Monday, December 7, 2015

გარსი და არსი

ადამიანებს ხმით ვიმახსოვრებ ხოლმე. ჩემზე გამაბრუებლად მოქმედებს ტკბილი ხმის და სასიამოვნო ფონეტიკის მქონე ადამიანების მოსმენა. ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს. ბებიაჩემის დაქალი იყო, ვენერა ბებია. სულ ერთნაირი, ჩაწიკწიკებული კბილები ჰქონდა და ცისფერი თვალები. მისი ხმა ამ გარეგნობასთან ისეთ ჰარმონიაში იყო, სულ მინდოდა მესმინა. საღამოობით რომ მოდიოდა, თვალებს მივლულავდი და ისე ვუსმენდი, შინაარსს არა, უფრო მუსიკას. დასაძინებლად მიშვებდნენ და არ მივდიოდი. კიდევ რამდენიმე ადამიანია ასეთი, უფრო მეტად მსახიობები, ვისი ხმაც სულ მინდა ვისმინო. საკუთარ რადიოსადგურს გავაკეთებდი, სადაც მათ წავაკითხებდი ლექსებს და ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ადრე ხაზის რადიოში გვიკითხავდნენ ხოლმე კვირა საღამოს ზღაპრებს. რამდენიმე მახსოვს: "დიდი ტალღა და პატარა ტალღა", "დეიკო დედიკო და შვილიკო თოჯინა". ბავშვობა დასრულდა და ხაზის რადიოც მასთან ერთად გაქრა. კაბელი მოიპარეს და რადიომიმღების პატარა ყუთი უფუნქციო გახდა.

ხმა და სიტყვა: ირის რჩევით ერთი სასულიერო პირის ინტერვიუს ვუსმინე. ჰკითხეს, მართლა ღმერთმა შექმნა თუ არა სამყარო. პასუხი ასეთი იყო: მე რომ ახლა გთხოვოთ, ჭიქა აიღე და წყალი მომაწოდეო, ხომ მომაწოდებთ? ვხედავთ, რომ ჩემ უბადრუკ სიტყვას აქვს ის ძალა, რომ რაღაც მოქმედება მოჰყვება. მე ვინ ვარ და წარმოიდგინეთ, ღვთის სიტყვა რამდენად აღმატებულია. ღმერთმა სიტყვა თქვა და სიტყვით შეიქმნა სამყარო.



უკვე დაიწყეს მაღაზიებში საახალწლო მორთულობის გამოტანა. ახლა ნაძვისხის სათამაშოები დასაკიდებლიანად გამოდის, ძველ სათამაშოებს კი დასაკიდებელი არ ჰქონდათ და თავად გვიწევდა გაკეთება. მწვანე ძაფის ერთი მსხვილი გორგალი გვქონდა და მისგან ვაკეთებდით ყუნწებს... რამდენადაც მიხარია სერვისების და ვაჭრობის თანამედროვე სისტემების განვითარება, იმდენად სენტიმენტალურად ვარ განწყობილი პერსონალის მიმართ. სავაჭრო ობიექტების გაპრიალებული ინტერიერები რაღაცნაირ სევდას მიჩენს, მათში მომუშავე ხალხის. ჯერ ჰაერია ხოლმე მძიმე, გაუნიავებელი. პრომო გოგონები ძლივს დგანან ხოლმე იმ მაღალ ქუსლებზე, თანაც საათობით და იძულებული არიან, გაიღიმონ. ძალიან ახალგაზრდები არიან, ლამაზები, კარგად დატრენინგებული. მინდა, ვიფიქრო, რომ კარიერულად სწრაფად განვითარდებიან. სავაჭრო პერსონალიც ძალიან სიმპათიური და სასიამოვნო ახალგაზრდები არიან.  თანავუგრძნობ ხანგრძლივი სამუშაო საათების და არც ისე კარგი სამუშაო პირობების გამო. იმ დღეს ერთი ფირმის წარმომადგენელი ესპანურ შამპუნს მთავაზობდა. ის ფირმა გამოცდილი მქონდა და არ მომწონდა, ამიტომ უარი ვუთხარი. ის ისევ მიწევდა რეკომენდაციას იმავე პროდუქტზე. დროდადრო მკერდზე იჭერდა ხელს. იმ მაღაზიაში მერე ვეძებდი იმ გოგოს და ვერ მივხვდი, რომელი იყო. ვინანე, რომ არ ვკითხე, რა ტკიოდა და ის შამპუნი თუ არა, სხვა რამ მაინც რომ არ ვიყიდე. ხანდახან სექციის კონსულტანტების და მოლარეების საუბრებს ვაყურადებ. მიხარია, როცა რამეზე მხიარულად ლაპარაკობენ. საოცარ დროში ვცხოვრობთ. ყველაფერი მტრად მოგვიბრუნდა: ძალით დაჩქარებული დრო, მოძალებული არასაჭირო ინფორმაცია, ატმოსფერო, საკვების ხარისხი,  ახალი დროის მოთხოვნები...
source: http://tombrownfineart.blogspot.com/

