- დღეს ისე თოვდა, წვრილად, როგორც ჩემს საყვარელ ფილმებში: თან რომ ქარი ქრის და მისი მოქმედებით ფიფქების ნაწილი ისევ ზემოთ ადის და ტრიალებს. უქოლგოდ და უქუდოდ გავედი სასეირნოდ. არა, smooth jazz-ის თემა არ დამყვებოდა, ორშაბათის ქაოსმა გააქრო ჩემი განწყობა და მალევე მივბრუნდი უკან.
- რამდენიმე დღის წინ წმ. ქსენია პეტერბურგელის ხსენების დღე იყო. ჩემმა ნაცნობმა უკრაინელმა მხატვარმა ოკსანა სტრატიჩუკმა საკუთარ თავს და ყველა ქსენიას დღე თავისი ნამუშევრით მიულოცა. ძალიან მომწონს, იმ დღეს ვერას ვეუბნებოდი, ჩემი ფიქრები მოუქსოვია-თქო.
Перше серпня. (პირველი აგვისტო)
http://stratiychuk.com/ |
- ვეხმიანები ლორდის ყავის თემას: საქართველოში დაბრუნებამდე ჰოლანდიაში ორ დაქალთან ვიყავი შეხიზნული ერთი თვით. ელენა ყველაზე ადრე გადიოდა სახლიდან. სამზარეულოს მაგიდაზე ხის დაფაზე დადგმული ბიალეტი მხვდებოდა, ჯერ კიდევ თბილი ესპრესოთი. იმ რამდენიმე ყლუპს ნეაპოლის ცხელ მზეში ვსვამდი. (Elena is a Napoletana :)
- რაღაც ტექნიკური ჭები თუ შეგინიშნავთ ზოგ ქუჩაზე? ზემოდან ბეტონის თუ ცემენტის სქელი თავსახური აქვს და მის ქვეშიდან სულ წყლის გუგუნი ისმის. მის სიახლოვეს ნესტის მძაფრი სუნი დგას. ჩემს ქუჩაზეცაა ასეთი. ყოველ დილით მიხდება ჩავლა. ამ დროს სულ ქუთაისში მგონია თავი, ფოთის ქუჩაზე. იქ იყო ასეთი ჭა და კიდევ ძველი ხაოიანი კიბეები, რომლებზეც მამაჩემს ორსული დედაჩემი ფრთხილად ჩამოჰყავდა. ჩემს ქუჩაზე ჭასთან მართლა კიბეებია, ისეთი არა, ახლებური. სუნი და გუგუნი უცვლელად მხვდება და ყოველი ჩავლისას გულში ვამბობ: ფოთის ქუჩა.
რიონი ზამთარში. ფოტოს ავტორი ირი. |
- მსახიობების ოსტატობით ყოველთვის აღტაცებული ვარ, განსაკუთრებით სიმღერის და ცეკვის უნარებით. შუა სპექტაკლში ან ფილმში მსახიობი რომ ისე იცეკვებს, ან იმღერებს, ვითომ არაფერი, მთელ წარმოდგენად მიღირს. იუთუბზეც სულ ასეთ ნაწყვეტებს ვუყურებ.
- "არაჩვეულებრივ გამოფენაში" თინა ოჯახის წევრებთან აგულის ასე წარადგენს: აგული ერისთავი, ჩვენი ბიბლიოთეკის აქტივის წევრი. ადამიანს ერთდროულად რამდენიმე სტატუსი შეიძლება ჰქონდეს, რაც სამართლიანია და თან ცოტათი კომიკური. მაგალითად, ისეთი სიტუაციები, როცა სიუჟეტში ადებენ ტიტრებს: სახელი, გვარი და შემდეგ, "მგზავრი", "თვითმხილველი", "მეზობელი", "მოქალაქე."
