Wednesday, June 15, 2016

ნაზია ღამე


ვიღაცისგან გავიგე, ბგერას ჯერ გონებით უნდა მიწვდე და მერე იმღეროო. როცა ამ სიმღერას ვუსმენ, სულ ის აზრი მიჩნდება, რომ გონებით გველაპარაკება. 90-იანების ბნელ საღამოებში ერთ ოთახში ვიყუჟებოდით ხოლმე სამივე: მე, ზაზა და დედაჩემი. ზოგჯერ საბანში ვეხვეოდით და დედას ვთხოვდით, სადმე დაერეკა. მისი მოკლე პასუხებით ვცდილობდით, გაგვეგო, ხაზის მეორე ბოლოდან რა უთხრეს. ძალიან გვართობდა სხვებთან ასე დარეკვა და ამბის კითხვა. გაგონილს რაღაცას მოვაბამდით და უსასრულოდ ვიცინოდით. იმ საღამოების საუნდტრეკები იყო "დავრდომილი, სნეული", რომელიც მაშინ "იმერული ესკიზებიდან" ვიცოდით, ქალის ნამღერი, და "საბრალო დედაბრისასა", ზურა ქაფიანიძე მღეროდა რომელიღაც ფილმში. ამ სიმღერის შინაარსის ცოტა მეშინოდა, მაგრამ იმ სიტუაციაში საერთო მხიარულებაში გამყავდა. ახლა საღამოობით სამივე სხვადასხვა ლოკაციაზე ვართ. ზაზას ხანდახან ერთ სიტყვას მივწერ ხოლმე; ზუსტად ახსოვს, რომელ იმდროინდელ მაიმუნობაზე მიანიშნებს. 

იშვიათად ხდება, მაგრამ როცა ძალიან ადრე მეღვიძება, დიდ რამედ მიმაჩნია. მგონია, ისეთ რამეს დავინახავ, რაც ჩვენთვის დაფარულია, ბუნების საიდუმლოს ან რამე საოცარს. თითქოს სადმე მისიით ვარ მივლინებული, ისე ვაკვირდები, გარეთ რა ხდება. როცა ზამთარია, ჩიტების ხმა არ ისმის და სრული სიჩუმეა. საიდანღაც მანქანა მოდის, ვიღაც ფეხით ჩამოივლის. გაზაფხულზე ჩიტების ჭიკჭიკია ხოლმე მთელ ხმაზე. ვუყურებ, თითქოს ვიღაც ვიდეოს აკეთებს და ცდილობს, გათენებას ზუსტად დაადოს ჩიტების ხმა. ამ ვიდეოში ყველაფერი სრულყოფილია და არაფრის შეცვლა არაა საჭირო. მერე კმაყოფილი ვიბრუნებ ძილს და დილით ლაშას ვუყვები, რა ვნახე. ადრე რაღაც პერიოდი ღამით გვიწევდა გაღვიძება. ავტობუსი ათ წუთში არტყამდა წრეს, ამიტომ ჩასვლა უნდა მოგვესწრო. ვიდექი გაჩერებაზე ნახევრად მძინარე და თან თავგადასავლით გაკვირვებული. თავს ზემოთ მთვარე ანათებდა, ციოდა და გათენებამდე მივდიოდი სკოლაში. ახლა ეს ისე მახსენდება, თითქოს სინამდვილეში არც ყოფილა.