იმ დღეს დედაჩემთან დავრჩი. გვიან საღამოს წყალი შეწყდა და დილითაც არ დაგვხვდა. მზიანი შაბათი იყო, მაგრამ ქარის გამო ციოდა. უცებ, მეგონა რომ დრო უკან დაბრუნდა და ისევ ქუთაისში ვიყავი, მზიანი და ქარიანი დღე იყო და წყალი არ გვქონდა. ის დიდი ქვაბებიც თვალწინ დამიდგა, რომლებშიც წყალს ვაგროვებდით. რატომ არ შეიძლება, ვირტუალური სინემა არსებობდეს. აირჩევდე, რომელი მოგონებაც გინდა, შეაღებდე კარს და ცხადად ნახავდე... როცა დედაჩემთან ვრჩები, ძილის წინ გემრიელ ლუკმად რეზო ინანიშვილის ერთი კრებული მაქვს შემონახული. ერთ მოთხრობას ჰქვია "ზამთრის პატარა ილუზიები". თოვლიან დილებს იგონებს, როცა სახლში ყველას სძინავს, ბებიას გარდა, რომელიც ბუხარს ანთებს. სკოლაში წასასვლელად ჯერ ადრეა, წევს და კითხულობს. მერე გარეთ გადის და უყურებს, როგორ იქექებიან დათოვლილ ტოტებში ჩიტები. ამბობს, იმ სუფთა სითეთრის და სიჩუმის გარდა მაშინ კიდევ რაღაც ხდებოდაო. წლების მერეც ვცდილობ გავიგო, რა იყოო.

მეც ვაგროვებ ასეთ წუთებს, როცა "კიდევ რაღაც ხდება". ამ ჩვიდმეტ წამშიც.



იმ დღეს ფრანგული კინომუსიკის ზეიმზე ვიყავი. როცა მუსიკის ფონზე 70-იანების კომედიებიდან კადრებს აჩვენებდნენ, ვფიქრობდი, რომ ფილიპ ნუარე აღარ იქნება, არც კეთილი და გულუბრყვილო სიუჟეტები, შუა წვეულებაზე საცვლებით გამოცხადება, ქალების აბანოში მოხვედრისას თვალებზე ხელის აფარება, საზეიმო ჩაცმულობით აუზში ჩახტომა, საღეჭი რეზინის ფაბრიკიდან გაწებილი გამოსვლა და გატაცებული ავტომობილით შექმნილი თავგადასავლები. (Saying that, I feel I am officially old.) კიდევ კარგი, მუსიკა მაინც დარჩა.

12 comments:

  1. ყველაფერი შეიცვლება, აღარაფერი დარჩება. დარჩებიან ადამიანები იმ მოგონებებით და მერე ისინიც აღარ იქნებიან.
    აბა, ვის დააინტერესებს რას განიცდიდა კუმიკო, როდესაც ფარგოში მიდიოდა. სიგიჟეა.