- ქუთაისში ჩემს სახლთან ახლოს (აი, იქ, სადაც რკინიგზა გადიოდა) საქონლის სასაკლაო იყო, რომელსაც დამახინჯებული რუსული ჟარგონით "ბოინი" შეარქვეს. ავტობუსსაც ნომრიან ფირნიშზე "ბოინი" ეწერა. ხშირად ვხედავდით სატვირთო მანქანების ძარაზე დაბმულ ძროხებს, მორჩილი და შეგუებული იდგნენ. სევდიანი სანახავი იყო. ხანდახან საღამოობით დამწვრის სუნი მოდიოდა: მორჩენილ ძვლებს წვავდნენ. "ბოინში" ავტობუსის ბოლო გაჩერება იყო. იქამდე ფეხითაც შემეძლო მისვლა, თუმცა არასდროს ვყოფილვარ. არც ბოინის ძაღლები მინახავს, რომლებიც, როგორც ჩანს, კარგად ჰყავდათ ნაკვები. ყოველი შეკამათებისას, აუცილებლად გამოსაყენებელ შეურაცხმყოფელ ფრაზებს შორის გაიგონებდით: რომ გაგსიებია თავი ბოინის ძაღლივით. არამგონია, სხვას ქუთაისელის გარდა ესმოდეს ამ გამოთქმის მნიშვნელობა. ბოინის ძაღლის გახსენება ყოველთვის მამხიარულებს.
- არ ვარ პატიოსანი მთხრობელი: იმაზე ვყვები, რაც საკუთარი თვალით არ მინახავს. თუმცა, როგორ არ ვახსენო ლაშას მონათხრობი, როგორ დადიოდა სტუდენტობისას ბოინის სასადილოში ხორციანი კერძის მისართმევად. ჯერ ერთი, უნივერსიტეტთან ახლოს იყო და მეორეც, წარმოუდგენლად დაბალ ფასად შეიძლებოდა დანაყრება. ეს ამბავი ძალიან უბრალოდ მომიყვა, მე კი გული დამწყდა: მასზე რომანტიკულად შეყვარებული ვერც წარმოვიდგენდი, რომ თმამოზრდილი და გიტარიანი აწოწილი ბიჭი კარგად იცნობდა ბოინის სასადილოს მენიუს.
- ტელეფონში მაქვს წმინდა გაბრიელ აღმსარებლის ხმის კლიპი. იმ ცნობილ ამბავს ჰყვება, ლენინის პორტრეტი რომ დაწვა. ჩემს ნაწყვეტში ამ სიტყვებს ამბობს: დიდ არს ქრისტე ღმერთი! დიდ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა. ამ სიტყვებს წარმოთქვამს ვაჟკაცურად, მყარი ბგერებით და გულმოდგინედ, როგორც სკოლის მოსწავლე კარგად ნასწავლ ლექსს.
- ამასწინათ გამახსენდა ზვიად გამსახურდიას თარგმანი ტომას ელიოტის ლექსისა "ბოსტონ ივნინგ ტრანსკრიპტი". მისი საკუთარი ლექსებიც და თარგმანებიც სიტყვის მუსიკის გამო ჯადოსნურად და თავბრუდამხვევად ჟღერს. ამ ლექსის შემთხვევაშიც ასეა, თუმცა მასში გატარებული აზრიც საყურადღებოა და ძალიან მაგონებს რამდენიმე გამოცემას და ჩვენს სიტუაციას.
"ბოსტონ ივნინგ ტრანსკრიპტის" მკითხველნი
მწიფე თავთუხის ყანასავით ირწევიან ქარში.
როცა საღამო მიისწრაფის დაბინდულ ქუჩებში,
ზოგ-ზოგში აღვიძებს ცხოვრების მადას,
ხოლო ზოგს ურიგებს "ბოსტონ ივნინგ ტრანსკრიპტს,
ავდივარ კიბეზე, ვრეკავ ზარს დაღლილი,
ვიბრუნებ კისერს, თითქოს მსურდეს თავის დაკვრა როშეფუკოლდისთვის,
თითქოს ეს ქუჩა დრო იყოს და თავათ ვიდგე ამ ქუჩის ბოლოს,
და ვამბობ, "აი, ჩემო ჰარიეტ, აგერ მაქვს "ბოსტონ ივნინგ ტრანსკრიპტი."
- გაინტერესებთ, რა ამბები ხდებოდა ჩვენი საყვარელი სიმღერების შექმნამდე? ამ ისტორიებს ლაშა გვიყვება თავის ახალ გადაცემაში.
