Sunday, May 31, 2015

უსახელო ვარსკვლავი

ამ ცნობილ ფრაზას ხშირად ვიმეორებდი: „ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ, ხანდახან არც ვიცით ხოლმე“. ჩვენ საკუთარი ვარსკვლავიც გვაქვს, უსახელო. აღმოვაჩენთ და ვიცით, რომ იქ არის, თავისთვის, არცერთ ხელსაწყოში არ ჩანს. თავისი ორბიტიდან არასდროს უხვევს, თუმცა, ერთხელ შეიძლება სტუმრად მოვიდეს ჩვენს ქალაქში, მხოლოდ ერთი ღამით.

ჩემი ქალაქი ასეთია: მაისის, ჩრდილების, ეზოებიანი სახლების და იმ სახლების ღობეებიდან გადმოსული ვარდების. გასულ თვეში ხშირად ვფიქრობდი ამ ქალაქზე. საღამოს რომ ქუჩაში გაივლი და საკუთარი ფეხის ხმა გესმის. იმ ფილმმა, ზემოთ რომ ვახსენე, ძალიან მომაგონა, ბევრი რამით, პირველივე კადრიდან. ჩემს ქალაქშიც ცხოვრობს კომპოზიტორი, რომელსაც სიმფონია აქვს დაწერილი, ოღონდ არც ორკესტრი ჰყავს და მთავარი ინსტრუმენტიც აკლია. ამ სიმფონიის თემა ახლაც ჩამესმის და ძალიან უხდება ამ ქალაქის სიჩუმეს. როგორიც ჩემს წარმოსახვასა და ფოტოგრაფიულ მეხსიერებაშია, ისეთი იმ პოეტმა შექმნა, გასული საუკუნის დასაწყისში სახლში წერილებს რომ აგზავნიდა, გაზეთში ჩემი პირველი ლექსი დაბეჭდესო. მერე კი, წლების მერე, წერილებს უკლო და სახლიდან საყვედურებს სწერდნენ. სულ მისი სახეები და ფერები მაქვს გონებაში გამჯდარი. 

როცა მჭირდება და ხანდახან თავისთავად, მივდივარ ხოლმე ფიქრებით და ამ მუსიკით (აქაც ვარსკვლავებია), მაისის გოგო მაისის ქალაქში. ჩრდილებიან, ჩრდილებიან ქუჩებში. 

გოგოები თავიანთ ეზოებში კითხულობენ წიგნებს. სავახშმოდ რომ დაუძახებენ, წიგნში სანიშნედ ვარდს ჩადებენ. 

მამაჩემი ბოლო კლასშია,  მაღალი და ძალიან გამხდარია და სულ უკანა მერხთან ზის. მერე სოხუმში ისწავლის. ისევ გამხდარი იქნება და ვიწრო შარვლები ეცმება. 

ძველ ოჯახებში როიალი უდგათ დიდ ოთახში. როიალზე - ნოტები და ძველებური შანდალი. 

დეკემბერი ისეთი თბილია, პალტოებიც კი არ აცვიათ. 

ერთი ცნობილი პოეტური ორდენის წევრი (და ჩემი მოგვარე) ბედნიერია იმით, რომ ქალაქგარეთ სეირნობისას მეგობარ პოეტებს თავისი ახალი თარგმანი წაუკითხა და მათ ძალიან მოეწონათ. თბილი დეკემბრის იმ საღამოს საიდანღაც ქარი ამოვარდება და ფიფქებს მოაფენს. დიდხანს დგას ფანჯარასთან, მერე თავის ძაღლს დერეფნიდან შემოიყვანს, თბილად დაუგებს და თავის საწოლთან დააწვენს. 

ტელევიზიით გადმოსცემენ: ჩემი მეგობარი თამუნია ოფელიას მონოლოგს კითხულობს ინგლისურად. 

მარიკას ხისიატაკიან და წიგნებიან ოთახში შევდივარ. დაწოლილი ჯორჯ მაიკლის სიმღერას უსმენს. რაღაცას დარდობს, ჩემს მისვლას ვერ იგებს.

ერთი ბიჭი ფირფიტას ყიდულობს, ამ ფირფიტის გარეკანზე მუსიკოსი ცაზე აბიჯებს, მისი ნაბიჯების ადგილას ვარსკვლავები (ისევ!) ჩნდება. შიდა ფურცელზე იმ დღეს ინიშნავს, რიცხვს და კიდევ, როგორი ამინდია. წლებიც მერეც იტყვის, რომ ის ყველაზე კარგი და ჯადოსნური გარეკანია. 

მარწყვს ხენდრო ჰქვია.

საქალაქთაშორისო ზარით რომ ძალიან ახლობელი რეკავს, მისი მონატრება უაზრობებს გალაპარაკებინებს და ყურმილს სასწრაფოდ გადასცემ სხვას. 

ლაშას ფოტოები. შაბათ-კვირის სეირნობებიდან.


ეს წერილი დედამ იპოვა, როცა კარადას ალაგებდა. მინდა, აქ შევინახო. არ მახსოვს, მე რა მივწერე, რუსი ფოსტალიონი კი კარგად მახსოვს, ია ვამ ნორჩი პრინესლა, ასე იტყოდა.