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, ასეა. ჩვენც ვიცვლებით და ამიტომ ვეჭიდებით იმ მოგონებებს. არ გვინდა მათი დავიწყება, როგორც ჩვენი "აიდის" მტკიცებულების :) :)

      Delete
  2. დავბრუნდი ბავშვობაში თიკო. მეც, შენი არ იყოს, ზუსტად წინა საახალწლოდ მომეძალება ხოლმე წარსულის ნოსტალგია.
    იცი რას ვხედავ ყველაზე ხშირად? ბებიას სამზარეულოში მოფუსფუსეს, რომელიც გოზინაყს აკეთებს,
    მამას, რომელიც ხორცეულს ჭრის და დედას, რომელიც საახალწლო სუფრას შლის.ამ ყველაფერს თითქოს ფანჯრის გარედან ვუყურებ და მე სადღაც 5-6 წლის ვარ და ფეხებში ვედები ყველას.
    ეს მოგონება ისე მათბობს, რომ სტიმულსაც კი მაძლევს ცხოვრებისეულს.
    კარგია ბუნებამ ადამიანს მოგონებების ამოტივტივების ნიჭი, რომ უბოძა.
    სხვაგვარად უფერული და უღიმღამო იქნებოდა არსებობა.
    მადლობა თიკო!

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ზუსტად ასე. ამ პერიოდში ჩემი ძველი ბინა მახსენდება, სადაც დავიბადე. ოთახში სითბო, ტელევიზორი ჩართული და ნაძვისხე გაწყობილი.

      Delete
  3. თინი რა საოცარი ადამიანი ხარ <3 იმედია იმ გოგოს ყველაფერი კარაგდ ექნება.
    ,,ახალი დროის მოთხოვნები " თინი ზოგჯერ ისე მგონია, ვერ ავუწყვე ფეხი, ჩამოვრჩი , გამასწრო ...

    რა კარგად თქვი, წუთებს შორის, რომ კიდევ რაღაც ხდება და მერე დაგყვება ეს განცდები, ხანაც გაგაღმებს ხან გასევდიანებს.

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ასეთი ფიქრები როცა მაქვს, მახსენდება, რომ რამდენიმე წლის წინ ასეთი ტიპის სამუშაო ადგილები საერთოდ არ არსებობდა და ვწყნარდები :)

      ყველაფერს, რასაც ეს დროება გვკარნახობს, არ უნდა ავყვეთ :)

      :* :*

      Delete
  4. ერთმა აბზაცმა ემილ ზოლას "ქალთა ბედნიერება" გამახსენა, მარწუხებში მოქცეული გამყიდველები, კონკურენციის სასტიკი წესები, გულგრილი ადამიანები... იმაზე ათასჯერ სასტიკია დღევანდელი ყოფა, არაფერს არ გვიტოვებენ პირადი სივრცის არსებობისთვის, ყოველდღე მუშაობა, კვირა დღის დამადლება და მუშაობა ყოველგვარი დაფასების გარეშე... იქნებ მართლაც გტკივა იქნებ მართლაც გცივა ან გშია... ვინმეს არ აინტერესებს...

    ამნაირ ყოფაში მეც მხოლოდ ის განცდები მაძლებნებს და მახნევებს მეორედ რომ არასოდეს განმეორდება, წუთებს შორის წამად ჩატეული ძალიან "შენი", ძალიან პირადი განცდები...

    ReplyDelete
    Replies
    1. ვერიკო, რა კარგი პარალელია! ზუსტად ეგაა. მის მერე ტექნოლოგიები განვითარდა, მაგრამ ადამიანის მდგომარეობა არ შეცვლილა, უფრო თუ დამძიმდა...

      <3 <3

      Delete
  5. ამ ჩვიდმეტ წამში, შენი სული და სუნთქვა რომ მოყვება, მთავარი ამბავი ხდება ადამიანებისთვის :) ერთიდან მეორე მონათხრობში რომ დაგყვება.. პატარა ნათება, მანათობელი ბურთი გადაკვეთს კამერას :) ეს ათინათია ბებოების სახლებს რომ ავსებდა და შენ თინა პეშვით, ასე დაგაქვს ყველგან რომ ხილული სასწაულით გაგვახარო!

    ReplyDelete
    Replies
    1. ელენე, რა ზუსტად ასრულებ აზრს. მეც მაგ ვიდეოში სულ იმ წითელ ბურთს ვუყურებ :)

      Delete