რამოდენიმე დღის წინ მაღალმთიან აჭარაში, ხულოში ვიყავი და სწორედ ისე თოვდა როგორც შენ აღწერე, ამას დამატებული სულ მთები და ამ მთებს შორის ვიწროზე ვიწრო გზა ისე შეჭრილი გზადაგზა რომ წინ თუ რამე ვეღარ ხედავ და გგონია პირდაპირ მთებში გადაფრინდები.... და ამ დროს და ამ განცდებში თოვს, თოვს ისე ნაზად და ლამაზად როგორც ფილმებში... ბავშვობიდან პირველი თოვლი რომ მოვა სულ ირაკლი აბაშიძის ლექსის სტრიქონები მახსენდება
ReplyDelete"წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს..."
კი იცი შენც, შეჩვეული ჭირია ქართველები რომ საქართველოდან წასვლაზე ოცნებობენ, მე არ ვოცნებობ მაგრამ ხანდახან მეფიქრება ხოლმე... ნეტავ როგორი შეიძლება იყოს ის დილა აქ რომ არ გამეღვიძება, ან რა გემო ექნება იმ ყავის იმ ჭიქა რომლის ორთქლიც ჩემი ქალაქის ჰაერს არ შეერევა... სულ რომ ცივი იყოს ალბათ მდუღარედ გადამეყლუპება... გულში ვლოცულობ ხოლმე რომ ამ ყველაფრის განცდა არ მომიწიოს...
ხშირად მეკითხებან აქ ბათუმში, ასე რამ გაგაგიჟა ქუთაისზეო?! კითხვითვე ვუბრუნებ თქვენ უბათუმოთ გაძლებთ–თქო, არაო მეუბნებიან მაგრამ ზოგ არაში მხოლოდ კი ისმის... სიმართლე ერთია და ჭეშმარიტიო ამბობენ, ყველას თავისი სიმართლე არ შეიძლება ჰქონდესო მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ბებერი ქალაქიც ერთია ( ჩემთვის ერთადერთიც კი )მიუხედავად ამისა ყველას ვინც გვიყვარს ჩვენ–ჩვენი პატარა ქუთაისები გვაქვს, შენ რა ლამაზ ქუთაისი გაქვს ხომე რომ ვკითხულობ სხვადასხვაგან სულ გულზე მედება მალამოდ... "არაჩვეულებრივი გამოფენა" ახსენე და უცებ აი წარმომიდგა კადრივით ორსული დედაშენი როგორ ჩამოდის ფრთხილად ხაოანი კიბეების საფეხურებზე, მიუხედავად იმისა რომ იცის არასდიდებით არ წაიქცევა, ან როგორ უნდა წაიქცე მაშინ როცა ვიღაცას შენი ხელი უჭირავს მძლავრად... ჰო და ალბათ ამ კადრში სახეები იქნებოდა მნიშვნელოვანი ფრიად მაგრამ ეგ შენთვის მომინდია შენ უფრო კარგად იცი როგორი სახეები იქნებოდა იმ ფილმში რომელშიც ეს კადრი გაცოცხლდებოდა...
არასოდეს არაფერი შემხარბებია ადამიანისა გარდა მუსიკალური ნიჭისა, ამაზე ხშირად დამიწერია კიდეც და მითქვამს, ჰოდა ახლა წარმოიდგინე ჩემი პატარა გოგო რომ რაღაცეებს ცოდვილობს ფორტეპიანოსთან (ნუ ჯერ პატარაცაა პრინციპში) წარმოგიდგენია რა ნეტარებას უნდა განვიცდიდე....
ჩემს ბავშვობაში იმდენნაირად ახსენებდნენ ზ. გამსახურდიას კარგა ხანი დამჭირდა იმის გასააზრებლად ვინ იყო, რა გააკეთა, რისთვის ან ვისთვის გააკეთა... რამდენი რამის თქმა შეუძლია ამ უძვლო ენას და რა უკიდეგანოა ადამიანის ფანტაზია განსაკუთრებით მაშინ თუ უარყოფითისკენაა მიმართული...