ალბათ, ასე იცის რეალურმა, უბრალო დღეებმა, რომლებითაც წარსულში ვიცხოვრეთ. ჩვენთანაა, ალბათ სახეცვლილი, მაგრამ მაინც ძალმოსილი და სულ უფრო ძვირფასი. ჩემს ბავშვობაში ქუთაისის ცენტრში იყო დაწესებულება, რომელსაც ოფიცერთა სახლს ეძახდნენ. რუსული ჰაბი იყო ერთგვარი, ზუსტად არ ვიცი, იქ რა ხდებოდა. პატარა კინოდარბაზი კი ჰქონდათ და გვერდით, იმავე გაყოლებაზე - სასადილო. ერთხელ დამარცვლით ამოვიკითხე "столовая". დედაჩემს გაუხარდა, - მაშინ რუსული ანბანი სრულად არ მქონდა ნასწავლი. იმ დღეს მუსიკის გაკვეთილი გამიცდა. მარტო ჩვენ ორი ვიყავით, ზაზა სკოლაში იყო. ნელ-ნელა ამოვუყევით ქუჩას მუსიკალურიდან. დედამ უცებ მითხრა, მოდი, კინოში შევიდეთო. მგონი იმის შემდეგ აღარც ვყოფილვარ ოფიცერთა სახლის კინოდარბაზში. შავთეთრი იტალიური ფილმი ვნახეთ, სილვანა პამპანინი თამაშობდა. ლამაზი იყო, ფორმებიანი. მაშინ ვფიქრობდი, რომ გვარის ჟღერადობა ძალიან უხდებოდა. მთელი იმ ამბით გაოცებული და თან კმაყოფილი ვიჯექი სადღაც შუა რიგში: ჯერ რომ დღის სეანსი იყო და დღისით თითქმის არ დავდიოდით კინოში, თან რომ დღის რეჟიმს გადავუხვიეთ და ის დრო გასართობ დროდ ვაქციეთ, მერე დარბაზს ვათვალიერებდი და თითოოროლა ადამიანი იჯდა, თითქოს მარტო ჩვენთვის აჩვენებდნენ ფილმს. კიდევ ის ლამაზი მსახიობი ქალი, ბნელი დარბაზი და შავთეთრი კადრები, ალბათ მარტო მის სილამაზეს რომ გაენათებინა. და ის, რომ მარტო ჩვენ ორი ვიყავით, გოგოები; რუსების პატარა კინოდარბაზში, სადაც ყველა არ დადიოდა. 

უცნაურია, ადამიანებს თან გვინდა, რაღაც შინაგანი, გასაფრთხილებელი და ფაქიზი საჯაროდ გავაზიაროთ, თან გვეუხერხულება. პოეზიის საღამოებზე იწვევენ ხოლმე პოეტის ოჯახის წევრებს, მსახიობებს. ისინი კითხულობენ მათ ლექსებს, თვითონ არჩევენ, რომელი წაიკითხონ, რაც უმეტესად მათი საყვარელი ლექსია და უემოციოდ არაფერი გამოვა. ჩემი აზრით, დიდი გმირობაა ასეთ დროს სახის ჩვენება. (აბა, რადიოში უკვე დიდი ხანია, ლექსებს აღარ კითხულობენ.) საშინელება მემართებოდა, როცა წვეულებებზე მთხოვდნენ, დაუკარიო. ვიტანჯებოდი იმით, რომ უნდა გამეცა, იმ დროს რას განვიცდიდი. თუ სხვებიც ამყვებოდნენ სიმღერაში, მაშინ არამიშავდა.

ჩვენი მწერალი, გვიან რომ აღმოვაჩინეთ, გვეუბნება, ერთი მთლიანის ნაწილაკები ვართო. ჩვენც ერთი მთლიანობა ვართ და ჩვენში დანარჩენი სამყაროს ნაწილაკებიაო. კარგი რამეა, თუ კარგად გვემახსოვრება. აღარ დავიტანჯებით იმით, რომ რაღაც, ან ვიღაც დავკარგეთ. გავივლით ორივე მხრიდან ხეებით ჩამობურულ, ჩრდილიან ქუჩაზე, ზღვის სუნი მოვა, შემწვარი თევზის, ქვიშაზე მოდუღებული ყავის, ფანჯარასთან უსინათლო მოხუცი იჯდება, ჟოაო Meditação-ს იმღერებს, ვიღაც ატელიეში სურათს გადაიღებს, დედა შვილის მეგობრების პალტოებს ჩუმად ჩამოხსნის საკიდიდან და სანამ ისინი ილხენენ, დაკემსავს და მოაწესრიგებს, ეზოებში წვიმა გადარეცხავს ცარცით დახაზულ "კლასობანას" უჯრებს.



უნდა ვაღიარო, რომ ფერადი ბუშტები და საქანელა ახლაც ისევე მახარებს, როგორც ბავშვობისას. ეკრანზეც რომ დავინახო, დიდხანს ვრჩები ხოლმე გაღიმებული. ჩემი საყვარელი კოსმეტიკური საშუალებების სარეკლამოდ იყენებენ ხშირად, მე მეკითხებიან ხოლმე წინასწარ. ერთ ზაფხულს ვცდილობდი, ზაზას და ირაკლისთვის გამესწრო და პირველი მივსულიყავი საქანელასთან. სირბილში რაღაცას წამოვედე, შუბლი, მუხლი და იდაყვები გადავიტყავე. ზაფხულთან ერთად ისევ ველოდები ფერად ბუშტებს და საქანელებს, ამ ხმის თანხლებით. ღამეებს - მუქ იისფერს.