ზაფხული მოდის. წიგნის ბაზრობაზე ბევრი ახალი თარგმანი ვიყიდეთ და ეს დღეები თავით ვარ გადავარდნილი. ისეთივე აღტაცებით და წყურვილით ვკითხულობ, როგორც ყმაწვილობაში, როცა სწავლა ახალი დამთავრებული იყო. აივანზე გავდიოდი, სივრცეებზე მინდოდა მეფიქრა, ფეხებზე მციოდა და მზეზე ვითბობდი. მეზობლების აივნებზე სარეცხი ირხეოდა. ბავშვები დარბოდნენ, კიოდნენ და ველოსიპედის გულისთვის ჩხუბობდნენ.  

კარგია ახალი ინსპირაციის მოლოდინი. და ახალი ხეტიალების. 

გაზაფხულის ხეტიალებიდან:
ნანუკამ იცოდა, იცოდა.

ვითომ დიდი ქალი ვიყო და ცხოვრებანანახი.


საღვინედ ჯერ ადრეაო.

18 comments:

  1. Tin, ragacnairad cremlebi momadga...ratom momadga? ar vici :-) albat bevri mizezis gamo...sheni postebi xom emociebis koriantels icvevs mudam...tan tu fotoebic zed emateba, uh! ulamazesi xar, shinaganma sxivebma ki chemamdec moagcia ;-) gkocni, Nanuka

    ReplyDelete
  2. შეიძლება ახსოვდეს ადამიანს, მაგრამ ასე ვერ წერდეს – მოკლედ და საოცრად ცხადად, თითქოს ჩემი თვალით ვნახე, მე თვითონ მოვისმინე...
    ფოტოები არაჩვეულებრივია! და სიყვარულით გადაღებული. ძალიან ლამაზი ხარ <3
    "ნორჩი ლენინელის" პასუხი რა მაგარია:დ მგონი მეც მაქვს რაღაც წერილი მიწერილი, მაგრამ ცალმხრივი იყო:))

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთი!!!! მადლობა, შენი აზრი ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
      :)) საერთოდ არ მახსოვს, რა მივწერე. :))

      Delete
  3. რა კარგი პოსტი იყო.
    Coldplay_ის ეს სიმღერა როგორ ზუსტად მოუხდა. ასე მეგონა, მეც იქ ვიყავი და კადრ-კადრ ვნახულობდი ყველაფერს. რამდენი სითბო დევს ამ ყველაფერში <3

    ReplyDelete
  4. mn - June 1, 2015.



    ის მიყვარს და იმას ვეთაყვანები,რაც ამას გაწერინებს.

    ReplyDelete
  5. თინი , ჩემი ბავშობიდან გამახსენდა რუსი ფოსტალიონი , მაღალი სუსტი კაცი, შუახანს გადაცილებული , გრძელი პლაშით , იქნებ სწორედ ის არიგებდა შენს ქუჩაშიც წერილებს და გაზეთებს . ,, კომუნისტის" დასტას ტოვებდა ხოლმე ჩვენს შემოსასვლელში და მერე მოაკითხავდა რომ დარიგება გაეგძელებია.
    იცი ვფიქრობდი კიდეც ამაზე , მომენატრა შენი ნაწერები და ვიცოდი, რომ შენ შენი ქალაქი , რომელსაც მაისის ქალაქს უწოდებ სულ შენთანაა , ფიქრებში , მოგონებებში , იმ ბავშვობაში , რომელიც არ დაგიტოვებია. ალბათ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში რომ იყო, საუკეთესო სწორედ ეს განცდაა, რომელსაც მერე, ასე კარგად, გადმოსცემ სიტყვებში.

    ReplyDelete
    Replies
    1. ძვირფასო! რა კარგია, რომ ყველაფერი გულთან მიგაქვს, რასაც აქ კითხულობ და შენთვის ახლობელ განცდებსაც პოულობ. მადლობა ამისთვის! :*
      ჩვენთან ქალი იყო ფოსტალიონი, წითელი თმა ჰქონდა. კომუნისტს როგორ მსხვილად ეწერა სათაური, ახლა დამიდგა თვალწინ. :)

      Delete
  6. ემოციები რამოდენა ემოციები....

    ReplyDelete
  7. ისე კი სულ მაკვირვებს როგორ იტევს ადამიანი ამდენ ემოციებს, მაგრამ სულ მეფიქრება ხოლმე მხოლოდ სუნთქვა კი არ აცოცხლებს ადამიან არამედ ამ სუნთქვას ამოყოლილი ემოციები...

    ReplyDelete
    Replies
    1. კი მეც მიკვირს რა დროს რა გვახსენდება :)
      :*

      Delete
  8. რა კარგი ხარ თინა... ვერთიანდებით საყვარელი ქალაქის, საყრდენი წერტილის, სიმყუდროვის, ბედნიერი სივრცის არსებობის განცდით. მმმ,.. შენი სურნელოვანი, ღუნღულა ბლოგები...როგორი მადლობელი ვარ და ირგვლივ ყველა, ასევე.

    ReplyDelete