ოკსანას რომელ ფოტოზეც გავგიჟდი ხომ გამოგიგზავნე? ეხლა კომპიუტერის ეკრანიდან მიყურებს ხოლმე, რაღაცნაირად თერაპიას მიტარებს ხოლმე დიდხანს რომ ვუყურებ...(Ранковий натюрморт ІІ. Емаль, 2014.) მადლობა რომ რამოდენიმე უნიჭიერესი ადამიანი გამაცანი :) იმ საღამოს დიდხანს ვათვალიერებდი...
რამხელა გამომივიდა :( კია მნიშვნელოვანი "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო...." მაგრამ საქმე ემოციებს რომ ეხება ეს ჩემთან აღარ ჭრის...
წარმატებული დღე თინა, ბათუმში ულამაზესი მზიანი დილაა და ამ მზის სხივებს გიგზავნი სიყვარულით...
აბა შენ ყოფილხარ ნამდვილ winter wonderland-ში. და ეს საოცარი სიტყვები ლექსის. თვითონ ტრიალებდნენ ჰაერში ალბათ ფიფქებთან ერთად.
Deleteხო ამაზე მეც მეფიქრება და თავის დროზე დიდი დილემის წინაშე ვიყავი... მერე მოგიყვები. ამ თემაზე სულ ფერეიდნელი ქართველები მახსენდება. მათთვის რომ საქართველოს ყველა ყლუპი ჰაერი და ყველა გოჯი მიწა რომ დიდი სიწმინდეა. და ამ დროს აქ ჩვენი ყოველდღიურობა როგორია ... რა ნიუსებში ვართ. :))
არ უნდათ მაგათ ახსნა... შენ ძველებურად წერე და "შეინახე" ის სახეები და ხატები, რაც ჩვენ ასე გვამდიდრებს სულიერად.
ოჰ, ანაკო საოცრებაა! თუ მსახიობი გამოვა, დიქციაც ხელს უწყობს და მუსიკალური უნარებიც ხომ აქვს და აქვს.
კარგია, ასეთი დამოუკიდებელი ანალიზი რომ გააკეთე პრეზიდენტზე და ახლა ხომ ხვდები იმ სისინა ხმების ნამდვილ მიზანს :)
კი, ეგ კომპოზიცია მეც დიდხანს ვათვალიერე, ვებგვერდზე უდევს. :*
არა, არ თქვა მოკლედ :)
აქ ნაცრისფერი დღეა და ისევ წვრილად თოვს. მომივიდა შენი სხივები! :* :*
,,მკითხველნი, მწიფე თავთუხის ყანასავით ირწევიან ქარში."
ReplyDeleteზუსტად ასე დამემართა, ამ პოსტის კითხვისას ...
ძველი კიბეები ,ფოთის ქუჩა, ,,ბოინის ძაღლი" ჩემთვის ნაცნობია.
ლამაზია ასე ,,აკინძული"ეს ყველაფერი , შენი ამ დროინდელი განწყობაა , ფიქრია, დილაა თოვლიანი, ორშაბათის ქაოსი, რომ გიქრობს განწყობას.
და ამ რომანტიკულად შეყვარებულ გოგოს, მე ძალიან ვგულშემავტკივრობ. ლაშას მონათხრობს კი აუცილებლად მოვისმენ.
ირი, როგორ მიხარია... მეც ასე მონაკვეთებად მახსენდება და მენატრება ქუჩები. მაგალითად, ის მონაკვეთი, ბაზრიდან რომ მოდიხარ, ბაღის კიდეს ამოუყვები მერიის მოპირდაპირე მხარეს, ან სულაც მერიის მხარეს და ახვალ ძველ სახაჭაპურემდე. ან თეთრ ხიდს რომ გადაივლი და ბჟოლებში გადიხარ, ის მონაკვეთი... და ასე სულ...
Delete<3
ბოლო გადაცემა ირაკლი ჩარკვიანის ერთი სიმღერის ისტორიაა, ხვალ იქნება ეთერში.
თიკო, რა კარგია, დამენენა, რომ დასრულდა.
ReplyDeleteსცენარების წერას უნდა მიჰყო ხელი, ისეთი სიცხადით აღწერ უწვრილმანეს დეტალებსაც კი.
