Thursday, April 27, 2017

Biergarten Geöffnet

ამასწინათ გამახსენდა, როგორ მიყვარდა ფილმი American Beauty. ტექსტები თითქმის ზეპირად ვიცოდი. Beatles-ის Because ბოლოს ტიტრების დროს ისმის, ქავერ ვერსია. მთავარ ეფექტს მაინც ენი ლენოქსის Don't Let It Bring You Down ქმნის. მგონია, რომ ძალიან ფოტოგრაფიულია, თითქოს ფილმის ოპერატორი წინასწარ იყო შეთანხმებული ნილ იანგთან. "გზის პირას მოხუცი კაცი წევს, სატვირთო მანქანები ხმაურით უვლიან გვერდს, ლურჯი მთვარე სიმძიმისგან იძირება, მაღალი შენობები ზეცას ფხაჭნიან. ცივი ქარი გამთენიისას ხეივანს ძარცვავს, დილის გაზეთი სადღაც მიფრინავს, მკვდარი კაცი გზის პირას წევს, თვალებში დღის სინათლე დარჩენია." როგორც ბოლო კადრშია ყველა პერსონაჟი თავის ტრაგედიასთან მარტო გამოკეტილი, ისე ჩამოუვლის ეს სიმღერაც იდეალურად გაშენებულ და გამწვანებულ უბანს, დილის კრიალა ჰაერში არეკლილი საკუთარი ტრაგედიებით.

ამ დღეებში მე და ლაშა უსასრულოდ ვიცინით დომნა ბებიას ამ სიტყვებზე: "კარგი, მიხედე ახლა თავს, არ გაცივდე, ბიჭო, ფანჯარასთან არ დაჯდე, ბორია, გოუცვალე ვინმეს ადგილი. ავად ვარ თქვა, უთხარი, ჩიტი ვარ თქვა, ობოლი და ნატიფარი თქვა." ეს სიტყვები სულ ვარიაციებად გვაქვს გაშლილი და სიტუაციებზე მორგებული. 

ამ ქარიან აპრილს ერთი მისტიკური ამბავი აუცილებლად უნდა. გონებაში სულ რამდენიმე ასეთი სურათი მაქვს და ხან სიზმარი მგონია და ხან მჯერა, რომ ნამდვილად იყო, ძალიან დიდი ხნის წინ. ოჯახის წევრებს ვახლდი სადღაც ქალაქგარეთ, ვიღაცას ვეძებდით. ტარკოვსკის კადრებივით დღე იყო, ნაცრისფერი და წვიმის გუბეებიანი. იმ ქუჩაზე პრესის ჯიხურის გარდა ვერაფერი დავინახეთ და გზის საკითხად ახლოს მივედით. შუქი არ იყო, ჯიხურში ბავშვი იჯდა, სანთელი ენთო და მეცადინეობდა. ერთმანეთს დიდი ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდით. მისი დანახვა ძალიან გამიკვირდა, ათასი კითხვა გამიჩნდა, რატომ იჯდა იქ და ჰქონდა თუ არა სამეცადინოდ სხვა ადგილი. ამაზე ახლა ისე ვფიქრობ, თითქოს კამერა ადგილს შორდება, ზემოთ ადის და ყველაფერი, რაც მიწაზეა, - თეთრი ძროხები, ხეები და ქალები, - მოძრავ და თხელ ნისლში ქრებიან და ისევ ჩნდებიან.

ეს მწვანე ტახტი ჩემმა პრუტუნა დაქალმა ლორინამ სხვა სტუდენტისგან იყიდა. დიდ დროს არც ატარებდა ოთახში, ადგილიც არ ჰქონდა, მაგრამ კომფორტისთვის იყიდა. მეც ასე ვიქცეოდი. ჩვენი საერთო კედელი კარგად ატარებდა მის ოთახში ხმამაღლა ჩართულ მუსიკას. Soundgarden-ს უსმენდა ხშირად. კარზე წარწერა გავუკარი: I don't care if you don't like my music. ხელზე რომ მიკეთია, ის ბრასლეტი ინდოელმა გოგომ, დივიამ მაჩუქა. მაისური სხვა რამეებთან ერთად ამანათით მივიღე ნიუიორკიდან.



ყოველთვის, ყოველ წელს მგონია, რომ გაზაფხული ყველაზე მოკლე სეზონია და ძალიან მალე გადის.



ეს უბრალო ფრაზა ჩემთვის ბევრ დაპირებას შეიცავს. გაზაფხულის სეირნობებისას, ლუდის სეზონისას, ახალი სიმწვანისას. კარგი მოსაწვევია.


პოლ ოსტერთან შემხვდა, ქუჩებში გადიოდა და იმდენს დადიოდა ფეხით, სანამ ირგვლივ ვერაფერს სცნობდა და საკუთარ თავსაც ეკარგებოდაო. უსასრულოდ მინდა ვისმინო უცხო, სულ უცხო ქალაქების უკვე დაძველებული გარეუბნების ესთეტიკაზე. აი, როგორც რეი და მისი ახალი შეყვარებული ადგენდნენ ბრუკლინის აუდიოგიდს.


სხვა არაფერი, "მხოლოდ ციხესიმაგრეები იწვის."

13 comments:

  1. ე გოგო გონია მწერალია და ვერ ხვდება. მარკესი ამაზე მეტს კი ვერაფეს წერდა და ქეც მიიღო ნობელის პრემია.

    ReplyDelete
  2. მე დიდი ხანია ვამტკიცებ, რომ შენ ხარ შმდგარი მწერალი.
    იქნებ შენც დაიჯერო და უფრო სერიოზულად მოეკიდო ამ საქმეს.

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 :* დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებთ, დაო თამარ.

      Delete
  3. ჰო, თინა, გაზაფხული უსწრაფესად ცვალებადი ფერებით მოვარდება და მოგაყრის თავის საზღვრისპირა ღია და ჩამუქებულ ფერებს. ამ აჩქარებული დროის მებაირახტრეა ეტყობა და ცუდსაც სწრაფადვე აქარვებს, კარგზე სწრაფად. ეს ეფექტური სეზონი გაგრძნობინებს, რომ ხარ დედოფალი, ძლიერი და მშვენიერი და იმასაც გიმტკიცებს, რომ ეს სამეფო იდეალურისგან შორს, ნახევრად დანგრეული და სევდიანია. :) და რომ შენ გენიალური და ნგელოზური ხარ! :*

    ReplyDelete
    Replies
    1. მე მინდა, შენსკენ სულ გაზაფხულის ქარი ქროდეს თბილი და კარგი ცვლილებები მოჰქონდეს. შენი ეზოს მწვანე ფოტოებზე როა ისეთი :)

      Delete
  4. ხომ მეც უნდა აღვნიშნო შენს ნაწერებზე? ყველა ზემოთას ვეთანხმები :)

    ReplyDelete
    Replies
    1. :) :)
      ჩავძვრები ახლა სადღაც და გავყუჩდები.
      :*

      Delete
  5. ეს გოგო კი ხვდება მშვენივრად, რომ დიდი მწერალია,თაან!
    უბრალოდ,იხტიბარს არ იტეხს!

    ReplyDelete
    Replies
    1. it's just that her friends are very supportive.
      <3 <3

      Delete
  6. თიკო, როგორც ყოველთვის, ერთი ამოსუნთქვით წავიკიტხე შენი პოსტი, Great <3

    ReplyDelete