Monday, February 17, 2014

ირენის ჰარმონია თიხაში

ვინ არის ირენი?

ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი. საოცარი ადამიანების, ქალბატონ მარინას და ბატონ ნოდარის შვილი. ჩვენი ბავშვობის მულტფილმებში რომ იყო კეთილშობილი, ინტელექტუალური ოჯახები: მაღალი და სათვალიანი მამა, ალერსიანი, თხელფეხება დედა და შთაგონებული ბავშვები, ზუსტად ისეთ ოჯახში გაიზარდა. ცოდნა და სიკეთე - ეს ღირებულებები ძალდაუტანებლად გადასცეს სამივე შვილს. გვიან შემოდგომაზე მის დაბადების დღეზე მივდიოდით. უთბილესად გვიღებდნენ, მერე ირენის მამა სახლებში გვარიგებდა.

გარეგნობით ძალიან ჰყავს თავის პოლონელ ბებიას - დარიას, რომელიც ბაბუამ ომში გაიცნო. წარმომიდგენია, ზუსტად ირენივით მშვიდი, მორიდებული და ჭკვიანი იქნებოდა. ერთხელ ბეწვის ხიდზე გავლა შეშინებია: ხიდი თანთალებსო.

ირენი
სკოლა, ჰუმორი

ძალიან კარგი მოსწავლე იყო, თუმცა, თავისი მიღწევებით არასდროს ტრაბახობდა. გაკვეთილებზე სულ მზად იყო, ოღონდ არ ყვიროდა, მე გამიძახეთო. (იხ. ზემოთ ოჯახის შესახებ) ხელოვნება უყვარდა და ძალიან კარგად ხატავდა. ხშირად გვიხატავდა კომიქსებს: მოგონილ საქმროებს კოლორიტული გარეგნობით და ლექსიკით. როცა თინეიჯერები ვიყავით და საკუთარი გარეგნობით დავინტერესდით, ჩვენს პორტრეტებსაც ხატავდა სახელდახელოდ.

რამდენიმე მაღალი გოგო სულ უკანა მერხებთან ვისხედით. იმ გაკვეთილზე რაღაცებზე ვიცინოდით, ირენი თავდახრილი გეოგრაფიას იმეორებდა. უცებ, თავი აწია და შეწუხებულმა იკითხა: "ბავშვებო, მეზოზოურ ერაში რა მოხდა?" 

ერთხელ რომანის წერა წამოიწყო: ზურიკელა ვაშალომიძის შთაგონებით თავის მთავარ გმირს გოგაია მამალაძე დაარქვა. ეპიზოდებს შესვენებებზე გვიკითხავდა ხოლმე.

სექტემბერში ტრადიციულად გვაყოლებდნენ არდადეგების ამბავს. ირენმა ყველაფერი გვიამბო, მშვიდად და დალაგებულად, ოღონდ არ ამბობდა, სად დაისვენა. ამ გაურკვეველმა მოლოდინმა ყველა გაგვამხიარულა. მასწავლებელი ჩააცივდა, რა მოხდა, გვითხარი, რომელ კურორტზე ისვენებდიო. ბოლოს, სიცილი რომ ცრემლებში გადავიდა, ირენმა მორიდებულად გვითხრა, კვერეთშიო.

ხელოვნება

ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. ახლა მეუღლე და ორი ანგელოზი შვილი ჰყავს, ლაშა და თინათინი. მისი მშობლების მსგავსად, თვითონაც ცოდნისკენ მიმართულ და მოაზროვნე ბავშვებს ზრდის, დედობას თავისი სიდინჯით და შემოქმედებით უდგება. მისი ნიჭი არათუ დაიკარგა, დედობის დაკავებულ პერიოდში გაათმაგდა და გამოასხივა. ლაშა შემოქმედებით უნარებში დაიმგვანა. მისთვის პოლიმერულ თიხას ყიდულობდა საძერწად (პლასტილინი ლაშასთვის უკვე გუშინდელი დღეა), ერთ დღეს თვითონაც გააკეთა რამდენიმე ფიგურა... დღეს ჩვენს წინაშე მთელი მისი ჰარმონიული, თბილი, მზიანი და ჭკვიანი სამყაროა გადაშლილი: უბრალო ადამიანური სიამეები (ყავა, ღვინო, ჩაი და ჭუკჭუკი, ჩანთა და პომადა), წიგნები, ბავშვების გატაცებები (თეთრი ღრუბელი, ჭყიტინა მზე, ჩიტები, გემის კაპიტნობა) და ყველაზე ამოუწურავი და მიმზიდველი გოგოური რამეები: სარკე, წვიმა, ლექსების წიგნი, სახლის ტელეფონი, სიზმრები, ყვავილები, ფუმფულა ფისო, მოგზაურობა ზღვით, პონი, ცისფერკაბიანი ანგელოზები... 

თუმცა, ამდენი მოყოლა რად გინდათ, ირენის სამკაულები და სუვენირები თავად დაათვალიერეთ და დატკბით. ნაკეთობებთან ერთად, შერჩეული სათაურებითაც მიხვდებით, როგორი ადამიანია და გულის სიღრმიდან ჩვენამდე რა მოაქვს ... 

ეს ბოლო ნიმუშები. ოთხმოციანების სტილის საყურეები. მოდელები: მარია, თეიკო და მუე. 


ბეჭედი "გოგო, რომელიც სულ ოცნებობს"

ყელსაბამი მომღიმარი ღრუბელი

 ბეჭედი და საყურეები საკურას თემაზე
ყელსაბამები





8 comments:

  1. აუ, რა კარგი რამეებია! გადავათვალიერებ აუცილებლად :)

    ReplyDelete
    Replies
    1. შეძენაც შეგიძლია :) მიხარია, რომ მოგეწონა.

      Delete
  2. agprtovanebuli var am samkaulebit, aucileblad shevidzen me piradad. gansakutrebit mikvars xeltnaketi nivtebi tu samkaulebi, ase mgonia shemkmneli tavis nacils debs matshi da ra bednierebaa, rodesac am nacilshi sakutar tavsac ipovis sxva, am shemtxvevashi mkidveli, vistvisac samkauli mzaddeba. irens carmatebebi! Nanuka

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგად თქვი, ნანუკა! მეც სწორედ ამიტომ მიზიდავს ასე ძალიან!

      Delete
  3. ულამაზესებია და თვითონ ირენიც არაჩვეულებრივია, თქვენ მადლობა ეს პოსტი რომ ვნახე, დავუკავშირდი და მეგობრისთვის უსაყვარლესი საჩუქარი დავამზადებინე <3 https://www.facebook.com/irendesign.handmade/photos/a.249074515256444.1073741845.201855246645038/268093153354580/?type=1&theater

    ReplyDelete
    Replies
    1. Tamta, rogor gamikharda!!!! gilocavt, martla ulamazesi sachuqaria. vgijdebi aset fisoebze :) felix the cat amitomac mikvars! <3

      Delete
  4. მე მაქვს წიგნი-კულონი, რომელიც ძალიან მიყვარს.

    ReplyDelete