17 comments:

  1. თინი სიმღერა არაჩვეულებრივია, ,, რა ვქნა შენ გენაცვალე " ,,გული კვნესის დამწვარი" :)
    ყოველი დღეა მოსაფრთხილებელი, ყოველი დღე ბევრის დამტევია, დრო რომ გადის მერე უფრო ვხვდებით , ალბათ. უემოციოდ არაფერი ღირს. ეს ბოლო დღეებია მახსენდება ,, ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი"
    ფიქრი რომ შეგიძლია,მერე გაღელვებს ყველაფერი. ადამიანი , მთელი სამყაროა თავისი ფიქრით ემოციით , გრძნობით, განწყობით... საკუთარს რომ ამჟღავნებ და თან გერიდება...
    ატელიეში სურათის გადაღება, ადრე საგანგებოდ გამოწობილები რომ მიდოდნენ.
    ზოგჯერ არის მუქი იისფერი ღამეები, სილამაზით გამდიდრებულები ან ხშირად არის, მთავარია დავინახოთ, ვიგრძნოთ!

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰოო, როგორც ხედავ, ისეთია, არა? :)

      <3 კოტე მაყაშვილის ლექსია ეგ, შენ რომ მოგეწონა.

      როგორ იღებს არა გრძელ და მოკლე ბგერებს, ყველაფერს ზუსტად. მიყავხარ, განცდის გზაზე მიგიძღვის.

      მე დაველოდები იისფერ ღამეებში დაწერილ შენს ნააზრევს.

      Delete
  2. "ზღვას განვეშორე ქვითინებდა წვეთი პატარა
    მის მწუხარებას ზღვამ სიცილი რომ დააყარა...
    ჩვენა ვართ ერთი და ერთმანეთს ვავსებთ ყველანი,
    ამ განშორებამ მხოლოდ ერთი წუთით გაგვყარა!"

    ინბ სინას ეს რობაი არის ჩვენი ბავშობის ლაიტ მოტივი...

    წაკითხვისას ართუ გავიაზრე, არამედ განვიცადე კიდეც, "მოვარდილ მეწყერივით" მომწყვიტა და იქ დამაბრუნა 2-3 წუთით ... მგონია რომ მედიტირებისას მსგავს რამეს განიცდიან. ეს შენ შეგიძლია, კარგად გამოგდის... და კვლავაც ბევრჯერ შეძლო იქნებ:)

    ვალ

    ReplyDelete
    Replies
    1. "ჩვენა ვართ ერთი და ერთმანეთს ვავსებთ ყველანი"

      ამაზე უკეთესი რა უნდა წამეკითხა :)

      მადლობა! :)

      Delete
  3. მართლაც, ადრე მეტად იწუხებდნენ თავს ადამიანები, ურთიერთობნენ გრძნობით, იხარჯებოდნენ, გადმოდიოდნენ თითქოს კანიდან. უნიჭობამ რომ შემოგლიჯა კარი, სიმღერაც კი, ბგერაც კი დამოკლდა და ჩაიბჟუტა. არამოდური გახდა გულწრფელობა. მაშინ წავიდა ბრძოლა-ძალად ჩამატებული ურთიერთობები (ტელეფონი და სხვაც), ეს ალბათ მტკივნეული დაცილება იყო ძველ, ნელი, მაგრამ სავსე ცხოვრების რიტმთან... ,,ალბათ, ასე იცის რეალურმა, უბრალო დღეებმა, რომლებითაც წარსულში ვიცხოვრეთ. ჩვენთანაა, ალბათ სახეცვლილი, მაგრამ მაინც ძალმოსილი და სულ უფრო ძვირფასი.,, კარგის შენახვა უყვარს ტვინს მალამოდ და სალბუნად-მადლობა უფალს! ეს ფერადი ბუშტები, შენსავით რომ მიყვარს და ჩიტების ჭიკჭიკი, სადაც არ უნდა დაინახო და მოისმინო, შენს მშობლიურ ქალაქს გაგახსენებს უმალ.
    ეს შენი გზები, ცხოვრება, სამყარო ამოუწურავია.. ალბათ ზუსტან იმიტომ, რომ უცხო და შორი არაფერია, ყველანი ერთნი ვართ ქრისტეში, ეს კი ბევრს აღგაქმევინებს და გათქმევინებს, მხოლოდ გულწრფელობაა საჭირო. და ეს შენი პრეროგატივაა თინა. ბრავო თინა!