ვისიამოვნე ძალიან, როგორც ყოველთვის. :)
<3 <3 :* :*
DeleteMarika n.
ReplyDelete“The past is a candle at great distance: too close to let you quit, too far to comfort you.”
love you! <3 <3
Deleteფერების კორიანტელი, ფერთა სენტიმენტები...ძლივს მივუახლოვდი შენს ბლოგს, თითქოს ძალიან პირადულს, ხელშეუხებელს და მისგან კი მივიღე თავშეუკავებელ კადრებად გადმოშვებული ფერები. მოდის თეთრი, მაგრამ მალე უკანვე გარბიან ფანტელები, გზას უთმობენ სევდა-დაღლა-გაკვირვების (ალბათ გაზაფხულის ლოდინისგან) მომწვანო-მონაცრისფროს. პარალელი კიბეებზე.,სევდიანი ძაფი– თბილისი–ქუთაისი. ხელის გაწვდენა ცრემლნარევ მოგონებებში...დედა და მამა ფრთხილობენ... 90–იანი წლების ხრიალი მომესმა ამ შავ–ნაცრისფერ ჭებზე. ბოლოს სულ დანახშირებული, ფერფლიანი "ბოინი"! ყველაზე დიდი სიყვარული–შენი ქალაქი! განწყობის სიმძაფრეგადაწვდა ლაშას–კაცს!. ქალი–მდედრი ითხოვს სხვაგვარად! ბექასავით წერ "რამდენიმე ყლუპს ნეაპოლის ცხელ მზეში ვსვამდი" smile ემოცია ამ ყავისფერ–ყვითელ ფერებში კარგად ამოვისუნთქე და ამ ფერთა კორიანტელში ციურ მანანად წამოვიდა გაბრიელ ბერის "დიდ არს ქრისტე!" და იმედი მარადისობის, თვით ჭაობიდან აღდგომისიც კი.
ReplyDeleteძვირფასო ელენე, ასეთ რეცენზიას ჩემნაირი ქარაქუცა ბლოგერი კი არა, ნებისმიერი მოკალმე ინატრებდა!
Deleteჩვენ ბავშვობაში რომ რბილად ნახატი ფილმები იყო, იქ რომ ანთებულ ლამპრებს ხატავდნენ, ისეთი ლამპარი გიჭირავს ხელში და დადიხარ ჩემი გონების ლაბირინთებში.
მე რასაც კუშტად და ნაწყვეტად ვწერ, ზუსტად იცი, რისი თქმაც მინდოდა და რატომ :)
დიდი მადლობა!
ნეაპოლი იმიტომ, რომ ელენა გახლავთ ნეაპოლიდან და ყოველ დილას ამიტომ მხვდებოდა იქაური კოფეი :)
:* :*
თინა,გეფიცები, შენ დადიხარ ჩვენ ცხოვრებაში, დაგაქვს სიტყვებით შენი ნაშრომი-მეხსიერება. მოყვარული გულის და თვალის ადამიანს თუ შეუძლია დაიტიოს, შეინახოს და დაგვირიგოს ასე ძვირფასი ინფორმაცია. შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ, დავსეირნობ ძველიდან ახალ დროზე როა გადებულ ხიდზე. გეფიცები, ასეა. ყველაზე ლამაზ, ყვავილოვან, გაზაფხულის და ბედნიერების ხიდზე. მუზეუმელი ნაირა გიჟდება, ეს გოგო წიგნებს უნდა წერდესო. ყოველთვის გეწერებოდეს შენი პოზიტიური, იმედიანი ბლოგები. მიყვარხარ!
Delete<3 <3
DeleteSemovedi da haeriviT da wyaliviT mindoda rame damxvedroda... tumca zvelebi gadavikitxe da gavdivar emociebit savse. madloba shen rom wer da nairnair emociebs gvichen...
ReplyDeleteveriko <3 <3 <3 !!!!!!!!!!
Deleteრა კარგი ჩანაწერებია. <3 არ მინდოდა რომ დასრულებულიყო.
ReplyDeleteდიდი მადლობა, ინგა. ძალიან გამიხარდა! :)
Delete