Wednesday, July 17, 2013

ეკას სილამაზე



მე და ეკა სხვადასხვა ჯგუფში, ერთ კურსზე ვიყავით. სოხუმელი რომ იყო, თავიდან იმან დაგვაახლოვა. გადაბმული მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მაინც დატოვა კვალი. ნანას დიღმის სახლში ვიხსენებდით და მომინდა, მასზე დამეწერა. 

რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დიდი ხანი ებრძოდა ლეიკემიას და გვეგონა, საბოლოოდ დასძლია. თბილისში ცხოვრობდა, ქმართან და პატარა გოგონასთან ერთად.

გამართული სიარული იცოდა, ქერა, სწორი და ერთ სიგრძეზე შეჭრილი თმა ჰქონდა, მხრებს უფარავდა. სულ გაშლილს ატარებდა. არ მახსოვს, ოდნავ მოშვებული, ან შედარებით ნეიტრალურ სტილში ჩაცმული გამოსულიყოს გარეთ. დედასთან ერთად რომ სასეირნოდ გამოვიდოდა, ერთ რამედ ღირდა მისი ცქერა. მინდოდა, მეთვალიერებინა. აუჩქარებლად, როგორც ჟურნალის ყდაზე აკვირდები თითოეულ დეტალს: საყურეს, თვალის ლაინერის მოხაზულობას, თმის ფერს, ტანსაცმლის თარგს... თავის დაჭერაც შესანიშნავი იცოდა: არც ზედმეტად ამაყი, არც სულ გაკრეჭილი. ნამდვილი ქალბატონი იყო. დედამისი მეუბნებოდა, პატარა რომ იყო, იქეთ გვასწავლიდა მანერებსო. თურმე, ერთხელ სტუმრისთვის სუფრასთან შენიშვნა მიუცია: ეტო ნე კულტურნო-ო. 

უნივერსიტეტში სულ ფორმაში იყო, მაგრამ არც ისე, სტუდენტისთვის შეუფერებლად. სწავლასთან ერთად მუშაობდა, დამოუკიდებელი ტიპი იყო. მაღალი არ იყო, მაგრამ შესვენებაზე ეზოში რომ იდგა, შორიდანვე შეამჩნევდი. დიდი თვალები ჰქონდა და ხმამაღლა, მიმზიდველად იცინოდა. თავისი ცხვირის წვერი არ მოსწონდა, ოდნავ გაბუშტული მაქვსო. ოპერაცია გაიკეთა. დიდად არ გაუხმაურებია, მე კი მითხრა. სანახავად რომ მივედი, ნაოპერაციევიც კოხტად გამოწყობილი იყო სახლში. მოგრძო ფორმის ფრჩხილები ჰქონდა, სულ ლამაზად გაკეთებული და შეღებილი. მერე დამირეკა და მითხრა, დედაჩემს მოეწონე, დაგაკვირდა, რომ მოვლილი ფრჩხილები გქონდა და იმიტომო.

აფხაზეთის ხალხისთვის დამახასიათებელი მომეგრულო აქცენტი ჰქონდა, რომელზეც ახლაც ვგიჟდები და მშობლიური მგონია. როცა რამე ამბავს ჰყვებოდა, ასე დაიწყებდა: "ვაიმე, თიკუნააა!" მოწონებას ასე გამოხატავდა: "ეტა უჟე ვეშჩ!" მისი სილამაზის რჩევების სულ მჯეროდა. ერთხელ მასწავლა, თუ გინდა, სახეზე გამოსული მუწუკი მალე გაგიქრეს, საპონი წაისვი და გაიჩერე, უცებ მოხმება და დილით აღარ გექნებაო. მე კარგად, გულუხვად წავისვი საპონი გამოყრილ ადგილებზე. მაშინდელმა თურქულმა საპონმა ალერგია მომცა და დილით აწითლებული მივედი ლექციებზე. ეკას შეეშინდა, რა გჭირსო. მერე ბევრი ვიცინეთ ამ ამბავზე.

ახალი გარდაცვლილი რომ იყო, ხშირად შევდიოდი მის კლასნიკების გვერდზე, რომ ფოტოებზე მომღიმარი მენახა. მეგობრები უწერდნენ, ეკა, რა ცუდია, რომ წახვედი, გული გვატკინე და გვენატრებიო. რა უცნაური რამეა, ჩვენი დროის ახირება... 

ეკა ყოველ დილით მახსენდება, როცა მაკიაჟს ვიკეთებ. ტუშს ზუსტად ისე ვისვამ, როგორც მან მასწავლა: ერთხელ წაისვი, გაშრობა აცადე, მერე მეორედ გადაისვი და წამწამები უფრო გრძელი გამოგიჩნდებაო. 

სულ არ ყოფილა სილამაზე წარმავალი.


2 comments:

  1. ისეთი ისტორიაა, ვიცი, ბევრს უბრალო რამეს დაწერის ერიდება ან არ იცის, რა დაწეროს, იმდენად ემოციურია.

    კიდევ იცი რა არის ამ პოსტში, თიკო, ჩემთან რომ დაწერე გესტპოსტი, ზუსტად ისეთი შეგრძნება დამრჩა – შენი ჯაზის ქალებივით, არც ისე ადვილი ცხოვრება რომ ჰქონდათ, მაგრამ ბედნიერები იყვნენ ნებისმიერი გამოცდილებით. ასე მგონია, შენი მეგობარი ეკაც ასეთი უნდა ყოფილიყო.

    ReplyDelete
  2. კი, სოფი, მართლა ასეთი იყო... ესეც უნარია, თავი ბედნიერად იგრძნო. ამიტომაც მიყვარს აფხაზეთის ხალხი. სრული ანტიპოდები არიან ისეთი ტიპაჟების, სულ რომ წუწუნებენ და დეპრესიისკენ არიან მიდრეკილი.

    ReplyDelete