადგენელი მასალის სახელი. სასიამოვნო გარეგნობასთან ერთად საქმის კარგი მცოდნენი არიან. მათგან მზამზარეულად ვიღებ დაწყებით განათლებას მინერალოგიაში. გეოგრაფიას თავად ვიკვლევ, როცა კოლექციის სახელწოდება მეუცხოება და შემდეგ აღმოჩნდება, რომ რომელიმე კუნძულის ან მითიური ქანდაკება-პოეტის სახელია.

სალონი პარიზში

www.nature.fr

www.nature.fr

ბრენდი 35-წელზე მეტი ხნის წინათ ფრანგმა ნატურალისტმა ჟან-დანიელ კრისტენმა დააფუძნა. მოგვიანებით ბიზნესის მართვა საკუთარ შვილებს გადაულოცა. მათთან ინსტაგრამის და პინტერესტის საშუალებით ვმეგობრობ. ახალი შენაძენის გამოქვეყნებას აუცილებლად მოჰყვება მათი კომენტარები, რაც ძალიან მახარებს. ასევე, ხშირად აზიარებენ ჩემს ფოტოებს საკუთარ დაფებზე.

ჩემი პინტერესტის დაფა: https://www.pinterest.com/tikonadiradze/my-love-for-nature-bijoux/

Nature Bijoux წელიწადში ორ კოლექციას უშვებს. თითოეული 20 ამბისგან შედგება. სამკაულის დიზაინი და კომპოზიცია არასდროს მეორდება.

ზღაპარი გრძელდება.


საყურე Nature Bijoux-ის Mongabay კოლექციიდან. ლაშას საჩუქარი.


8 comments:

  1. მხოლოდ სამაჯური მაქვს ამ ბრენდის და ძალიან მომწონს. ამ პოსტის მერე ხშირად შევივლი და დავაკვირდები "ემოციებს".

    პ.ს.ლამაზია შენი ახალი სამკაულები :)

    ReplyDelete
  2. "ჩემნაირი, შორეულ სივრცეებზე შეყვარებული ადამიანებისთვის........................." – ზუსტი შეფასებაა! აუცილებლად მოვინახულებ "მანდარინას" სახლებში, რატომღაც არასდროს მივსულვარ, არადა ხშირად დამინახავს თბილისში როცა ჩამოვდივარ–ხოლმე, რა მაგრად წერ თინი, უსულო საგნებსაც კი ადამიანზე მეტად გააცოცხლებ!!!!!! მიყვარხარ!

    ReplyDelete
    Replies
    1. მგონია, რომ შენც მოგეწონება, შენი შინაგანის გამოძახილს ნახავ, მითუმეტეს მრავალფეროვანი არჩევანია.
      მეც, ჩემო ვერიკუნა <3 <3

      Delete
  3. ulamazesia! tanac aseti axlobeli, miuxedavad imisa rom masalas xshirad shoreul kveknebshi moipoveben. albat imitom rom adamianebi kvelani da kvelgan axlos vart bunebastan, an is aris chventan axlos:-) an ganukopelni vart sulac.unda shevapasot bunebis aseti uxvi sachukrebi, da me mixaria rom shen is adamiani xar
    vinac icis am silamazis pasi da gamokeneba.

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ეგ მაღელვებს ყველაზე მეტად. თანამედროვე ადამიანს, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში, ბუნებასთან სიახლოვე აკლია ყველაზე მეტად. მეც ამით ვბრუვდები, ის რომ შორეულ ამბავს მიყვება :) <3 <3

      Delete
  4. მსოფლიო მზეთუნახავი ინტელექტუალთა დედოფალი ხარ თინათინ! 💥💝გული ამოხტება ხოლმე შენი ლამაზის პოსტების კითხვისას.. გატრუნული, გარინდულია რომ არაფერი გამორჩეს, ეს ფერებად წამოხვეტილი ვარსკვლავები, ამბებად რომ გვილაგებ თინ. 💗

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ჩემო ელენე! <3 მიხარია, ჩემი ამბები რომ მოგწონს.
      მზეთუნახავობის გამო დამარქვეს თინათინი :))))))

      Delete