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ძალიან მინდა, მახსოვდეს, რაც აღარ მახსოვდა, ხელახლა გამახსენდეს, ვმადლობდე, მქონდეს უნარი გაოცების და ა.შ. ... <3 და ამ გზაზე შენნაირი მეგობრები მყავდეს. <3

      Delete
  4. ჩემო ძვირფასო თინა... თავს ვხრი...შენი დიდი გული! გალაკტიონის აქვს ასეთი ლექსი ,,მანიფესტი,, და ჩვენი მანისფესტიც იყოს ,,ვემღეროდი დამთვრალ ყვავილთა მტვერში, ვმღეროდი მტრობის, ან ტრფობის ხმაზე. მსურდა ყოველთვის ან ყველაფერში მუსიკა, გრძნობა და სილამაზე!,,

    ReplyDelete
    Replies
    1. საოცარია. ხელს ვაწერ მანიფესტს. უკეთესი ვერც იარსებებდა. :)

      Delete
  5. ამ ჩანაწერზე მე რომ კარგი რეჟისორი ვიყო სასწაულად კარგ თუნდაც მოკლემეტრაჟიან ფილმს გადავიღებდი, ძალიან იცი ხოლმე სულში ჩემოჭრა, ისე ძალიან რომ ხანდახან არც მჯერა... არასოდეს არ მინდა დავიჯერო რომ ადამიანებს ბუშტები და საქანელები, ჩიტების ჭიკჭიკი და გადატყავებული მუხლები არ ენატრებათ... მართალია ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი მაგრამ საქანელის გამო ნამდვილად ვიმტვრევდი ცხვირ–პირს... ახლა ჩემი გოგო დადის ხლმე ასე, ხან რა აქვს ნატკენი ხან რა აქვს შეწითლებული, არ ვეჩხუბები, უბრალოდ ვაფრთხილებ მერე შევბრუნდები და ცრემლნარევი ღიმილით ვამბობ ჩუმად ნეტავ ერთხელ დამაბრუნა იქ და იმ წამს როცა უნდა წავიქცე და "ვაიმე დედიკოოოო" დავიძახო... ესეც ისე მოინატრებს ვიცი მერე...
    ჩემი ეზო და მისი ჩიტების ჭიკჭიკი გინდა გაგიზიარო?! როცა მოვიწყენ სულ ვუყურებ და ვუსმენ... ამაზე ძვირფასი არასულიერი ცნება როგორიც "შინ"–აა არ მეგულება დედამიწაზე...

    https://www.youtube.com/watch?v=CoDU__Lw5A0

    ReplyDelete
    Replies
    1. ვერა! რა ხარ! :)

      მადლობა ამ საოცარი ვიდეოს გაზიარებისთვის.სამოთხის ფერები და ხმებია.

      ანაკო არის უსაყვარლესი ბავშვი <3 <3



      Delete
  6. კარგია, უზომოდ კარგი! და, შენ კონკრეტულად რას გეკითხებიან, ბუშტების ფერს თუ საქანელის დიზაინს? :))))))))

    ReplyDelete
    Replies
    1. დიზაინერები მითანხმებენ სარეკლამო ვიზუალის შინაარსს :) :) ხომ დამემოწმები :)

      Delete
  7. "გავივლით ორივე მხრიდან ხეებით ჩამობურულ, ჩრდილიან ქუჩაზე, ზღვის სუნი მოვა, შემწვარი თევზის, ქვიშაზე მოდუღებული ყავის, ფანჯარასთან უსინათლო მოხუცი იჯდება, ჟოაო Meditação-ს იმღერებს, ვიღაც ატელიეში სურათს გადაიღებს, დედა შვილის მეგობრების პალტოებს ჩუმად ჩამოხსნის საკიდიდან და სანამ ისინი ილხენენ, დაკემსავს და მოაწესრიგებს, ეზოებში წვიმა გადარეცხავს ცარცით დახაზულ "კლასობანას" უჯრედებს" - ეს მგონი ყველაზე ძლიერი ადგილია, თან სევდიანი :(

    ReplyDelete
    Replies
    1. ყველაფერი აქვეა, ჩვენთან და ჩვენში: სოხუმი, ქუთაისი, თბილისი. ჩვენ სამივეგან გვიცხოვრია, დროებით მაინც. <3

      Delete
  8. მე მხოლოდ გეტყვი ჩემო თინ, შენ ხარ მე...ან შენ ხარ ჩვენ, მარტო ჩემთვის კი მინდიხარ :-) მაგრამ ფაქტია რომ სხვებსაც ეკუთვნი. შენ ჩვენი სული და არსება ხარ, ჩვენი ნაწილი...გკოცნი,ნანუკა

    ReplyDelete